გია ხუხაშვილი – “მიშას ჩამოსვლა შეიძლება კარგიც იყოს – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!”

გია ხუხაშვილი - "მიშას ჩამოსვლა შეიძლება კარგიც იყოს - სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!"რატომ აღარ ეშინია ხალხს ნაციონალების დაბრუნების, რამ განაპირობა “ოცნების” წარუმატებლობა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რატომ არ არის სასურველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
– საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა უფრო მშვიდად შეიძლება შეფასებების გაკეთება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის შედეგი, რომელიც დადგა?
– “ოცნების” წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ეს იყო ამპარტავნება, სიბრიყვე და გარყვნილება.
ამპარტავნებაში ვგულისხმობ კაბინეტებში დაუმსახურებლად მოკალათებული ადამიანების ქედმაღლობას, რომლებმაც რატომღაც ჩათვალეს, რომ ჭეშმარიტებას ფლობდნენ და რაც არ უნდა ექნათ, ყველაფერი გაუვიდოდათ.
სიბრიყვეში იმ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, რომელთაც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში ღებულობდა. ყველა ეს გადაწყვეტილება იყო საზოგადოების გამაღიზიანებელი და იმ პრობლემების მიმართ არაადექვატური, რაც დღეს ქვეყანაშია.
გარყვნილებას როცა ვამბობ, იმ სისტემური პრობლემების სიმპტომებს ვგულისხმობ, რაც ფარული ჩანაწერებით გამოვლინდა.
ეს სამი კომპონენტი “ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ძალის, აფეთქების ტოლფასი იყო.
ამას დაემატა თავად ტექნოლოგიური პრობლემები, როდესაც ისინი მთლიანად ნეგატიურ ნარატივში იყვნენ და არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ ჰქონდათ. გადაწყვიტეს, მთელი კამპანია მოწინააღმდეგის კომპრომეტირებაზე აეგოთ. მათ ითამაშეს ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებით.
“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მოედანზე იყო გადასული სათამაშოდ და მისი თამაშის წესებით თამაშობდა. კალათბურთელმა რომ გადაწყვიტოს, მოჭიდავეს ჭიდაობის წესებით ეჭიდავოს. შედეგი გასაგებია, რაც იქნება. “ოცნებასაც” ასე მოუვიდა.
აი, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ასეთი შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არჩევნებმა ლეგიტიმაცია დაკარგა.
– არჩევნებმა ლეგიტიმაცია რატომ დაკარგა?
– იმიტომ დაკარგა, რომ არჩევნებზე გადამწყვეტი სიტყვა თქვა არა იმ ამომრჩეველმა. რომელიც ვიღაცას აძლევდა ხმას, არამედ იმ ამომრჩეველმა, რომელიც ვიღაცის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.
ეს ყველაფერი ნეგატიური ნარატივიდან გამომდინარე მოხდა. სალომე ზურაბიშვილს ისინი კი არ აძლევდნენ ხმას, ვისაც ის მოსწონდა, არამედ ისინი, ვისაც ეზიზღებოდა გრიგოლ ვაშაძე. შესაბამისად, ვაშაძეს იმ ხალხმა დაუჭირა მხარი, ვისაც ეზიზღებოდა ზურაბიშვილი.
ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ რომელიმე პარტიის ამომრჩეველზე. ვსაუბრობ იმ ხალხზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთჯერადი კონტრაქტით მივიდა არჩევნებზე და ვიღაცის ზიზღით მეორე კანდიდატს მისცა ხმა. ამ კატეგორიის ამომრჩეველს არჩევნების მეორე დღეს ისევე არ ეყვარება თავისივე არჩეული კანდიდატი, როგორც არჩევნებამდე არ უყვარდა.
შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტად, ის ამ ანტიარჩევნების გამო ლეგიტიმაციას კარგავს – მას არ ჰყავს ნატურალური, ნაღდი მხარდამჭერი.
– “ქართული ოცნება” აქამდე ხალხს იმით აშინებდა, რომ მათ თუ არ მისცემენ ხმას, სააკაშვილი დაბრუნდება. ახლა ფირფიტა შეცვალეს და “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გედი ფოფხაძემ განაცხადა, ვაშაძე თუ გახდა პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. თქვენი აზრით, არის სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე?
– რა უნდა გიპასუხოთ? ისევ ნეგატიურ ნარატივში და ისევ მგელი მოდის, მგელი მოდის ძახილში არიან. ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ ძახილი მგელი მოდის უკვე ათვისებულია. პირველი სერიის წინაც ბევრი იძახეს ეს ფრაზა და ვისაც მგლის ეშინოდა, მივიდა და მისცა ზურაბიშვილს ხმა.
მეორე ტურის წინ რამდენიც არ უნდა იყვირონ, მგელი მოდისო, დამატებით ვერავის ვერ შეაშინებენ.
“ქართულმა ოცნებამ” ის ხომ არ იცის, რა გააკეთოს, მაგრამ ისიც არ შეუძლია, რომ დასკვნები გამოიტანოს. იმასაც ვერ აცნობიერებენ, სად არიან სინამდვილეში. არადა თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს.
– გრიგოლ ვაშაძემ თქვა, თუ ამირჩევთ, მერაბიშვილს და ახალაიებს შევიწყალებო. ამის მერე მას ისევ დაუჭერს ის ხალხი მხარს, ვინც პირველ ტურში უჭერდა?
– ეს განცხადება არაფერს არ ნიშნავს. ამ განცხადების გამო რომ რამე მოხდება და შეიცვლება, ეს არის ილუზია. არაფერიც არ მოხდება და სწორედ ეგ არის პრობლემა.
დღეს ნაციონალური მოძრაობა არის მობილიზებული, მას გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს. მისი ამომრჩეველი ისევე მივა მეორე ტურში, როგორც პირველ ტურში მივიდა. ისინი მოსალოდნელი გამარჯვებით ტკბებიან. ასე რომ “ქართული ოცნებისთვის” დღეს არ არის კარგი რეალობა.
“ოცნება” იმ შემთხვევაში გამოვიდოდა ამ ჩიხიდან, თუ სისტემურ პრობლემებს სისტემურ პასუხს გასცემდა. მათ ხალხისთვის უნდა ეჩვენებინათ ნება, რომ ვინც დასასჯელია, ის დაისჯება, ხოლო ვინც ნორმალურია, იმას გზა გაეხსნება.
– სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხი აგვიანებს, მაგრამ ამბობენ, რომ ხალხის გულის მოსაგებად შეიძლება საკადრო ცვლილებები იყოს. ეს შეცვლის დღეს არსებულ სურათს?
– საკადრო ცვლილებები იქნება კოსმეტიკა – მიშას გაუშვებენ, გრიშას დანიშნავენ, ამით არაფერი არ შეიცვლება. ბევრად უფრო სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამ სერიოზულმა ნაბიჯებმა შეცვალოს რამე, იმდენად მძიმედ არის საქმე.
იმის ნაცვლად, რომ სისტემური პრობლემების გადაჭრაზე ეფიქრათ, წინასაარჩევნოდ რას ვისმენდით? ვისმენდით, რომ კარგი ბიჭები არიან და რაც არ უნდა კითხვები გაჩნდეს, მაინც მათ უნდა დავუჯეროთ. ამან ცეცხლი კი არ ჩააქრო, არამედ პირიქით – ცეცხლზე ნავთი დაასხა. ეჭვი მეპარება, რომ “ოცნებას” სიტუაციის შემოტრიალების რესურსი ჰქონდეს.
– “ოცნება” ვაშაძის მოგების შემთხვევაში სამოქალაქო ომს აანონსებს. თქვენი აზრით, რა მოხდება, თუ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი?
– ეს იქნება ძალიან სამწუხარო რეალობა. ამ შემთხვევაში ჩვენ პროცესების დაჩქარებას მივიღებთ. სიტუაცია დრამატული იქნება, მაგრამ არა – ტრაგიკული.
პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდება. ვაშაძის გაპრეზიდენტება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას ნიშნავს. მიშას თბილისის ქუჩებში გამოჩენა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.
მერაბიშვილსა და ახალაიას რაც შეეხება, მათ დიდ პოლიტიკოსებად არ მივიჩნევ და არა მგონია, მათი საკითხი ასეთი პრინციპული იყოს. მიშა სააკაშვილი თბილისის ქუჩებში კი ე.წ. “ბაევიკის” სცენარია.
დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ქართულ საზოგადოებას მარტო ბიძინასთან არ აქვს კითხვები, მას სააკაშვილთანაც გააჩნია პრეტენზიები. ეს არც სააკაშვილს უნდა დაავიწყდეს და არ უნდა ეგონოს, რომ მას აქ ვინმე გმირად მიიღებს.
– უცნაური ხალხი ვართ და არაა გამორიცხული, როგორც გმირი, მართლა ეგრე დაბრუნდეს. მართლა გმირად რომ მიიღონ, მერე რა ხდება?
– მე მაინც მგონია, რომ მიშას გმირად არ მიიღებენ, თუ მიიღებენ და მაშინ ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ. ჩემი აზრით, საქართველოში გმირების ეპოქა საერთოდ უნდა დავასრულოთ.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მიშას დაბრუნება მაინც საშიში ყოფილა.
– ეს უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული. სააკაშვილი თუ როგორც შეწყალებული მოქალაქე ისე დაბრუნდა, მაშინ ის იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე. მისი დაბრუნების შემდეგ “ოცნება” ძალაუფლებას არ კარგავს. ჰოდა თუ დაბრუნება მოხდა, მერე ვნახოთ, რა იზამენ “ოცნება”, მიშა და ქართული საზოგადოება.
– ქართულმა საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს?
– “ოცნებასაც” და მიშასაც თავისი ადგილი უნდა მოუძებნოს. მიშას ჩამოსვლა ავტომატურად არაფერს არ იწვევს, ის იქნება ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე.
– ჩვეულებრივი მოქალაქე კი იქნება, მაგრამ, როგორც თქვენ თავად თქვით, მიშა თბილისის ქუჩებში “ბაევიკის” სცენარია.
– კი ბატონო, “ბაევიკის” სცენარია და მეტი არაფერი. მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. არც მის და არც ვაშაძის ხელში არანაირი სამართლებრივი მექანიზმები არ არის. სახელმწიფო მართვის ძალის ცენტრი ისევ “ქართული ოცნების” ხელშია.
მიშას აქტივობით თუ მმართველი გუნდი ჩამოიშალა, ეს მათი პრობლემა იქნება. კონსტიტუციური წესრიგი თუ შენარჩუნდა, ეს უკვე მათ დამსახურებად ჩაითვლება. ასე რომ, პროცესებში გამოჩნდება, ვის რისი თავი აქვს.
როდესაც ორგანიზმი დაავადებულია და მისი მკურნალობის შანსი გინდა გაგიჩნდეს, პირველ რიგში, იწყებ დაავადების პროვოცირებას, რათა პროცესები დააჩქარო. ეს კეთდება იმისთვის, რომ შემდეგ ერთიანი დარტყმით განიკურნო.
დაახლოებით ამ მდგომარეობაშია დღეს ქართული სახელმწიფო. შეიძლება ჯობდეს კიდევაც, რომ მიშა ჩამოვიდეს – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ორივე მხარე გამოაჩენს თავის სახეს.
– ამ შემთხვევაში სახის ჩვენება ხალხსაც მოუწევს.
– რა თქმა უნდა, ხალხმა უნდა აჩვენოს, რა გვინდა და როგორ.
– გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. თქვენ ელოდებით ვადამდელ არჩევნებს?
– ახლა ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილი არ იქნება.
– რატომ არ იქნება მიზანშეწონილი?
– იმიტომ, რომ ორივე პოლიტიკური ცენტრი, “ოცნებაც” და ნაციონალური მოძრაობაც, არის ყავლგასული. ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კი დრო სჭირდება. დრო სჭირდება საქართველოსაც. კარგი იქნება, თუ არჩევნები 2020 წელს ჩატარდება. სამწუხაროდ, ყველაფერი ვადამდელისკენ მიდის.
– ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პარლამენტში მანდატებს ისევ ეს ორი ძალა გაინაწილებს?
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდა, ისევ ამ უბედურებაში დავრჩებით. უმჯობესია, საზოგადოებას მიეცეს დრო იმისთვის, რომ ალტერნატივები შექმნას.
– პოლიტიკურ ველზე თითქოს არავინ ჩანს. თქვენ ხედავთ ხალხს, ვისაც ახალი ძალის შექმნა შეუძლია?
– ვიღაცეებზე ვფიქრობ. ახალი ძალა შეიძლება შექმნან იმ ადამიანებმა, რომლებიც, ერთის მხრივ, ცნობადები არიან, მეორეს მხრივ, არ არიან კომპრომეტირებულები.
– კიდევ არიან ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში?
– ცოტა, მაგრამ არიან.
– თავად პოლიტიკაში მოსვლა არ გინდათ?
– მე და პოლიტიკა? არა. ეს რომ მდომნოდა, 2012 წელს მივიღებდი საკმაოდ მაღალ თანამდებობას. ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ხელს შევუწყობ, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, დამაზიანებელი ვიქნები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა