გიგა ბუკია – “სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს”

გიგა ბუკია - "სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს"საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას.
– ნაცმოძრაობის ფაქტობრივი ლიდერი, ექსპრეზიდენტი არ ცნობს არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. ის დაუმორჩილებლობასა და ქუჩის საპროტესტო აქციებს აანონსებს.
– მიხეილ სააკაშვილი, მართალია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერად ითვლება, მაგრამ ის არ არის საქართველოს მოქალაქე. ყოფილ პრეზიდენტს არანაირი უფლება არა აქვს, ჩაერიოს არჩევნებში. სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს. მას არანაირი დესტაბილიზაცია არ გამოუვა. ამ მუქარით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები მისთვის მიზანი არ არის და მას არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს.
– გაერთიანებული ოპოზიცია და გრიგოლ ვაშაძე რისთვის ირჯებოდნენ?
– პირადად სააკაშვილისთვის არჩევნებიცა და სხვა მოვლენებიც არის დესტაბილიზაციის მოწყობის საბაბი. არეულობა იმისთვის სჭირდება, რომ ისარგებლოს მომენტით და ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ მიიღო ამ არჩევნებმა ასეთი ფორმა. არჩევნები გადაიქცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად.
– ცემა-ტყეპა მეორე ტურში პირველ ტურთან შედარებით მეტი იყო. ზოგადად, დამკვირვებლების შეფასებით, მეორე ტური უფრო დაძაბული გამოდგა.
– ცემა-ტყეპის მხოლოდ ცალკეული იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. შსს ყველა ინციდენტს იძიებს. მთავარი ისაა, რომ ეს არ ყოფილა წახალისებული ხელისუფლების მიერ. ზოგიერთი ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოხდა და ის არჩევნებს უსამართლოდ მიაწერეს. სამხრეთელი ხალხი ვართ, სიფიცხე გვახასიათებს. ჩხუბი ქორწილებშიც ხდება, დაბადების დღეებზეც და ხანდახან – საარჩევნო უბანთანაც.
სამარცხვინო და უზნეო იყო ნაცმოძრაობის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია. ნაციონალები ყველაფერს კადრულობდნენ და ყველანაირად ლაფში სვრიდნენ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ზურაბიშვილი და მისი მომხრეები ამას ცივილიზებულ დამოკიდებულებას უპირისპირებდნენ. იმედი მაქვს, რომ არჩევნები მომავალში ზეიმი იქნება და ასეთ სახეს აღარ მიიღებს.
– აღნიშნეთ, რომ სააკაშვილს დესტაბილიზაცია არ გამოუვა. გამორიცხულია, რომ მან შეწყვიტოს პოლიტიკაში ჩარევა.
– სააკაშვილს საქართველოში ჰყავს მომხრეები, მაგრამ ის, ჯერ ერთი, არ არის საქართველოს მოქალაქე. მეორეც, სასამართლომ მას გარკვეული დანაშაულების გამო მსჯავრი დაადო. მისი სხვა საქმეების გამოძიება გრძელდება. რაც უნდა აგრესიული და ხმამაღალი განცხადებები აკეთოს უცხოეთიდან, საბოლოოდ, პირში ჩალაგამოვლებული დარჩება.
ქვეყანაში არეულობა არავის გამოუვა. ამის მცდელობაზე სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო და მკაცრი პასუხი ექნებათ. ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის გარშემო შეიკრა, სააკაშვილს გაემიჯნება. ამ პოლიტიკოსებს, ალბათ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უნდათ და თუ ისინი სააკაშვილის ჭკუაზე ივლიან, ამას ვერ შეძლებენ.
– 28 ნოემბერს ჟურნალისტები რიგით ამომრჩევლებს ვესაუბრეთ. ისინიც კი, ვინც ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა, ძალიან უკმაყოფილონი არიან “ქართული ოცნებით”. ფაქტობრივად, მათი მხრიდან ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერა. როგორ მოაბრუნებს ხელისუფლება თავისკენ ამ ხალხს?
– ხშირად ხალხი სამართლიან გულისწყრომას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ. პირადად მეც ვგრძნობ პასუხიმგებლობას იმის გამო, რომ საზოგადოებასთან არასაკმარისი კომუნიკაცია გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას ყველა წამოწყების შესახებ დროულად უნდა ვაცნობოთ.
– ხალხი არაინფორმირებულია?
– ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხისათვის სიკეთე მოაქვს, უცნობი რჩება. საზოგადოებას უნდა ვხვდებოდეთ და ვატყობინებდეთ, რა კეთდება. საჭიროა დროული რეაგირება მოსახლეობის მოთხოვნებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე.
არჩევნების პირველი ტურის დროს ხალხმა ხელისუფლებას გზავნილით მიმართა. ადამიანებმა გამოიყენეს თავიანთი არჩევანის უფლება იმისათვის, რომ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გამოეხატათ.
მინდა, ეს გამარჯვება საზოგადოებას მივულოცო. მეორე ტურის დროს იმავე ხალხმა ხელისუფლებას კიდევ მისცა შანსი. ბატონმა ბიძინამ საზოგადოებას უთხრა, რომ დაიწყება დაპირებების შესრულება. რეფორმები ბოლომდე იქნება მიყვანილი. ჩვენ, კონსერვატორები, მზად ვართ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა