გიორგი კეპულაძე – „ქართუ“ დავალიანების მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან მქონე პირების სესხებს გამოისყიდის”

გიორგი კეპულაძე - „ქართუ“ დავალიანების მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან მქონე პირების სესხებს გამოისყიდის"„საზოგადოება და ბანკები“-ს ხელმძღვანელი ვალების განულების პროექტის ფარგლებში დასახელებულ რიცხვებს ეჭვქვეშ აყენებს და ინიციატივას პოლიტიკური მოტივაციით ხსნის.

გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი არც 600.000 მოქალაქეს შეეხება და არც 1.5 მილიარდი ლარი დაჯდება.

მისი განცხადებით მოქალაქეების დასახელებული რაოდენობა – 600.000, აღებულია საბანკო ისტორიების ნეგატიური ჩანაწერების, ე.წ. შავი სიების საერთო მონაცემიდან, რომლიც არ მოიცავს მხოლოდ ერთი წლის დავალიანების მქონე პირებს.

„რიგ შემთხვევაში სიებში არიან ადამიანები, ვისაც 5 წელია დავალიანება აქვს. ან ისინი, ვისაც ვალი უკვე გადახდილი აქვს და მაინც შავ სიაში რჩება და ისინიც, ვისაც ისტორია თუნდაც გასული ორი, ან სამი თვის ვადაგადაცილების გამო გაუფუჭდა. რადგან გაცხადდა, რომ „ქართუ“ დავალიანების მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან მქონე პირების სესხებს გამოისყიდის, შეუძლებელია, ეს რაოდენობა მთლიან მონაცემს, ანუ 600 ათასს მოიცავდეს“- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ამასთან ის არსებული პრაქტიკიდან გამომინარე ეჭვქვეშ აყენებს პროექტის დასახელებულ ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარის მოცულობით.

კეპულაძის განმარტებით, ვადაგადაცილებული სესხების ამ მასშტაბის პორტფელის გამოსყიდვისას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შესახებ შეთანხმება ხდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია არა მხოლოდ ძირ თანხებზე, არამედ ჯარიმებისა და საურავების გამოსყიდვაზეც.

ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი საუბრობს რისკზეც, რომ სესხების განულების პროექტი, რომელსაც თავად საქველმოქმედო აქციას უწოდებს, სამომავლოდ დავალიანების მქონე პირებში გადახდის მოტივაციას შეამცირებს.

გიორგი კეპულაძის შეფასებით ინიციატივა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაჟღერდა, ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ ეფექტზეა გათვლილი.

პრაიმ ტაიმი