გიორგი ცაგარეიშვილი – “ნაციონალების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ”

გიორგი ცაგარეიშვილი - "ნაციონალების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ"მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს.
– არ ვიცი, მიიჩნევთ თუ არა თავს ძველი გვარდიის წევრად “ქართული ოცნების” წიაღიდან, პოლიტიკური და ნაციონალებთან ბრძოლის გამოცდილება კი დიდი გაქვთ. როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას?
– ჩემი სამშობლოს წიაღიდან წამოსულად და ქვეყნის გვარდიის წევრად მივიჩნევ თავს. პირველ რიგში, სამშობლოს მსახური და ჯარისკაცი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ – სხვა რომელიმე გაერთიანების წევრი. ვცდილობდი, ქვეყანას გამოვდგომოდი ყოველთვის, როცა მას უჭირდა.
– ახლა რთული ვითარებაა?
– საკმაოდ რთულია ვითარება. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეიქმნა იმის საშიშროება, რომ ხელისუფლებაში შეიძლება დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა. 7 ნოემბერს 11 წელიწადი შესრულდა იმ ავბედითი სისხლიანი 7 ნოემბრიდან, როცა სააკაშვილმა და ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ გადაუარეს თავის ხალხს. 7 ნოემბრის მოვლენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა.
ბუნებრივია, რომ მაშინდელი რეჟიმისგან დაზარალებული ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე იქ მოვიდა. იმისთვის, რომ ჩვენ ის 7 ნოემბერი აღარ გაგვითენდეს და სხვა საშინელება არ დაგვატყდეს თავს, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ამაში მეც შემაქვს ჩემი წვლილი. ის ავბედითი დღის ყველა წამი და წუთი მახსოვს. არც სხვა არაადამიანური მოქმედებები დამივიწყებია. ძალიან ბევრს გვახსოვს ის საშინელი წლები.
– ნაცმოძრაობა და მის გარშემო გაერთიანებული სხვა ძალები თავდაჯერებულად გამოიყურებიან და მომავლის გეგმებს სახავენ.
– ისინი ვერ გაიმარჯვებენ. პირველი ტური სულ რაღაც ერთპროცენტიანი სხვაობით დამთავრდა. ეს დამაფიქრებელია, მაგრამ ხდება ხალხის მობილიზება და გააქტიურება. აქტიური საზოგადოება რეგიონებში გადის. ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის სიმწარე თავის თავზე გამოსცადა და მეორე ტურში სახლში არ დარჩება.
– “ქართულმა ოცნებამაც” შეუწყო ხელი იმას, რაც ხდება?
– “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა შეცდომები. მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ შეცდომები იყო. წინა წლებშიც შეინიშნებოდა არასწორი მოქმედებები. ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდში, ხალხისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯები გადაიდგა. ამან ცუდად იმოქმედა მმართველ პარტიაზე, მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე.
“ქართული ოცნება” რაღაცაში შეცდა, მაგრამ მას არ ჩაუდენია დანაშაული. ასეთ დანაშაულს ყოველ ნაბიჯზე სჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
– ყველაზე ძალიან სად შეცდა “ქართული ოცნება”?
– ის მოწყდა ხალხს. “ქართულ ოცნებას” მოუწევს, გადახედოს თავის ადრინდელ მოქმედებებს. უმრავლესობაში ვიყავი თუ ოპოზიციაში, ყოველთვის ყველას ვუმეორებდი, რომ ხელისუფლებამ ხალხთან კავშირი არ უნდა გაწყვიტოს. არჩეულს მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთან. საუბედუროდ, ეს სენი ყველა ხელისუფლებას ახასიათებს. “ქართული ოცნება” გამონაკლისი არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა ხალხს სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი წელიწადი სთხოვა.
– ამაზე რისი თქმა შეიძლება?
– მთავარი მონდომებაა. ერთ წელიწადში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ნათქვამია, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო. შეცდომების აღიარებასაც გაბედულება უნდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სიმამაცე გამოიჩინა. ამას დღემდე ვერ აკეთებენ ნაცმოძრაობის ლიდერები.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა