გიორგი ვაშაძე – “ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს – არჩევნების გაყალბების მცდელობას ტექნოლოგიურ მექანიზმებს დავუპირისპირებთ”

გიორგი ვაშაძე - "ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს - არჩევნების გაყალბების მცდელობას ტექნოლოგიურ მექანიზმებს დავუპირისპირებთ"“ახალი თაობის” კითხვებს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას? დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს?
– მიზანმიმართულად მიდის ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი. არაფერი დაძაბული სიტუაცია არ არის. ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი მხოლოდ ტყუილია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ქართული ოცნება”, რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს.
არ გაუვათ! მათი განაჩენი გამოტანილია. ქვეყანა აუცილებლად დაიწყებს ახალ განვითარებას. დღეს რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის ან კალაძის სიტყვას? ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ეს დამთავრდება მეორე ტურში.
– ანუ სიტუაცია დაძაბული არ არის?
– თუ დაძაბულობაში იმას მივიჩნევთ, რომ არანაირი შანსი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს და ამიტომ ცდილობენ, პანიკა ატეხონ და ხელოვნური მექანიზმებით, გაყალბებით და დაშინებით რაღაც გააკეთონ, ერთადერთი ეს არის და მეტი არაფერი არ არის.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას აწყობს დღეს დაძაბულობა?
– დიახ, ასეა. სხვა გზა არა აქვს, ფაქტობრივად, დამარცხდა ამ არჩევნებში და მეორე ტურში რეიტინგების კვლევა ალბათ მათაც აქვთ. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს. დღეს სწორედ რომ მათ აწყობთ დესტაბილიზაციაზე საუბარი.
მე მახსოვს ყველა შს მინისტრის მწყობრში გაკეთებული განცხადებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. რა მივიღეთ? გამოვლინდა, რომ იყო ტყუილი. ესენი არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები. ამ ტყუილების უკვე აღარავის სჯერა. ეს ადამიანები სამოქალაქო ომით გვაშინებენ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის ვიწრო ბანდიტური ჯგუფი.
– ანუ ვერ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი?
– დამთავრებულია. სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს. გავიმარჯვებთ ჩვენ. მე მგონი, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, ისე გაიქცევიან დამარცხების შემდეგ, რომ უკან არ მოიხედავენ. ჩვეულებრივი მშიშარა მაიმუნები არიან, რომლებიც ტყუილის მეტს არაფერს ამბობენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს.
– ქუჩაში კარვებთან ერთად დუღილიც მატულობს. ეს ოპოზიციის ინტერესებში შედის?
– ეს ერთი და იგივე ზღაპრები და ერთი და იგივე აბსურდია ხელისუფლების მხრიდან. თემა ძალიან მარტივია, სამოქალაქო სექტორი მივიდა იქ და მათ დადგეს ეს კარვები. ყველას აქვს კარვის დადგმის უფლება და ვერ შეუზღუდავს ამას ვერანაირად ხელისუფლება, რაც უნდა ეცადოს. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და შიდა სახელმწიფოებრივი კანონების საწინააღმდეგოდ ისინი ცდილობენ ამის ხელშეშლას უკვე ორი თვეა.
– უშიშროების გააქტიურებაზე საუბრობდით რეგიონებში. ამ კუთხით რა ხდება?
– ძალიან ნიშანდობლივი იყო, როდესაც გოგაშვილი გამოიჭირეს აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში. სამეგრელოში გახარიაა, იმერეთში – გომელაური, ეს მათი სტანდარტია. მოკლედ, გადანაწილებული აქვთ რეგიონები და ფიქრობენ, რომ ამით რამეს გააკეთებენ.
– რისი მცდელობა მიდის, გაყალბების თუ მოსახლეობის დაშინების?
– დაშინება, გაყალბება, ყველა მექანიზმს იყენებენ. 50 ლარად პირადობებს ქირაობენ ხალხისგან, წარმოიდგინეთ, იმ დონეზე არიან მისული. თუმცა ამას უკვე არანაირი აზრი არა აქვს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ.
– ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ. ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება” აღმოჩნდნენ მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ და ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანია, რადგან ის 9 წელი ისევ გადაწონის.
– არანაირად არ დადგა “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის პირისპირ. პირისპირ არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე და მეორეს მხრივ სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი რომ მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის, ეს კარგად ჩანდა პირველ ტურშიც და ამას დავასრულებთ მეორე ტურში საბოლოოდ.
– სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ და რას იტყვით მის განცხადებაზე, რომ მას ყოფილი სამხედროები აშანტაჟებენ და მის ოჯახს ემუქრებიან?
– ეს რაღაც ხელოვნური განცხადებებია. უნდათ, რომ რაღაცით მაინც გამოჩნდეს ეს ქალი და რაღაც აბსურდზე საუბრობენ. არც სახელი და გვარი უთქვამთ, თუ ვინ არიან. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვითხოვთ ხოლმე გამოძიებას, გამოძიებას, რომელმაც, სამწუხაროდ, ფასი დაკარგა ამ ქვეყანაში.
– რამდენად მწიფდება სიტუაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
– ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და დანარჩენს შემდეგ ვნახავთ.
– აქვს ხელისუფლებას დღეს გაყალბების სერიოზული მექანიზმი?
– ცდილობს, რომ ჰქონდეს ეს მექანიზმები, მაგრამ ჩვენ კიდევ ახალ ტექნოლოგიურ მექანიზმებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ეს გაყალბების მცდელობები. ასე რომ, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება!.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა