გლდანის სტამბაში ხარვეზიანი ბიულეტენები იპოვეს

გლდანის სტამბაში ხარვეზიანი ბიულეტენები იპოვესიგეგმება თუ არა არჩევნების მასობრივი გაყალბება ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენებით – “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა” დიდი ოდენობით მსგავს ბიულეტენებს გლდანის სტამბაში მიაგნო. ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენები, რომელიც სპეციალურ თაროზეა მოთავსებული „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმაც გადაიღო.

სტამბის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს სტამბის ტექნიკური შეცდომაა და ეს ბიულეტენები არჩევნებამდე აუცილებლად განადგურდება.

”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ  ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენებს ერთი შეხედვით ხარვეზი არ ეტყობა და მისი არჩევნების დღეს გამოყენება თავისუფლად შეიძლება. კუპრავა არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ე.წ. დახარვეზებული ბიულეტენით მთავრობა მეორე ტურის გაყალბებას შეეცდება.

„ჯერ თავად სტამბის ადგილმდებარეობა, რომ ის არის ჯურღმულში და ადვილად მოსაძებნ ადგილზე არ არის, ეს უკვე თავისთავად ბადებდა კითხვის ნიშნებს. დღეს, მე სწორედ მონიტორინგის მიზნით, მოვედი, დავაკვირდი ბიულეტენების გაცემის პროცესს სხვადასხვა ოლქებზე და შემთხვევით აღმოვაჩინე კუთხეში ათეულობით, ათასობით ბიულეტენები, რომელიც ვიკითხე თუ რას ნიშნავდა და რატომ იდო ეს ბიულეტენები განცალკევებით იმ ბიულეტენებისგან, რომელიც უნდა გაეცა აღნიშნულ სტამბას ოლქებზე.

მე მითხრეს, რომ ეს ბიულეტენები არის დახარვეზებული და შესაბამისად, ექვემდებარება განადგურებას. თუმცა, ერთი შეხედვით, ბიულეტენს არავითარი ხარვეზი არ ეტყობა, მასზე არის აღნიშნული ორივე საარჩევნო სუბიექტი, მასზე არის მითითებული ბიულეტენის ნომერი და ა.შ. ყველა ის რეკვიზიტი, რაც სჭირდება ბიულეტენს, შესაბამისად, ბიულეტენი არის ჩვეულებრივი ბიულეტენი, რომლის გამოყენებაც არჩევნების დღეს შეიძლება,“ – განაცხადა  ზვიად კუპრავამ.

რუსთავი 2