გოჩა მირცხულავა – “ივანიშვილი მზადაა, ვაშაძის გაპრეზიდენტებას შეეგუოს”

გოჩა მირცხულავა - "ივანიშვილი მზადაა, ვაშაძის გაპრეზიდენტებას შეეგუოს"ვინ და რატომ ატყუებს ბიძინა ივანიშვილს, რას აპირებს ის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, რა საიდუმლო გეგმა აქვს “ოცნების” ლიდერების ნაწილს, ვისი თავები გაგორდება მეორე ტურის შემდეგ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– სრულიად უუფლებო პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლამ ძალიან მწვავე სახე მიიღო. ასეთი მნიშვნელოვანია ეს თანამდებობა, რომ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებები მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან?
– პირველი ტურის შემდეგ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ცვლილებებისთვის მზად არ არის. იმ პირობებში, როდესაც მმართველი პარტია “დამოუკიდებელი” კანდიდატის მხარდასაჭერად ემზადებოდა, მათ პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს.
ყველას გვახსოვს მათი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი არაფერს არ წარმოადგენს. ეს განცხადებები ეხებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. შემდეგ, როგორც დემოკრატიული მოცემულობა გაჟღერდა, რომ მხარს “დამოუკიდებელ” კანდიდატს დაუჭერდნენ.
ეს იმით ახსნეს, რომ ერთი ძალის ხელში არ მომხდარიყო ძალაუფლების სრული კონცენტრაცია. მე გაგახსენებთ რამდენიმე თვის წინ ივანიშვილის ნათქვამ ფრაზას – თუ ეს ასე არ გამოვა, მაშინ პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოს.
როცა ვამბობ, “ოცნება” დემოკრატიული ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა, ვგულისხმობ იმას, რომ მმართველ ძალას თავიდანვე გათვლილი უნდა ჰქონოდა, რომ ამ არჩევნებში მათი საპირწონე კანდიდატი ან ნაციონალური მოძრაობიდან იქნებოდა, ან “ევროპული საქართველოდან”.
ყოფილი ხელისუფლების წიაღიდან წამოსული კანდიდატები თუ ასეთი მიუღებლები ივნენ, ეს თავიდანვე უნდა გაეაზრებინათ და ის აპოკალიფსიც უნდა ეგრძნოთ, რა სურათსაც ახლა გვიხატავენ – ნაციონალების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ყველაფერი დამთავრდება.
დემოკრატიული პროცესებისთვის მზად რომ არ იყვნენ, ეს იქედანაც გამოჩნდა, რომ ამ 6 წლის განმავლობაში “ოცნება” პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ოპონირებდა. სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მმართველ პარტიას კარი არ გაუხსნია. მიდიოდა ამ ძალების დისკრედიტირება და მარგინალიზაცია.
– “ოცნება” ყოფილი ხელისუფლების მარგინალიზებასაც ცდილობდა.
– ცდილობდა, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ და “ევროპულმა საქართველომ” შეძლეს, რომ პოლიტიკურ ველზე მძლავრად ყოფილიყვნენ წარმოჩენილი.
რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ორივეს გაუჭირდება იყოს ერის გამაერთიანებელი. ქალბატონი ზურაბიშვილი მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს იმ მილიონი ამომრჩევლისგან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მის წინააღმდეგ გააკეთა არჩევანი.
ქართულმა საზოგადოებამ მომავალი პრეზიდენტისთვის არ დავიშურეთ არც ლაფი და არც ტალახი. ყველას დაგვავიწყდა, რომ ამ გალანძღულებიდან ერთ-ერთი ხვალ-ზეგ სახელმწიფოს სიმბოლო უნდა გახდეს.
მეორე ტურის წინ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ძალების მობილიზებას. მათ ავიწყდებათ ერთი რამ – ნებისმიერი ძალა ბოლოს იწვევს უკუძალას. სრულებით არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ძალა იფეთქებს. ეს რამდენიმე დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ძალა ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მობილიზებული იქნება. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს ბატონი ივანიშვილი თავის დაპირებებს ერთ წელიწადში.
აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ პიარკამპანიას, რომელსაც პარტიები ატარებენ. ეს პიარკამპანია ორივე მხრიდან იყო ძალიან რადიკალური. ამ წუთას რადიკალიზმი უფრო მეტად “ოცნების” მხარეს არის. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ გარკვეული კონსტრუქციულობის შენარჩუნებას.
სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ საქმიან ოპონირებას. “ოცნება” ხშირად უშვებს შეცდომებს და თავისავე ჩადებულ ნაღმებზე ფეთქდება. ოპოზიციაც უშვებს შეცდომებს, მაგრამ მათი შეცდომები წონიანი არ არის.
მეორე თვალშისაცემი მომენტი “ასავალ-დასავალის” პირველი გვერდის გადამღერებაა. ამაში მილიონების დახარჯვა მმართველი გუნდისთვის წყალში გადაყრილი ფულია. ეს კი მათ შედეგს ვერ მოუტანს.
ხელისუფლებამ ძალიან ცუდი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია აირჩია. სწორი სტრატეგია რომ შეერჩიათ, ახლა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ დასჭირდებოდათ.
– კანდიდატიც სწორად რომ შეერჩიათ, არც მაშინ იქნებოდა საჭირო ამხელა ალიაქოთი.
– ამ კანდიდატის პირობებშიც კი შეიძლებოდა სწორი სტრატეგიის არჩევა, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ის გუნდი, რომელიც არჩევნებზე მუშაობს, არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ უფრო უკეთესად იმუშავა. ამის მიუხედავად, მტკიცედ ვდგავარ ჩემს აზრზე, რომ 28 ოქტომბერს მათ არ გაუმარჯვიათ. ქართველმა ამომრჩეველმა “ოცნებას” უარი უთხრა. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ხალხის გაბრაზების და ნაწყენობის გამოხატვა.
შეძლებს თუ არა ნაწყენობის ფონის შენარჩუნებას გაერთიანებული ოპოზიცია, ამას რამდენიმე დღეში – 28 ნოემბერს ვნახავთ.
– ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში ისაუბრა ფსიქოპროექტის კვლევაზე. არჩევნების პირველი ტურის მერე თქვენ “ახალ თაობასთან” თქვით, რომ ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ ივანიშვილს არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ.
– ეს ჩემი ინფორმაცია ფაქტიურად დაადასტურა ივანიშვილმა. დაადასტურა იმიტომ, რომ ეს იყო ფაქტი. მას მაშინაც ატყუებდნენ, როცა ეუბნებოდნენ, რომ  არჩევნების წინ ზურაბიშვილის რეიტინგი იყო 53%. ეს მაშინ, როცა ქალბატონი სალომეს რეიტინგი 35%-ს არ სცდებოდა.
ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ვიღაცებმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, როცა ზურაბიშვილისთვის ნაადრევად მიალოცინეს გამარჯვება.
– ეს ვიღაცები რა მიზნით ატყუებდნენ ივანიშვილს?
– ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე ანუ ის ხალხი, ვისაც არჩევნები ჩააბარეს, ფიქრობდნენ, რომ ისინი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსების ხარჯზე შეძლებდნენ ოპოზიციის კანდიდატების დამარცხებას.
ისინი ადმინისტრაციულ რესურსზე ამყარებდნენ დიდ იმედებს. არადა სწორედ იმ ადმინისტრაციულმა რესურსმა მისცა ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმა.
ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ პარტიის წევრებს შორის ატარებდნენ გამოკითხვას. პარტიის წევრებს შორის კი არ ატარებდნენ გამოკითხვას, არამედ პარტიის რესურსებით ატარებდნენ. აქედან “ოცნების” ლიდერს ფულიც საკმაოდ მოუტეხეს. ადამიანები, ვისაც გამოკითხვა უნდა ჩაეტარებინათ, ოთახებიდანაც არ გადიოდნენ და ასე იძლეოდნენ კვლევის შედეგს.
ბატონ კობახიძეს ოდნავი პოლიტიკური ალღო და გონიერება რომ ჰქონოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ასეთ კვლევების შედეგებით ქალბატონი სალომე გამარჯვებული ვერ იქნებოდა.
თავიდანვე რომ ეთქვათ ივანიშვილისთვის, რა რეიტინგიც ჰქონდა მათ კანდიდატს, ახლა ეს ხელის გადაგრეხვები, ოპონენტების დაჭრა და ცემა არ იქნებოდა აქტუალური.
ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის იმიჯს. “ოცნებას” რატომღაც ავიწყდება, რომ ეს იმიჯი სახელმწიფოსია და არა – მათი. ბატონი კობახიძის ბედი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ნამდვილად ვფიქრობ.
ჩემი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რატომ ვისვრი უფრო მეტ კენჭებს “ოცნების” ბოსტანში. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ დღეს “ოცნება” წარმოადგენს ხელისუფლებას და მას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ოპოზიციას.
საზოგადოებას გვაქვს სრული უფლება, ვუთხრათ პოლიტიკურ ძალებს, რომ ისინი არასწორად იქცევიან.
ხელისუფლებაში მოსულ ხალხს რატომღაც ასეთი აზრები უჩნდებათ, რომ ისინი არიან ყველაზე პატრიოტები, ყველაფრის მცოდნეები. მიაჩნიათ რომ სახელმწიფოზე მათ აქვთ ექსკლუზიური უფლება. არიან შეუვალები და მერე პოლიტიკურ უტიფრებად გადაიქცევიან ხოლმე.
ეს უტიფრობა ხშირად მათი გონებით და პოლიტიკური ალღოს უქონლობით არის განპირობებული. ასეთ დროს პირველ რიგში ზიანდება სახელმწიფო.
სახელმწიფო დაზიანდა მაშინ, როცა პირველმა პრეზიდენტმა ვერ გაითვალისწინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ეროვნული გვარდიის დაშლას. ასე დაზიანდა სახელმწიფო, როდესაც კორუფციაში ჩაფლულმა შევარდნაძის ხელისუფლებამ დამატებით 5 მანდატი ვერ გაიმეტა ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა მაშინ რევოლუციის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შევარდნაძემ ქვეყანა კორუფციაში ჩაძირა.
ასე დაღუპა სააკაშვილმა ქვეყნის განვითარება და პროგრესი, როდესაც მან სახელმწიფოს მშენებლობა ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე განიზრახა.
ჩვენი უფლებების დარღვევა ახლაც გრძელდება. ვიღაცამ ამაზე შეიძლება გვითხრას, დღეს ადამიანებს ქუჩაში აღარ ხოცავენ. ადამიანის უფლებების დარღვევა მარტო ქუჩაში ხალხის დახოცვა არ არის.
ჩვენი უფლებები ირღვევა, რადგანაც ყოველდღიურად ვღარიბდებით. ჩვენი უფლებები ირღვევა, რადგან ჩინოსნები ბიუჯეტიდან გვპარავენ ფულს, ჩვენი უფლებები ირღვევა იმიტომ, რომ შრომითი უფლება არ გვაქვს გარანტირებული. ჩვენი უფლებები ირღვევა მაშინაც, როცა საარჩევნო ყუთთან გაკეთებული ჩვენი არჩევანი შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.
თუ ჩვენი პოზიცია გედევან ფოფხაძისთვის ან ახალი საბჭოთა ინტელიგენციისთვის მისაღები არ არის, თურმე ისინი ვიღაცის გამარჯვებას არ დაუშვებენ.
არადა დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურას გულისხმობს და ამაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არაფერი მოუგონია.
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არჩევნების დღეს თუ კორცხელის მაგვარ ინციდენტებს მოაწყობენ, ისინი ამით ქვეყნის პროგრესირებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის რაღაც ეტაპს დასრულებენ, რადგანაც დასავლეთი უფრო ალმაცერად დაგვიწყებს ყურებას. არცერთი სკამი. არცერთი პერსონა არ ღირს იმად, რომ ჩვენ სახელმწიფო დავაზიანოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება თავის მომხრეებს არ მოუწოდებს, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტები ცემონ ან დაჭრან. ამ შემთხვევაში თვითშემოქმედებასთან გვაქვს საქმე. და როდესაც თვითშემოქმედებასთან გვაქვს საქმე. იქ “ოცნებას” შეიძლება მართვის სადავეები გაექცეს ხელიდან. მისი დაბრუნება კი ძნელი იქნება.
მითუმეტეს, რომ მოარული ხმების თანახმად, ამ პროცესებში შავი სამყაროს წარმომადგენლები არიან ჩართულები. მათი ჩართვა “ოცნებას” ძალიან ცუდად დაუბრუნდება.
– რატომ დაუბრუნდებათ ეს ცუდად?
– შავი სამყაროს წარმომადგენლები მომავალში აუცილებლად მოითხოვენ დივიდენდებს დღეს გაწეული სამუშაოას სანაცვლოდ. ეს კატეგორია ანგარების გარეშე არასდროს არ გაისარჯება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქურდული სამყარო პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში.
– ისეთი სურათი იხატება, რომ გამოსავალი არ ჩანს. რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, არეულობა იქნება.
– გამოსავალი არის. პირადად მე პოზიტიურად მენიშნა ივანიშვილის განცხადება, რისი თქმაც მას, როგორც თავად ამბობს, აუკრძალეს. საუბარია ფრაზაზე, რა მოხდა, თუ ვაშაძე გაიმარჯვებს.
ამ განცხადების გაკეთება იმ ჯგუფმა აუკრძალა ივანიშვილს, ვისაც შეიძლება რაღაც დამოუკიდებელი სცენარი ჰქონდეს, რომლის საქმის კურსში “ოცნების” ლიდერი არ იქნება.
– რა სცენარზეა საუბარი?
– სამოქალაქო დაპირსიპირების სცენარზე. ზემოთ შემთხვევით არ გავიხსენე კორცხელი. ივანიშვილმა თქვა, რომ ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, არაფერიც არ მოხდება. ერთადერთი შეიძლება პირველ პერიოდში ეკონომიური სირთულეები შეიქმნას.
გამგები ალბათ გაიგებდა, ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ ის მშვიდად შეხვდება ვაშაძის გაპრეზიდენტებას. ტაშს არ დაუკრავს, მაგრამ არც გააპროტესტებს.
თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, ქვეყანას კატაკლიზმები ივანიშვილმა უნდა ააცილოს თავიდან. ის პრემიერთან ერთად უნდა გამოვიდეს და აღიაროს დამარცხება.  ქალბატონი სალომე ამის გამკეთებელი არ არის.
ივანიშვილმა და პრემიერმა პირველებმა უნდა მიულოცონ გრიგოლ ვაშაძეს. ქალბატონი სალომე თუ გაიმარჯვებს, არა მგონია, ოპოზიციამ ქვების სროლა დაიწყოს.
– თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ პრემიერმა და ივანიშვილმა უნდა აღიარონ დამარცხებაო. ირაკლი კობახიძე გამოგრჩათ თუ?
– მოდით, პირდაპირ გეტყვით, კობახიძეს ვინ ეკითხება, მწვანილი რა ღირს ბაზარში. ახლა ის იმაზეა გადასული, რომ გადარჩეს. მას თავი იმ ტყუილების გამო აქვს გადასარჩენი, რითაც პირველი ტურის წინ კვებავდა ივანიშვილს. რამდენად დაივიწყებს “ოცნების” ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის ქოსატყუილობას, ეს მასზეა დამოკიდებული.
ქართულ პოლიტიკაში ბატონი კობახიძე მასკარადულ ტიპად ჩამოყალიბდა, რომელზეც არამარტო ოპონენტები, არამედ მისივე გუნდის წევრები იცინიან.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა