გოჩა მირცხულავა – “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის შექმნილი სისტემა ჭამს”

გოჩა მირცხულავა - "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის შექმნილი სისტემა ჭამს"რა საფრთხეების წინაშე დგანან ქვეყანა და საზოგადოება, რას არ ითვალისწინებენ “ოცნების” პოლიტიკური და პიარ მამები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
გოჩა მირცხულავა:
– დღეს ქართული სახელმწიფო ორი უმთავრესი საფრთხის წინაშე დგას. პირველი არის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მონაწილეობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და მეორე – უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი ეგზისტენციალური საფრთხე – ჰიბრიდული ომი და ამის შედეგად მიღებული მოცემულობა, რაც შესაძლოა, სამომავლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მოსპობით დასრულდეს.
ამჟამად საქართველოს მოსახლეობა ორ ყრუ კედელს შორის არის მოქცეული და თუ ამ ორ ყრუ კედლად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს განვიხილავთ, მივხვდებით, რაოდენ სავალალო მდგომარეობაში ვართ. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა და მით უფრო კრიტიკულის.
ასეთ შემთხვევაში ადამიანების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზება და დაპირისპირებული გუნდებისთვის მიკუთვნება იწყება. ჩემთვის კარგად არის ცნობილი ეს მდგომარეობა, არაერთხელ გამომიცდია და მომისმენია და თუ მე საკმაოდ მშვიდად ვხვდები ამ შეფასებებს, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა გადაწყვეტილია და პოლიტიკოსები ან გნებავთ პარტიები არ აგრძელებენ შეცდომების გაღრმავებას.
– რა შეცდომების გაღრმავება მიდის?
– მმართველი პოლიტიკური ძალა ვერც კი აცნობიერებს, ან არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია. კრიზისია ნებისმიერი მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებლივი. უმთავრესი კრიზისი კი ღირებულებითი, გნებავთ, იდეოლოგიური ხასიათისაა.
მმართველი პარტიის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი ასევე არ ან ვერ ხედავს და გრძნობს იმას, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” ჭამს ის სისტემა, რომელიც მან შექმნა და რომელშიც ამ 6 წლის განმავლობაში საფუძლიანად ინტეგრირდა უამრავი პერსონისა და უცხო სახელმწიფოს ინტერესები.
– რომელი ქვეყნის ინტერესებზე საუბრობთ?
– სხვადასხვა ქვეყნების, მაგრამ უპირველეს ყოვლისა რუსული ინტერესის ინტეგრირება მოხდა.
ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს ისევ წინა ცხრა წლით რომ გვაშინებთ, რა ხდება? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს წამგებიანი და სწორედ რომ თქვენს საწინააღმდეგოდ მომუშავე არგუმენტია. ახლა ხომ იდიოტიზმია საუბარი იმაზე, რომ მაშინ იყო უსამართლობა, მაშინ მე ვკითხულობ, ამ უსამართლობისთვის ვინ აგო პასუხი? რომ ართმევდნენ ქონებას – ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული მეც ვარ – დაგვიბრუნეთ? რომ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული – მერე სად არიან დამნაშავეები, ნაწილი თქვენთან და თქვენ გვერდით ხომ არა?
ზოგადად ეს ტაქტიკა არის უაღესად წამგებიანი, მაშინ როდესაც საპირწონეს ვერაფერს მეუბნები. როდესაც ვერ მესაუბრები შენს მიღწევებზე, რა შექმენი უკეთესი, როგორ გააუმჯობესე ქვეყნის ცხოვრება, როგორ დააახლოვე დაპირისპირებული საზოგადოება. როდესაც მეუბნები რომ ეკონომიკა იზრდება და უამრავი ინდექსებით და კვლევებით ხარ წამყვან სახელმწიფოებზე წინ, მინიმუმ თავი ლუზერი მგონია, როდესაც ვერ ვემსახურები ვალდებულებებს, მაცივარი ცარიელი მაქვს და შვილისთვის წიგნი ვერ შემიძენია. არ გავაგრძელებ.
“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მხოლოდ იმაზე იზრუნა, როგორ გაენიავებინა უდიდესი ნდობა, რომელიც მას 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა.
– ამხელა ნდობის განიავება ასე მალე და მარტივად არ უნდა მომხდარიყო.
– არაკომპეტენტურობა ნებისმიერ სფეროში, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი გახდა ამ ხელისუფლების უმთავრესი მახასიათებელი, რომელმაც საკუთარი ნაყოფი გამოიღო. კორუფციამ უდიდესი მასშტაბები შეიძინა, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეგზისტენციალური საფრთხეების გააზრება. ამ უმთავრესი საფრთხის წამხალისებელი გახდა თავად – როდესაც ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეროვნული ერთიანებოს იდეის შეთავაზება და სანაცვლოდ თანაარსებობა შესთავაზა ათასი რჯულის ნაძირალას, რომლებმაც წინა ხელისუფლებებს გამოაცალეს არსებობის საფუძველი.
ხელისუფლების ჯოჯო იდეოლოგებმა პოლიტიკური არსებობის უმთავრეს წყაროდ აქციეს წინა ხელისუფლების მმართველი პარტია და მას დღემდე იყენებენ საფრთხობელად, მოსახლეობის დაშინებისა და დაშანტაჟების მთავარ მექანიზმად. მაშინ როდესაც ხელისუფლების და არა სახელმწიფოს უმთავრესი საფრთხე მის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირად ვერ ახერხებს.
ბატონმა ივანიშვილმა დაუშვა უდიდესი შეცდომა, როდესაც საკუთარ დასაყრდენ ძალად მიიჩნია ნაკომუნისტარი ელიტის წარმომადგენლები და მათი მემკვიდრეები, ბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე არ ვსაუბრობ. ეს ნაკომუნისტარი ელიტა დღეს მას უდიდეს ტვირთად აწევს მხარზე. უფრო მეტიც, იგი ამ ტვირთის სიმძიმეს რეალურად ვერ უძლებს.
კიდევ უფრო საშიში აღმოჩნდნენ გუნდში ინტეგრირებული ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური და სოციალური არსებობის მისაბაძ მაგალითად სწორედ ეს არქაული – ნაკომუნისტარი ელიტური კასტა აქციეს.
– ნაკომუნისტარ ელიტაში კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
– ამ ნაკომუნისტარში ვგულისხმობ რუსული ინტერესების გამტარებელ ნომენკლატურას და ასევე ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც მზე დღესაც ჩრდილოეთიდან ამოდის და რომლებიც ნებისმიერი ხელისუფლებისგან პირად კომფორტს და კეთილდღეობას ითხოვენ. მოკლედ, დღეს ამ ტვირთს და ბალასტს ივანიშვილი უდიდესი წნეხის ქვეშ ჰყავს და რეალურად გასრესას უპირებს.
ამ ვითარებაში წინა პლანზეა ქვეყნის ეგზისტენციალური საფრთხე – დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნების პირველი ტურის შემდგომმა პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად ოსტატურად მანიპულირებს რუსეთი ქართველი პოლიტიკოსებით თუ პოლიტიკური ძალებით.
ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ურთიერთბრალდებების კორიანტელში, სადაც აზრი არ აქვს ტყულ-მართალის გარკვევას, არჩევანს ე.წ. პრორუსულ პოლიტიკოსებს შორის ვაკეთებთ, რომლებიც თავად ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ პროდასავლურები არიან. მაგრამ ტალახი ერთმანეთისთვის უკვე ნასროლია და საზოგადოებაში არც არის იმის სურვილი, გაარკვიოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. პირიქით, გრძელდება ამ მოცემულობის ტორპედირება.
დავუშვათ, მინდა დავიჯერო, რომ გრიგოლ ვაშაძე “კაგებეშნიკია” და უამრავ არგუმენტსა და ვარაუდებს ვეძებ ამისთვის და უცებ ვპოულობ, რომ ტრისტან წითელაშვილი, იგორ გიორგაძე, გოჩა ძახოხოვი უჭერენ მხარს ქალბატონ ზურაბიშვილს. ამ ფონზე ძალიან დამაიტერესებს ტვინის ჭყლეტვა ბატონი ვაშაძის “კაგებეშნიკობასთან” დაკავშირებით, სულაც მერკელი, მაკრონი და ტრამპიც რომ უჭერდნენ მხარს ქალბატონ ზურაბიშვილს? ამის საპირისპირო არგუმენტად მოვისმინე – ისინი სისტემის მსხვერპლნი არიანო.
– იმ სისტემას ბევრი მსხვერპლი ჰყავდა, თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად თვლიან თავს.
– ვინ არის მსხვერპლი? გიორგაძე, რომელმაც წინის წინა პრეზიდენტს მოუწყო ტერაქტი და ამის სასამართლო განაჩენი არსებობს? წითელაშვილი, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლო საქმიანობაში იყო მხილებული და თუ ის მხილება მიაჩნია ვინმეს არასწორად, მაშინ ამ პერსონის შემდგომ საქმიანობას დააკვირდეს. იქნებ ძასოხოვი, რომელიც სეპარატიზმის ერთ-ერთი დამფინანსებელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომთხოვნი პერსონაა.
ამ ყველაფრის მერე ვინმე მეტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ჰყავს პროგრესული პიარგუნდი, რომელიც საღად აზროვნებს? როდესაც რეჟიმის მსხვერპლს ამბობ და ამით ამართლებ ამ ადამიანების “გულწრფელ” აღტკინებას და მხარდაჭერას, ჩემთვის გასაგები ხდება თუნდაც ის, რა მიზნები ამოძრავებთ ამათ და მისთანებს და როდესაც ამათგან არ დისტანცირდები და მსხვერპლად წარმომიდგენ, ვხედავ, რაოდენ გიჭირს პოლიტიკურადაც, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც.
– რაში დასჭირდა “ოცნებას” ასეთი პერსონების მხარდაჭერა?
– რისი ბრალია ამ პერსონების მკერდში ჩაკვრა, პოლიტიკური უმწიფრობის? იქნებ “ქართული ოცნების” შიგნით მოკალათებულ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პირების მიერ დავალებების პირნათლად შესრულებაა? საერთოდ რატომ უნდა დამიტოვო ეს “რუსული” განცდა?
პრეტენზიები მაქვს ოპოზიციასთანაც – სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, და ვაღიაროთ, რომ პირველ რიგში არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელი, როგორმე შეიძლება კორექტირდეს? იზრუნა კი ოპოზიციამ ამაზე? გამოწურა კი ბოლომდე ლიმონი, როგორც იტყვიან და ვიცით კი ჩვენ დღეს, თუ ზურაბიშვილი ხდება პრეზიდენტი, როგორ მოახდენს საკუთარი განცხადებების დეზავუირებას? ისე, ამაზე ხელისუფლებას უნდა ეზრუნვა რეალურად, მაგრამ ოპოზიციის ნეგატივს მივაწეროთ.
ასევე, ვიცით კი ჩვენ როგორია ვაშაძის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, გარდა იმისა, რომ საყოველთაოდაა აღიარებული – რუსეთი ოკუპანტია! ვაშაძის მოწინააღმდეგე ან გაურკვევლობაში მყოფ ელექტორატს განუმარტა ვინმემ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რა დოზით იქნება ისევ მესამე პრეზიდენტი? არადა ოპონენტების უმეტესი ნაწილი ხომ სწორედ ამაზე აპელირებს.
უთხრა ვინმემ ოპონენტებს და გაურკვევლობაში მყოფ ამომრჩევლებს პასუხი კითხვაზე – მიშა ხომ არ გახდება რუსეთის გაღიზიანებისა და შემდგომი უბედურებების საფუძველი? უფრო მეტიც – როდესაც სისხლიან ცხრა წელზე აპელირებს ხელისუფლება საკუთარი კონკურენტის წინააღმდეგ, რა მკვეთრად გამოხატული არგუმენტი დაიდო, რომ არანაირი შურისძიება, რევანში ან წარსულის უბედურებები არ განმეორდება?
ძალიან მაინტერესებს, ვინ ურჩია ბატონ ივანიშვილს, რომ ეთქვა, სარალიძე ნაციონალების კოორდინატორი იყოო. და რა მერე ამით? ამ ქვეყანაში ვინმე იბადება პარტიული კუთვნილებით და კონსტიტუციაში წერია, რომ ნაციონალების მიმართ კანონის დარღვევა შესაძლებელია? ამიტომ, ვამბობ მერამდენედ, ესეც იმ ზემოთნახსენებ სისტემაში ინტეგრირებული უგუნური ადამიანების რჩევაა, რამაც ასევე დააზარალა “ქართული ოცნება”.
ისე, დიახ, სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ქალბატონი ირინასთვის თუნდაც იმ “სისხლისმსმელებს” არ უთქვამთ, რომ ის პოლიტიკურად მართვადია, მაშინ როდესაც სრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი იდგა მის გვერდით და არც პოლიციას დაუშლია აქციების მოწყობა.
ეს დამოკიდებულებები ანუ მოპყრობის დირექტივები, როგორ ფიქრობთ არ ჯდება ჰიპრიდული ომის კონტექსტში, რომლის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების რადიკალიზაცია, მისგან მისაღები ქაოსი და სარგებელია?
რას მივაწერო ის გარემოება, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერები უწყობენ ოპოზიციას აქციებს და უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ვაშაძის გაპრეზიდენტებას – ვის უპირისპირდებით? ხალხს? საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას?
ასევე ვეკითხები ოპოზიციას, თუ ხალხი და არა გაყალბებული შედეგი გადაწყვეტს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, გაქვთ კი თქვენ იმის უფლება, რომ ააყირავოთ ხელისუფლება?
არა ერთ შეთხვევაშიც და არა მეორე შემთხვევაშიც. აქაც დაპირისპირება, ან ამ დაპირისპირების ინსპირაცია სწორედ რომ ჰიბრიდული ომის ნაწილია. ომის, რომელშიც გააზრებულად მონაწილე ადამიანების გარდა, უხვად არიან ჩართულნი სასარგებლო იდიოტები.
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე ძმათა სასაფლაოს მოვაწყობთ და იქ ერთმანეთის გვერდზე ჩავამწკრივებთ დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს, არამედ უნდა შევძლოთ აქ, ახლა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ სხვაგვარად.
დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურაა, რომელიც უპირველესად უმცირესობების უფლებებზე ზრუნავს და არა – საკუთარ პრივილეგიებზე.
ქართული საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის არის ერთი – დამშვიდდით და იფიქრეთ ქვეყანაზე. დამშვიდდით და გადაწყვეტილებები მიიღეთ ქვეყნის სასიკეთოდ და გეყოთ ერთმანეთისთვის ამდენი ტალახისა და ლაფის სროლა. გეყოთ საზოგადოების დაპირისპირება და დაშანტაჟება.
– ხშირად ისმის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი იმდენად უუფლებოა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– უდიდესი საფრთხეებისა და გამოწვევების დროს უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სინდისთან კომპრომისის გარეშე და მაღალი ზნეობრივი და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალულებმა.
რუსეთს და მის ხელისუფლას უდგას უმძიმესი პერიოდი, ამ დროს მისი ქმედებები არის არაპროგნოზირებადი და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს რეგიონში მიმდინარე პროცესები და არც ვაშაძის და არც ზურაბიშვილის მომხრეების უკიდურეს აგრესიას არ უნდა მივაყვანინოთ ვითარება იმ მდგომარეობამდე, როდესაც საფრთხეების პასუხის გამცემი არავინ დარჩება ქვეყანაში.
ჩვენ გონიერი და სწორი, სინდისიერი გადაწყვეტილებით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი და გჯეროდეთ, რომ არც ერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის აპოკალიფსი. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოსახლეობის უმრავლესობა არჩევანში შეცდა, გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანამ მურვან ყრუ და ჯალალედინი მოინელა. ხოლო გამარჯვებულ კანდიდატებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯზე ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია იქნება უმწვავესი და ვერც ჯარი და ვერ პოლიცია მას ვერ გადაუდგება წინ ამ ინტერესების დაცვის საკითხში.
ჩვენ წინაშე არსებული საფრთხის გასანეიტრალებლად ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეორე ტურის შედეგების ცნობა კანდიდატებისა და ლიდერების მიერ. ამის გარეშე, რაოდენ ძნელი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ეს, ქვეყნას უფრო დიდ ქაოსში ჩავაგდებთ და ამ დროს მართლაც რომ მოსალოდნელია უმძიმესი შედეგები.
ამაზე ამთავითვე უნდა იფიქრონ ორივე კანდიდატმა, ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა