გულიკო ჩაფიძე: ”მშიშარა ექიმი საშინელებაა“

თბილისში, ნინო ჯავახიშვილის ქუჩა N1-ში დაგხვდებათ მრავალსართულიანი წარმოსადეგი შენობა, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „ჩაფიძის გულის ცენტრი“. ჩაფიძის ცენტრი კი ჰქვია, მაგრამ ქალბატონ გულიკოს აქ არაფერი ეკუთვნის, თავისი მრავალრიცხოვანი სიგელების გარდა, რომლებიც მის მომცრო ოთახშია განთავსებული. სისადავე ამ ოთახის სამარკო ნიშანია. მაშინვე მიხვდებით, რომ აქ შინაარსია მთავარი, ფორმა – უმნიშვნელოა.    

„თქვენ იცით, მე რამდენი წლის ვარ?“ – მკითხა ქალბატონმა გულიკომ, როდესაც ინტერვიუ დავასრულეთ და საუბარი გავაგრძელეთ.

რასაკვირველია, ვიცი. როდესაც შენთვის უცნობ 88 წლის ადამიანთან სიღრმისეულ, პორტრეტული ფორმატის ინტერვიუზე წასვლას გადაწყვეტ, ბევრი სხვადასხვა შინაარსის ეჭვი გიჩნდება, მაგრამ ეს ორი რვიანი მაინც მუდმივად თავში გიტრიალებს…

ინტერვიუს პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რამდენად უნიკალურ ადამიანს ვესაუბრებოდი – რამდენად გამჭრიახს, რამდენად ჰუმანურს, რამდენად მამაცს. და როდესაც დიქტოფონი გამოვრთე, მართლა არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა მის მიმართ ჩემი მადლიერება – იმის გამო, რომ ასეთია; იმის გამო, რომ ასე გამიმართლა… სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ინსტინქტურად ავდექი და ვუთხარი: „ქალბატონო გულიკო, უნდა ჩაგეხუტოთ…“ მანაც გულში ჩამიკრა.

ეჭვი კი მაქვს, ეს რატომ დამემართა. როცა წაიკითხავთ, ალბათ, თქვენც მიხვდებით.

ია ანთაძე

–    ქალბატონო გულიკო, ჰიპოკრატე ამბობდა, რომ გონება საუკეთესო მკურნალია. როგორ ფიქრობთ, პაციენტის გონებას გულისხმობდა, ექიმის გონებას თუ ორივეს? 

–    რასაკვირველია, ორივეს გონებაა, მაგრამ, უპირველესად, ეს მაინც არის ექიმის გონება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის განათლებას, საზრიანობას, ურთიერთობას პაციენტთან. აღსარებაზე პირველად რომ მივედი, მკითხეს, ტყუილი თუ გითქვამსო. ყოველდღე ტყუილს ვამბობ-მეთქი. რა ტყუილებს ლაპარაკობო? – გაუკვირდათ. იძულებული ვარ. ავადმყოფთან მიხდება ისე ლაპარაკი, რომ როგორმე შევუმსუბუქო საფრთხე, რაც ელოდება. რასაკვირველია, ექიმი უნდა იყოს გონიერი, ამავე დროს, ტაქტიანი, დიპლომატი და კარგი ფსიქოლოგიც.

–    ცნობილია, რომ თქვენ დიდ ყურადღებას იჩენთ პაციენტების მიმართ. ათწლეულების განმავლობაში, ხშირად ღამეც მოდიოდით საავადმყოფოში, როცა პაციენტებისთვის იყო საჭირო. ყურადღება – ესეც გონების ნაწილია თუ უფრო სულიერებას ეკუთვნის? 

–    აქაც ორივეა. სულიერებაც არის, გონებაც. ორივე აუცილებელია.
ავადმყოფთან მიხდება ისე ლაპარაკი, რომ როგორმე შევუმსუბუქო საფრთხე, რაც ელოდება.
–    იმის გარდა, რომ მკურნალი ბრძანდებით,  დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ. ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე რომ ავიღოთ, როგორ ანაწილებთ ყურადღებას პაციენტებს და თანამშრომლებს შორის? 

–    ამ ბოლო წლებში ჩემი მუშაობის რეჟიმი შეიცვალა. ის რეჟიმი აღარ მაქვს, რაც ადრე, მრავალი წლის განმავლობაში მქონდა. ალბათ, საქმის კურსში ხართ, რომ ეს ცენტრი მე ჩამოვაყალიბე, მანამდე არ არსებობდა. ჩემი ინიციატივით ჩამოყალიბდა კარდიოქირურგია, ინვაზიური ქირურგია. ახლა რომ კეთდება კორონაროგრაფია, სტენტირება – ეს საქართველოში არ კეთდებოდა. მაშინ, რასაკვირველია, ადმინისტრატორიც ვიყავი და, ამავე დროს, ექიმობა არ უნდა დამეკარგა. ჩემთვის პირველი იყო ექიმობა. მე თუ რამისთვის ვიბრძოდი და ახლის დანერგვა მინდოდა – ამას მხოლოდ პაციენტისთვის ვაკეთებდი. ჩემი დილა იწყებოდა ავადმყოფებით, მათი მდგომარეობის გარჩევით, მძიმე ავადმყოფების შემოვლით. დღის მეორე ნახევარში კი გარკვეულ დროს ვანდომებდი ადმინისტრაციულ სამუშაოს. ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, რომ ეს საქმე დროს მართმევდა. მე ექიმი ვარ და მინდა, ვიყო ექიმი. არასოდეს არ მინდოდა, რომ ადმინისტრატორი ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მინდოდა. იძულებით გავხდი იმიტომ, რომ ჩვენი კარდიოლოგია 30-40 წლით ჩამორჩებოდა ყველას და ეს ძალიან მაწუხებდა. ვისაც შეეძლო, საზღვარგარეთ მიდიოდა სამკურნალოდ იმიტომ, რომ აქ გამოკვლევებს ვერ ვუტარებდით და ბევრ რამეს ვერ ვაკეთებდით.

–    40 წლით ჩამოვრჩებოდით ყველასო, რომ ბრძანებთ, ვინ ყველას გულისხმობთ? დასავლეთს? თუ რუსეთს?

–    დასავლეთს ვგულისხმობ. რუსეთსაც ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ოდნავ. რუსეთთან, პრაქტიკულად, თანაბრად მივდიოდით.

–    ანუ საქართველო რომ დამოუკიდებელი გახდა, იმ პერიოდის მერე მივდიოდით რუსეთთან თანაბრად კარდიოლოგიაში?

–    მე უფრო ადრინდელ დროზე ვლაპარაკობ, 60-იან წლებზე, როდესაც რუსეთიდან ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე. თავიდანვე რაღაც სხვაობა ვნახე რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს მტკივნეული იყო იმიტომ, რომ რაც რუსეთში კეთდებოდა, იმის გაკეთება საქართველოშიც შეიძლებოდა. ექიმების პოტენციალი იძლეოდა ამის საფუძველს,  ბევრი ძალიან კარგი ექიმი გვყავდა. ახლაც არიან კარგები, მაგრამ ეს, ალბათ, ასაკთან არის დაკავშირებული… მერე ყველა ასე ლაპარაკობს ძველ დროზე. მაგრამ მართლა ძალიან კარგი ექიმები გვყავდა. საშუალება კი ნამდვილად ნაკლები გვქონდა. ჩამოვედი თუ არა, ორ წელიწადში დავიწყე აქტიურად მუშაობა, რომ ინფარქტის განყოფილება ჩამომეყალიბებინა.

–    მაშინ თერაპიის ინსტიტუტში მუშაობდით, როგორც ვიცი. 

–    დიახ, ეს ის პერიოდია, როცა მოსკოვში, ლენინგრადში და საქართველოში პრაქტიკულად ერთდროულად გაიხსნა ინფარქტის ცენტრი. ამას დასჭრიდა მომზადება. პირველ რიგში, საჭირო იყო საქართველოში ინფარქტის გავრცელების შესწავლა. სიკვდილიანობა როგორი იყო, ამის შესწავლაც დავიწყეთ. ჯგუფი გვყავდა, მაგრამ არავინ გვხელმძღვანელობდა, არც რაიმე გეგმა არსებობდა.  არასოდეს არ მინდოდა, რომ ადმინისტრატორი ვყოფილიყავი.
–    რამდენი ადამიანისგან შედგებოდა ეს ჯგუფი?

–    4-5 ადამიანი, მეტი არა. აღმოჩნდა, რომ ინფარქტის დიაგნოზი ჰქონდა გარდაცვლილთა 47%-ს. მაგრამ უამრავი ადამიანი იყო სახლში უეცრად გარდაცვლილი, დიაგნოზის გარეშე. ხან ინსულტს უწერდნენ და ხან რაღაც სხვას. კვლევის გარდა, საჭირო იყო სასწრაფო დახმარების ექიმების მომზადება. ძალიან ბევრი დაბრკოლება გავიარე, მართალი რომ გითხრათ. როდესაც ყოველმხრივ მოვემზადეთ და ავადმყოფების მიღება უნდა დაგვეწყო, სწორედ მაშინ შეგვხვდა მთავარი წინააღმდეგობა. იმის გამო, რომ შიში იყო.

–    რატომ, რა შიშს გულისხმობთ?

–    ავადმყოფის ადგილიდან დაძვრის ეშინოდათ. მაშინ ასე იყო მიღებული, რომ ინფარქტიანი პაციენტი ორი-სამი თვე უნდა წოლილიყო. ხელის და ფეხის განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ, ავადმყოფი კლინიკაში არ მოჰყავდათ. თუ წამოიყვანდნენ, დღე იყო თუ ღამე, ოფიციალურად ითხოვდნენ, რომ მე დავხვედროდი საავადმყოფოში. ეშინოდათ, რამე არ მოსვლოდა ტრანსპორტირებისას. ასეთი წინააღმდეგობა იყო.

–    ვის ეშინოდა – ექიმებს თუ პაციენტის პატრონს? 

–   პატრონებს შორისაც ბევრს ეშინოდა ტრანსპორტირების და გარემოცვაც ასეთი იყო. თერაპიის ინსტიტუტში რომ გაიხსნა ინფარქტის ცენტრი, მხოლოდ შვიდი წლის მერე გაიხსნა კარდიოლოგიის ინსტიტუტში, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო, არა? მერე უკვე ძალიან სწრაფად რამდენიმე სხვა ცენტრიც გაიხსნა. ეს ნიშნავდა, რომ შიში დაძლეული იყო.

–    მაშინ ვინ გეხმარებოდათ? იყო ვინმე ისეთი, ვინც გზას გიკვალავდათ? 
 – ჩვენი კარდიოლოგია 30-40 წლით ჩამორჩებოდა ყველას და ეს ძალიან მაწუხებდა.
თერაპიის ინსტიტუტის დირექტორი იყო პროფესორი ნოდარ ყიფშიძე. ის, რასაკვირველია, მხარს გვიჭერდა. მისი ავტორიტეტი საშუალებას გვაძლევდა, რომ შევსულიყავით პოლიკლინიკებში, სასწრაფოში გვევლო, ლექციები გვეკითხა. აპარატურის შეძენაშიც გვეხმარებოდა. ყველაფერი უნდა მოგვეპოვებინა, ადვილი არ იყო.

–    პოლიკლინიკაში რას ნახულობდით?

–    სტატისტიკას – რამდენი ავადმყოფი გაატარეს, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი უეცარი სიკვდილი დადგა, რამდენის ინვალიდიზაცია მოხდა. მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე მოვითხოვეთ ინფარქტის განყოფილების გახსნა.

–    რამდენი დრო დაგჭირდათ, რომ განყოფილება სრულად ამუშავებულიყო? 

–    ოთხ წელიწადში უკვე კარგად ვიდექით ფეხზე, აპარატურითაც და მკურნალობითაც. როგორც გითხარით, გულის პირველი ცენტრი იყო პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), მეორე მოსკოვში და მესამე ვიყავით ჩვენ. მერე ერთდროულად გაიხსნა გულის ცენტრები ბალტიისპირეთში, უკრაინაში… ერთი საინტერესო ფაქტია: საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა იმ წლებში. ჩამოსული იყო ერთი დიდი კარდიოლოგი და მან აღნიშნა – რა ხდება საბჭოთა კავშირში, ინფარქტის ცენტრებს, მოსკოვის გარდა, ყველგან ქალები ხელმძღვანელობენო. მართლაც ასე იყო, სადაც კი ინფარქტის განყოფილება გაიხსნა, ყველგან ქალები იყვნენ სათავეში.

–    რამე ახსნა აქვს ამას? 

–    ჩემი სუბიექტური გამოცდილება ასეთია, რომ, ცოდნასთან ერთად, არებობს ინტუიცია, რომელიც ქალს ყოველთვის უფრო მეტად აქვს განვითარებული. რომ ვაკვირდები, მკურნალობაში ინტუიცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. რამდენჯერ ყოფილა, მოუყვანიათ უმძიმესი, თითქოს, უპერსპექტივო ავადმყოფი. მაგრამ იმედი მქონია, რომ ეს ავადმყოფი გამოვიდოდა მდგომარეობიდან. ასეც მომხდარა. ყოფილა, რომ მძიმე არ მოსულა და მითქვამს, ვაიმე, ეს ავადმყოფი დაიღუპება. ისე კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით, ექიმები მეუბნებოდნენ, გულიკო, მაგას ნუ იტყვი; შენ რომ ამბობ, აუცილებლად რაღაც მოუვა ავადმყოფსო. ჩემი თქმით კი არ მოსდიოდა, რაღაც არის, ქალს უკეთესი ინტუიცია აქვს.
–    იმიტომ ხომ არ ხდებოდა ასე, რომ ქალები მაინც უფრო ბეჯითები არიან და სამედიცინო ინსტიტუტებშიც, ალბათ, ქალები მეტნი იყვნენ, როცა სწავლობდით. 

–    არა, ჩემს პერიოდში ბიჭები უფრო მეტნი იყვნენ. მაგრამ ქალს თუ ცოდნა და ინტერესი აქვს, თუ რაღაც მიზანი აქვს, ეს გადაიზრდება ხოლმე გაბედულებაში; რისკზე მიდიხარ. როცა ინვაზიური კარდიოლოგია ჩამოვაყალიბეთ და  კორონაროგრაფიის კეთება დავიწყეთ, ეს დიდი სიახლე იყო და ამაზე ყველა ლაპარაკობდა, ტელევიზიითაც გამოდიოდნენ. ერთხელ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა: ჩვენ ახლა პარლამენტში სხდომაზე ვსხედვართ და ჩაფიძის კლინიკაში კეთდება ოპერაცია, რომლის შედეგად ავადმყოფი გარდაიცვალაო. ეს იყო ტყუილი. იმ წუთში დავრეკე. მაშინ ხელი მიმიწვდებოდა,  ტელეფონის ნომრები მქონდა. ბოდიში მომიხადა, შეცდომაში შემიყვანესო. აი, ასეთი ფაქტიც იყო. ამას იმიტომ ვყვები, რომ ქალი ამ მხრივ უფრო გაბედულია. რასაც ვაკვირდები, ჩემ გარშემო სულ მამაკაცები იყვნენ. რომ ვთქვი, ჩვენს გუნდში 4-5 ადამიანი იყო-მეთქი, მათ შორის ქალი მხოლოდ მე ვიყავი.
დღემდე არ არსებობს დღე, რომ სამედიცინო ლიტერატურა არ წავიკითხო.
–    მაგრამ თქვენ იყავით ლიდერი.

–    ყოველ შემთხვევაში, თამამი ვიყავი. (იცინის)

–    ძალიან სპეციფიკური პროფესია გაქვთ და ახლა, როცა ამდენი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეთ, კიდევ გჭირდებათ, რომ თქვენს პროფესიაში რაღაც სიახლე შეითვისოთ? თუ საკმარისია, რაც იცით?

–    ძალიან საჭიროც არის განახლება და დიდი სურვილიც მაქვს. ბევრჯერ მითქვამს: აი, ახლა ეს კონკრეტული რაღაც უნდა გაკეთდეს… მაგრამ ვერ კეთდება, სხვადასხვა მიზეზის გამო. რასაკვირველია, შეიცვალა სტრუქტურა, კანონები. ბევრი რამ არის შემზღუდველი. მე ღრმად მჯერა და მარტო მე არ მჯერა – თუ მედიცინა მუდმივად არ ვითარდება, დონე აუცილებლად ქვევით და ქვევით დაიწევს. დღემდე არ არსებობს დღე, რომ სამედიცინო ლიტერატურა არ წავიკითხო. ზოგჯერ გული მტკივა ხოლმე, რომ ახალგაზრდების ცოდნის წყარო ის არის, კლინიკაში ვიღაცამ რაღაც რომ თქვა და მან გაიგო. კარგია, რაღაცას რომ გაიგებს, სხვის გამოცდილებას გაიზიარებს, მაგრამ თვითონაც ძალიან აქტიური უნდა იყოს ცოდნის შეძენაში.

–    თუ თქვენ თვლით თავს ვალდებულად, რომ ყოველდღე რაღაც ახალი იკითხოთ, სხვებს რამდენი სჭირდებათ თქვენს პროფესიაში, წარმომიდგენია. 

–    მე რომ ცოტა უფრო ახალგაზრდა ვიყო და ცოტა სხვა პირობები იყოს, ძალიან ბევრი სიახლის დანერგვა შეიძლება და აუცილებელიც არის. გული მტკივა, რომ ეს ვერ კეთდება. სხვადასხვა ინსტანციაში მაქვს ნათქვამი – მესმის, რომ საქართველოს უჭირს, მაგრამ მედიცინა ფუფუნება არ არის. ოპერაციებზეც ამბობდნენ, საქართველოს ფუფუნების უფლება არ აქვს და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთო. და მომიხდა ბრძოლა. სხვები აკეთებენ, რუსეთიც აკეთებს. ჩვენ არ ვაკეთებთ. რატომ? ახლის გვეშინია? თუ რისი გვეშინია, არ ვიცი.

–    თქვენ ბრძანეთ, 30-40 წლით ვიყავით ჩამორჩენილი დასავლეთს 60-იან წლებშიო. ახლა რა მდგომარეობა გვაქვს? 
  – კარდიოლოგია მაინც კარგად მიდის, კარგ დონეზე ავიდა… ავიდა და… გავჩერდით. ერთ-ორ წელიწადში, თუ ასე გავჩერდით, ეს იქნება სავალალო.

–    ახლა დაახლოებით რამდენი წლით ჩამოვრჩებით? 

–    ალბათ, ათიოდე წლით ვართ ჩამორჩენილი. ინტელექტიც და ხასიათიც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს.
–    თქვენ რომ ბრძანეთ, სიკვდილის 47% პროცენტი ინფარქტით იყო გამოწვეულიო, ახლა, როდესაც მკურნალობის ბევრად მეტი საშუალებაა, რა მდგომარეობა გვაქვს? 

–    ვერ გეტყვით. ამ კუთხით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

–    კარგით. პირადად თქვენთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თქვენს უფრო ძლიერ მხარედ რა მიგაჩნიათ: ინტელექტი თუ ხასიათი?

–    არ ვიცი. (იცინის)

–    როგორ არ იცით?

–    ინტელექტიც და ხასიათიც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს. სხვანაირად არ გამოვა. თუ ხასიათი არ გაქვს, თუ ძალიან პასიური და გულგრილი ხარ, არაფერი გამოგივა, რაც არ უნდა დიდი ინტელექტი გქონდეს. რატომ განსხვავდებიან ექიმი-მასწავლებლები და პრაქტიკოსი ექიმები? იქ ინტელექტი და განათლება სჭარბობს, ალბათ. აქ კი ხასიათი აუცილებელია. მშიშარა ექიმი საშინელებაა. ოღონდ, არაფერი მოხდეს, მკურნალობას დავნიშნავ ისე, რომ არც მოკვდეს და არც გადარჩეს ადამიანი. „მე არ დამბრალდეს,“ – შეშინებული ექიმის ფსიქოლოგიაა.

–    რა იწვევს ამ შიშს? ალბათ, კვალიფიკაციის ნაკლებობა. 

–    ყველაფერი ერთად. ადრე ექიმი საშინლად ისჯებოდა, თუ დიაგნოზს სწორად არ დასვამდა. მაშინ დიაგნოზი გაკვეთით მოწმდებოდა. თუკი ექიმის შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდებოდა და ავადმყოფს სიკვდილამდე მიიყვანდა, რასაკვირველია, ექიმი კარგავდა დიპლომს და უფრო დიდი სასჯელიც იყო.

–    ეს როდის ხდებოდა – საბჭოთა კავშირის დროს?

–    დიახ.

–    ახლა ასე აღარ არის. 
– ექიმს ავადმყოფი უნდა უყვარდეს, ისე არაფერი გამოვა.
არა, ახლა გაკვეთაც აღარ არის. ამ მხრივ გაიოლებულია ექიმის საქმიანობა. მაგრამ ამან კვალიფიკაცია ძალიან დასწია.

    ევროკავშირის სტანდარტით, კვალიფიკაცია ნიშნავს სამი ფაქტორის ერთობლიობას: ცოდნას; უნარს, რომ ისწავლო ის, რაც არ იცი; და დამოკიდებულებას, რაზეც თქვენ საუბრობდით. ჩვენთან, პრაქტიკულ მედიცინაში, რომელი უფრო გვიჭირს ამ სამიდან?

–    ცოდნა და დამოკიდებულება. ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ექიმს ავადმყოფი უნდა უყვარდეს, ისე არაფერი გამოვა. ვინც არ უნდა იყოს – თუ გინდა, მტერი იყოს; თუ გინდა, მკვლელი იყოს. მისი დანაშაული ექიმს არ ეხება. სანამ ის ავადმყოფია, რაც შეგიძლია და არ შეგიძლია, ყველაფერი უნდა გაუკეთო. ზოგჯერ შეიძლება, ექიმის ქცევა იყოს ზერელე. კი, იურიდიულად ყველაფერი გააკეთა, ვერაფერზე მოედავები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

–    თქვენ რა კრიტერიუმებით არჩევთ ახალ კადრებს? თუ მოწმდება ექიმის ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება, სანამ თქვენი ცენტრის თანამშრომელი გახდება?  

–    ჩვენთან, ძირითადად, მოდიან ახალგაზრდები, რომლებმაც ინსტიტუტი დაამთავრეს და მაგისტრატურაში გამოცდა კარგად ჩააბარეს. შემდეგ აქ მათ სპეციალურ კომისიასთან აქვთ გასაუბრება. მაგრამ ეს გასაუბრება მედიცინას არ ეხება, ეხება ზოგად განათლებას, ენების ცოდნას.  ამის მიხედვით წყდება, ვის მივიღებთ და ვის – არა.

–    თქვენს პედაგოგზე მინდა, გკითხოთ. ბორის ვოტჩალი გასწავლიდათ ასპირანტურაში და თქვენ ბრძანებდით, მან მასწავლა კლინიკური აზროვნება, რისი დეფიციტიც არის მედიცინაშიო. რა არის კლინიკური აზროვნება? ეს დიაგნოსტიკის განსაკუთრებულ მეთოდებს ეხება თუ სხვა რამეს?  

–    კლინიკური აზროვნება დიდი დეფიციტია და არამარტო ახალგაზრდა ექიმებში. არ შეიძლება, ექიმმა წიგნით უმკურნალოს ავადმყოფს. წიგნში წერია, რომ წნევა უნდა იყოს 120/80-ზე და პულსი – 70. მაგრამ მოვიდა პაციენტი და შეიძლება, ათი დაავადება ჰქონდეს. ექიმს უნდა შეეძლოს, განსაზღვროს, რა არის ამ წუთში მთავარი, რა არის უფრო საშიში ავადმყოფის სიცოცხლისთვის და აქედან დაიწყოს მკურნალობა. ექიმს კლინიკური აზროვნება სჭირდება იმისთვის, რომ დაავადებების მთელი კომპლექსი  გააანალიზოს. ხშირად ხდება, რომ ავადმყოფს წნევა აქვს, შაქრიანი დიაბეტი აქვს, გული აწუხებს, სახსრები ტკივა და ექიმი იბნევა, თითო-თითო წამალს უნიშნავს ყველა დაავადებისთვის. ავადმყოფი ღებულობს უამრავ წამალს, მაგრამ დიდი შედეგი, ალბათ, არ არის. ექიმმა უნდა შეძლოს, რომ სწორად გამოყოს, რა არის მთავარი.

მეორე კიდევ, რაც მთავარია, ყველაფერი, რაც კეთდება პაციენტისთვის გამოკვლევა – ეს იქნება ანალიზები, ბიოქიმიური თუ კლინიკური; ეს იქნება ინვაზიური გამოკვლევა; ეს იქნება რადიოლოგიური თუ რენტგენოლოგიური; ეს იქნება კომპიუტერული თუ ექოსკოპიური – არ აქვს მნიშვნელობა. თუ კონსულტანტი მოიწვიეს, თუ გინდა, ძალიან მაღალი რანგის. ყველაფერი ეს უნდა შეკრიბოს ექიმმა და ექიმმა უნდა გაუკეთოს ყველაფერს ანალიზი. და იმისდა მიხედვით უნდა უმკურნალოს პაციენტს.
–    ამ ადამიანმა ეს ყველაფერი როგორ გასწავლათ? 

– არ შეიძლება, ექიმმა წიგნით უმკურნალოს ავადმყოფს. ალბათ, ძალიან ძნელია ამის ახსნა, როგორ გვასწავლა. ჯერ ერთი, უნიკალური ლექციები ჰქონდა, მთელი მოსკოვიდან და მოსკოვის გარეუბნებიდან მოდიოდნენ ექიმები მის მოსასმენად. ავადმყოფის მდგომარეობას ისე არჩევდა, რომ დღესაც – როცა ექიმობის 64 წლის სტაჟი მაქვს –  ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ის რას იტყოდა, რას გააკეთებდა. იყო ასეთი შემთხვევა, ინფარქტიანი ავადმყოფი გვყავდა და შემოვლის დროს პაციენტმა გონება დაკარგა. იმ დროს მაღალი ძაბვის ელექტროშოკით მკურნალობა არ არსებობდა. პროფესორი ვოტჩალი მაღალი კაცი იყო, დიდი ხელები ჰქონდა. ავადმყოფმა გონება რომ დაკარგა, უცებ გულზე ორჯერ დაარტყა მთელი ძალით. მე გავგიჟდი, ვიფიქრე, რა დაემართა ამ ჩვენს პროფესორს; ინფარქტიან ავადმყოფებს ჩვენ არ ვანძრევთ და ეს გულმკერდზე ურტყამს… და ამუშავდა გული. ბევრი ასეთი რამ ხდებოდა. ავადმყოფთან ურთიერთობა უნდა ისწავლო. ძალიან ხშირად პაციენტი მოდის და გეუბნება: წნევა მაწუხებს, გული მტკივა… გრძნობ, რომ ადამიანი დათრგუნულია, გულის და წნევის გარდა, რაღაც მნიშვნელოვანი აწუხებს. ექიმმა უნდა შეძლოს და ეს გაიგოს. ძალიან დიპლომატიურად, ტაქტიანად, მაგრამ უნდა გაიგოს. და გაირკვევა, რომ ან შვილის უბედურება აქვს, ან ქმარი ჰყავს ავად, ან რაღაც სხვა… ხშირად მიკითხავს – რამდენი შვილი გყავს? სულ არ მაინტერესებს ავადმყოფის ოჯახური მდგომარეობა. მაგრამ მინდა, გავიგო, მას რა აწუხებს. ავადმყოფობის გარდა, კიდევ რაღაც აწუხებს და შველას თხოულობს. მაგრამ ამას არ ამბობს.

–    ძალიან საინტერესოა. 

–    როცა რაღაცას აუხსნი, დააწყნარებ, ის უკვე მშვიდად არის. იცის, რომ ექიმი ყურადღებით იყო. ეს აუცილებელია. რატომ არის, რომ ავადმყოფი მიებმება ხოლმე ექიმს. მე მყავს პაციენტები, 30-40 წელიწადია, ჩემთან დადიან.

    თქვენი ერთი ფრაზა მინდა, წაგიკითხოთ: ათასი კაცი რომ კმაყოფილი წავიდეს და მათ შორის ერთი წარუმატებელი შემთხვევა გამოერიოს, ის ერთი წაშლის იმ ათასსო. „წაშლის“ რას ნიშნავს? თქვენთვის წაშლის? საზოგადოებისთვის წაშლის? იმ პოლიტიკოსისთვის წაშლის, პარლამენტში რომ იცრუა?

–    ჩემთვის. რასაკვირველია ჩემთვის. იმ დროს, თითქოს, გათავდა ყველაფერი. ეს ძალიან მძიმე მომენტია. ლაპარაკობენ, რომ ექიმი ეჩვევა სიკვდილს. ეს ტყუილია. ასი წელიწადი რომ იმუშაო, ადამიანი ხარ და ადამიანური ემოციები გაქვს. ერთადერთი, ექიმს გამოუმუშავდება ჩვევა, რომ თავი შეიკავოს და არ დაიწყოს ვიშვიში. ექიმი თავშეკავებული უნდა იყოს, მაგრამ ისე განცდები ძალიან დიდია.

    იქამდე, რომ ათას წარმატებულ შემთხვევას ერთი წარუმატებელი გადასწონის?

–    შენი წარმატება მაშინ აღარ გახსოვს. შეიძლება იცი, რომ ძალიან მძიმე იყო, უნდა დამარცხებულიყავი, მაგრამ შენ დამარცხდი. წაგაქცია.
 –    ამდენი წელი სულ უმძიმეს ავადმყოფებთან გაქვთ საქმე. თქვენს ხასიათს თუ დაამჩნია რაიმე კვალი სიკვდილთან ამდენმა ბრძოლამ? 

– ლაპარაკობენ, რომ ექიმი ეჩვევა სიკვდილს. ეს ტყუილია.  ისიც არ ვიცი ზუსტად – ჩემმა ხასიათმა მომიყვანა ასეთ მძიმე ავადმყოფებთან და მათთან ვარ უკვე 60 წელიწადია – თუ ავადმყოფების სიმძიმემ შექმნა ჩემი ხასიათი. ერთს გეტყვით, რომ მე არ შემიძლია მუშაობა ქრონიკული დაავადებების მქონე, არამძიმე პაციენტებთან. ყველა პროფესიას პატივს ვცემ და იმ ავადმყოფისაც მესმის, რომელსაც სულ რაღაც სტკივა. მაგრამ მე მთელი ცხოვრება სიკვდილთან ბრძოლაში ვიყავი. სხვანაირად არ შემიძლია. ერთი პაციენტი მყავდა – ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. მოსკოვში გადაიტანა ინფარქტი და ჩემი პროფესორი მკურნალობდა. მერე აქ დაემართა ინფარქტი, როცა ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში. დაურეკეს ვოტჩალს, როგორ მოვიქცეთო. მან უთხრა, ჩემი მოწაფეა იქ და მიაკითხეთო. შვიდჯერ გადაიტანა ინფარქტი ამ ადამიანმა. ბევრჯერ ძალიან ცუდად იყო. და რისკის შესახებ გეტყვით: მაშინ „ლეჩკომბინატს“ უნდა მიეცა ცნობა ასეთი პირისთვის, შეუძლია თუ არა, საზღვარგარეთ წავიდეს. რომ წავიდეს და იქ რამე მოუვიდეს, ეს საბჭოთა კავშირისთვის არამარტო დიდი სირცხვილი, არამედ სრულიად მიუღებელი რამ იყო. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ვუწერდი, რომ შეიძლება გავიდეს ქვეყნიდან – ამასაც დიდი გაბედვა უნდოდა. წლების განმავლობაში დადიოდა საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი საქმეც გააკეთა. ერთ-ერთი ინფარქტის დროს მისი დაბადების დღე იყო და ჟურნალისტებმა ინტერვიუ აიღეს. ჰკითხეს, თქვენი ექიმი ვინ არის და რამდენად კმაყოფილი ხართო. მან თქვა, ექიმი ძალიან კარგი მყავს, ყურადღებიანი, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარე აქვს: სანამ ცუდად ვარ, დღე და ღამე ჩემ გვერდშია; უკეთესად რომ გავხდები, გაქრება ხოლმე და ვეღარ ვხედავ, მე აღარ ვაინტერესებო. აი, მართლა ასეა ხოლმე.

–    ჩემთვის ძალიან  უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ.  თქვენი მეუღლე, რომელიც თვითონაც არაჩვეულებრივი ექიმი იყო, ინფარქტით როგორ გარდაიცვალა? არადა, რამდენი ადამიანი გადაგირჩენიათ…

–    ეს ჩემთვის მძიმე საკითხია, მაგრამ მაინც გეტყვით. ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად იცოდა, რაც სჭირდა. მეც ძალიან კარგად ვიცოდი. შვილის გარდაცვალების მერე მას სიცოცხლე არ უნდოდა. სულ ამბობდა: თავს ვერ მოვიკლავ, იმიტომ, რომ ეს ქრისტიანული საქციელი არ არისო. მაგრამ არანაირ მკურნალობას არ იტარებდა. ერთადერთი, გული ძალიან რომ შეაწუხებდა, მიიღებდა ნიტროგლიცერინს, მაქსიმუმ ათი წუთი დაწვებოდა, ადგებოდა და მიდიოდა სამსახურში. 24 საათი კლინიკაში იყო. იმ დღესაც – ეს იყო შაბათი – დილით, სანამ სამსახურში წავიდოდა, ცუდად იყო. მიიღო ნიტროგლიცერინი, წავიდა, გააკეთა ოპერაცია, მოვიდა, რამდენიმე საათში უეცრად ეს მოხდა.
ექიმს გამოუმუშავდება ჩვევა, რომ თავი შეიკავოს და არ დაიწყოს ვიშვიში.
–    თქვენ სახლში იყავით? 

–    არა, არ ვიყავი სახლში და თვითონაც თავის მეგობართან, მსახიობ გურამ საღარაძესთან იყო სტუმრად. ნარდს თამაშობდნენ. უცებ, უკან-უკან გადავარდა.

–    პრინციპში, თქვენ ელოდებოდით, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო? 

–    რა თქმა უნდა.

–    ვერ დაითანხმეთ მკურნალობაზე? 

–    ვერა. მოვიყვანე კორონაროგრაფიის აპარატის სანახავად. უხაროდა, რომ აპარატი უკვე გვქონდა. სულ მილოცავდა და აღფრთოვანებული იყო. ვუთხარი – ზურაბ, მოდი, იქნებ, გაიკეთო… არა!

–    კარგით, ისევ დავუბრუნდებით თქვენს ოჯახს. მანამდე კი ედუარდ შევარდნაძეზე მინდა, გკითხოთ. თქვენ დიდხანს იყავით მისი პირადი ექიმი და ოჯახის მეგობარი. თავისი ბიოგრაფიით და ბუნებით ედუარდ შევარდნაძე  ძალიან წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო. რამე ისეთი თვისება თუ ჰქონდა, რითიც გაოცებდათ? 

–    ჰქონდა, დიახ.

–    რა თვისება იყო? 

–    მიუხედავად მისი ხასიათისა – ყველამ იცის მისი ხასიათის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების შესახებ – ჰქონდა რაღაც, ძალიან ადამიანური. მაგალითად, ჩემი შვილიშვილი წლის და ოთხი თვის იყო, როცა უმამოდ დარჩა. თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რომ თავის შვილიშვილებზე მეტად ჩემს შვილიშვილს ჰყვებოდა თან. აფხაზეთის ამბები რომ იყო, საერთოდ იქ გადაგვიყვანეს – ბატონი ედუარდის ოჯახში ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლეც და უფროსი ვაჟიც აფხაზეთში იყვნენ, მეუღლე იქ ოპერაციებს აკეთებდა.  რას ვერ ვეგუები – უსაქმურობას, ტყუილს და გულგრილობას.
–    ეს არ ვიცოდი.

–    დიახ. ყოველ დილით ბატონი ედუარდი ხელს მოჰკიდებდა მარიამს, ჩემს შვილიშვილს, და ბავშვს კარებამდე უნდა მიეცილებინა. ერთხელ ჰკითხა: ბაბუ ედუ, ბაბუაჩემი რომ ექიმია, ვიცი და თქვენ ვინ ხართ? ვერ გავიგე, რას აკეთებთ? იმან უპასუხა, ჩემო მარიამ, მეც არ ვიცი, რას ვაკეთებო. აი, ეს ჰქონდა.

–    სითბოთი გაოცებდათ? 

–    წინააღმდეგობრივი ხასიათი ჰქონდა. ის შეიძლება ყოფილიყო მკაცრი და დაუნდობელიც კი და, ამავე დროს,  შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან რბილი, გამგებიანი… თითქოს, ორი პიროვნება ცხოვრობდა ამ ადამიანში. ერთი კიდევ, რაც მაოცებდა: აურაცხელი რაოდენობის ლექსი იცოდა ზეპირად.

–    ვისი ლექსები იცოდა? 

–    ქართველი მწერლების. ძალიან ბევრის.

–    როდის ამბობდა ლექსებს? 

–    სახლში. ხალხში არ უთქვამს არასდროს.

–    სუფრასთან? თუ ისე ამბობდა?
–    სუფრასთან არასდროს აქტიურობდა. სულ ჩუმად იყო. ყოველთვის ვიღაც სხვა იყო თამადა. თვითონ სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. უბრალოდ, ოჯახში ამბობდა ლექსებს.

–    თქვენ სხვებზე უკეთ გეცოდინებათ – ედუარდ შევარდნაძე უფრო გულღია კაცი იყო, თუ უფრო გულდახურული? 

–    გულღიას მასზე ვერავინ იტყოდა.

–    ბავშვთან რომ ასეთი უშუალო კონტაქტი ჰქონდა? თან ჰყვებოდაო, ბრძანეთ.

–    მერე რა? ბავშვის მიმართ სიყვარულს იჩენდა. გულღია სხვანაირ ადამიანს ჰქვია. ბევრ რამეს მისგან ვერ გაიგებდი.

–    მისი იუმორის და კომუნიკაციის უნარის მიუხედავად, იმ შთაბეჭდილებას თუ ტოვებდა, რომ მარტოსული ადამიანი იყო? 

–    ალბათ ასე იყო, დიახ.

–    მან რამდენიმე წიგნი დაწერა, მაგრამ ყველას გვაქვს განცდა, რომ ბევრად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, ვიდრე ამ წიგნებში გადმოსცა. 

–    ის არასდროს იხსნებოდა ბოლომდე და არც გაიხსნებოდა. როცა პრეზიდენტობიდან გადადგა, რამდენიმე ხნის შემდეგ ვკითხე: ბატონო ედუარდ, რა მოხდა? რატომ მოხდა ასე? ორი სიტყვით მიპასუხა: იყო ძალიან დიდი ღალატი. ვკითხე, ვისი მხრიდან იყო-მეთქი ღალატი? სამი პიროვნება დამისახელა.

–    გვეტყვით? 

–    ერთი აღარ არის, მაგრამ ორი დღესაც კარგადაა. მეტს ვერ გეტყვით.

–    გასაგებია ყველაფერი. ოღონდ, ისიც საკითხავია, რას ეძახდა თვითონ ღალატს… ახლა ისევ თქვენთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ. ალბათ, გაქვთ რაიმე პრინციპი, რომელსაც არასდროს დათმობთ. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის ეს პრინციპი ან პრინციპები? 
 –    რას ვერ ვეგუები – უსაქმურობას, გულგრილობას და ტყუილს. ოღონდ, ტყუილს ნუ მეტყვიან, რაც არ უნდა საშინელი სიმართლე იყოს, ყველაფერს ავიტან.

–    თქვენი თავი ძლიერ ადამიანად თუ მიგაჩნიათ?

–    არ ვიცი.

–    ცოტა რიტორიკული კითხვაა. პირადად მე ლეგენდად მიმაჩნიხართ. 

–    არ ვიცი. ძალიან ხშირად მითქვამს, მე რომ ნორმალური ქალი ვიყო, დღეს აქ არ უნდა ვიჯდე.

–    მაგაში ვერ დაგეთანხმებით და გეტყვით, რატომ. პირადად მე სანახევროდ გამზარდა ბებომ, რომელსაც ჩემს დაბადებამდე სამი ქალიშვილი და სიძე ჰყავდა გარდაცვლილი ტუბერკულოზით, 50-იან წლებში. მე ჩემი ბებოს თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს, თუმცა, სასაფლაოზე გავატარე ნახევარი ბავშვობა. ჩემი ბებო სიმხნევის ეტალონად მიმაჩნდა. ერთხელ სტუდენტი ვიყავი, როცა კახეთში ახალ წელს ვხვდებოდით ბებო და მე. წარმოიდგინეთ, ქალაქში გაზრდილი ადამიანი მიფიცხებული ვიყავი ღუმელთან და ჩემი ბებო, ასაკოვანი ქალი, დარბოდა სამზარეულოსა და ოთახს შორის, რომ როგორმე ჩემთვის დღესასწაული მოეწყო. ისე მრცხვენია, ახლა რომ ვიხსენებ. ამიტომაც მგონია, რომ, დიახაც, თქვენ აქ უნდა იყოთ და ადამიანებს ეხმარებოდეთ. კითხვაც მაქვს ასეთი: თქვენი შვილიშვილებისთვის როგორი ბებია ხართ? რა გინდათ, რომ თქვენგან ისწავლონ? 
–    ჯერ ერთი, მინდა, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ;  მოსიყვარულეები უნდა იყვნენ; უნდა იცოდნენ ადამიანის დაფასებაც და პატიებაც. ადამიანმა პატიება უნდა იცოდეს. რაც არ უნდა დააშავოს შენ წინაშე ვიღაცამ, იმდენი უნდა შეძლო, რომ აპატიო. მე ბევრისთვის ისეთი რამ მიპატიებია, რომ დღემდე მეუბნებიან, არ იყო საპატიებელი. მე ვაპატიე. არ შემეძლო, რომ არ მეპატიებინა. რაც შეეხება ცრემლებს, ჩემი ცრემლი მართლა არავის უნახავს – არც სამსახურში, არც სხვაგან. ჩემი ცრემლი ნახა ჩემმა ბალიშმა, ჩემმა ოთახმა.

–    ვიცი ეს ამბავი და ამიტომ ვამბობ, რატომაც არ უნდა იყოთ ავადმყოფების გვერდით? თქვენს შვილიშვილებს ესეც ხომ გინდათ, ასწავლოთ?! 

–    ჩემი შვილიშვილები ექიმები არ არიან.

    მერე რა? სიმხნევე უნდა ასწავლოთ. თქვენმა შვილიშვილებმა კი არა, მთელმა საქართველომ უნდა ისწავლოს ეს თქვენგან. 

–    ერთადერთი, რასაც ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს (ჯერ პატარები არიან) ვეუბნები: ცხოვრება არის მძიმე, ვერაგი გზა. არ დაიჩოქოთ, რაც არ უნდა მოგივიდეთ ცხოვრებაში, არ დაიჩოქოთ არასოდეს, ყველაფერი გადალახეთ!

–    როგორ ფიქრობთ, მშობლის მთავარი ვალდებულება შვილისადმი რა არის? 

–    პირველ რიგში, მშობელმა შვილს სიყვარული უნდა ასწავლოს, უფროსების პატივისცემა. არ შეიძლება ასე – ადამიანი უკვე ასაკოვანია და შეიძლება (ამ სიტყვას ვიხმარ) ჩაირეცხოს. არ შეიძლება, იმიტომ კი არა, რომ ასაკოვანი ვარ. პირიქით.  ჩემი ასაკი არასოდეს დამიმალავს. სულ ორი შვილიშვილი დამრჩა. მე ორი შვილი და შვილიშვილი დავკარგე.

–    ვიცი, ქალბატონო გულიკო. 

–    ჩემი შვილიშვილი მარიამი ისეთი პრინციპული და მომთხოვნია. აი, ვინ არის ძლიერი. „როგორ, ეს უნდა გააკეთო!“ – ისე მეტყვის ხოლმე, ვითომ ის არის ბებია და მე შვილიშვილი ვარ.
–    შვილების მოვალეობები მშობლების მიმართ რა არის, როგორ ფიქრობთ? 

–    შვილებსაც ძალიან დიდი მოვალეობები აქვთ. სამწუხაროდ, მე ორივე შვილი ძალიან ადრე დავკარგე, ახალგაზრდები. ერთი ვიცი, რომ მათგან, სიყვარულის გარდა, არასოდეს არაფერი მიმიღია. უხეში სიტყვა არ მახსოვს მათგან. უმცროსი შვილი რომ დამეღუპა, უფროსი მეუბნებოდა: დედა, ცოტა მაგრად იყავი! რომ დავიწყებდი ხმამაღლა ლაპარაკს ტელეფონში, მეკითხებოდა, დედა, რატომ ყვირიხარ? აბა, ვის ვუყვირო? – მე ვეუბნებოდი. თუ ყვირილი გაწყნარებს, ისევ მე მიყვირეო, – მეუბნებოდა.

–    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ მაინც ბევრად ძლიერი იყავით შინაგანად, ვიდრე თქვენი მეუღლე. არ იყო ასე? 

–    ძალიან ძლიერი კაცი იყო, ძალიან ძლიერი, როგორც კლდე.

–    რატომ მეგონა, იცით, პირიქით? თქვენ ამბობდით, ყოველ დილით შვილის საფლავზე მიდიოდა, მერე სამსახურში წავიდოდა, საღამოს ისევ საფლავზე გამოივლიდა და სანთელს ანთებდაო. 

–    დიახ, ასე იყო. რაც იცოცხლა, წლების განმავლობაში, ყოველ დილით მიდიოდა საფლავზე, მერე სამსახურში და საღამოს ისევ საფლავზე გამოივლიდა, ისე მოვიდოდა სახლში.

    ჰოდა, ასე მგონია, მართლა ძალიან დაიზიანა თავი იმით, რომ ვერაფრით გადაიტანა შვილის გარდაცვალება. ცხრა წლის განმავლობაში არ შეეგუა ამ ტრაგიკულ რეალობას. 

–  კიდევ კარგი. ბედნიერი იყო, რომ არ მოესწრო არც უფროსი ბიჭის და არც შვილიშვილის გარდაცვალებას. სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, არაფრის მეშინოდა. როცა წავიდა, ძალიან დავიბენი. მეგონა, ვეღარაფერს გავაკეთებდი. თურმე, შეიძლება ყველაფრის გაკეთება… ძალიან დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა. უმცროსი ბიჭის გარდაცვალების მერე მიმიყვანეს უწმინდესთან და ვუთარი, რომ, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა  ის არის, რომ დღე და ღამე რეანიმაციაში ვიყავი და სიკვდილს ვებრძოდი; ალბათ, ეს არ უნდა მეკეთებინა-მეთქი. მან მითხრა, პირიქით, ღმერთის ნებას ასრულებდიო. ორი თვე მაინც არ დავდიოდი სამსახურში, აღარ მინდოდა. მაშინ უწმინდესმა მითხრა: „შენ წახვალ სამსახურში და იმუშავებ, ყველაფერს გააკეთებ“. არ წავალ-მეთქი. „ხვალ წახვალ!“ მართლა წავედი. საღამოს დამირეკა: „იყავი სამსახურში?“ – მკითხა. ვიყავი-მეთქი. ასე გამომიყვანა მდგომარეობიდან ძალით.
–    პატრიარქთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ?

–    თუ მე არ დავიჩოქე და არ წავიქეცი, აქ ძალიან დიდი როლი ეკუთვნის უწმინდესს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ყველანაირად – მოფერებითაც, ისეც, ასეც. როცა ჩემი უფროსი შვილი ავად გახდა, გერმანიაში ვიყავით წასული დიაგნოზისთვის. პირველი ზარი იყო მისი. „რა ხდება?“ ერთი კი ვუთხარი, უწმინდესო, დავიღუპე-მეთქი. გაჩერდიო – მითხრა, – ხმა არ ამოიღოო, ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ იმან არ იგრძნოსო. ჩემმა შვილმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ბოლო დღემდე არ უთქვამს, რომ ცუდად არის. სანამ გონება არ დაკარგა. მეგობრებს კი ეუბნებოდა – დედაჩემს დღემდე ჰგონია, მოგონილი დიაგნოზი რომ მაქვს, მჯერა ამისო. ალბათ, ჩემი შვილების გამო, ძალიან მიყვარს ახალგაზრდები.

–    ახალგაზრდებისთვის რა გაქვთ მთავარი სათქმელი? 

–    ჯერ ერთი, მე სულ მინდა, რომ ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა გადავცე. წიგნში ხომ ყველაფერი არ წერია? წიგნში კანონები წერია, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. მეც ბევრი რამ სხვისგან ვისწავლე და მინდა, რომ ჩემგანაც ისწავლონ. ვიღაცა სწავლობს, ვიღაც არ სწავლობს, ვიღაც ვერ სწავლობს. ხშირად არ სწავლობენ. ყოველ შემთხვევაში, მე ეს სურვილი მაქვს. ჩემი უმცროსი შვილი 29 წლის წინ გარდაიცვალა. მის დაბადების დღეზე დღემდე მისი ამხანაგები მოდიან. ასევე – უფროსი ბიჭის მეგობრებიც. მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. თუ რამე უჭირთ, მაშინვე რეკავენ. ზოგჯერ ექიმობის გამო არა, სხვა რაღაც პრობლემა აქვთ და მირეკავენ. სანამ ცოცხალი ვარ, არ მკარგავენ.

–    რა არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. სიცოცხლე არა, ცხოვრება.

–    სიკეთე. ადამიანმა უნდა აკეთოს სიკეთე – ეს არის მთავარი. სიკეთე აუცილებლად დაბრუნდება, ან აქეთ, ან იქით…

–    დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საუბარს, ტრადიციულად, დავასრულებთ თქვენი კომენტარებით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალს, რომენ როლანს (1866-1944): „ჯანმრთელობა ისევე გადამდებია, როგორც ავადმყოფობა“. 

–    ვეთანხმები. ჯანმრთელ ადამიანს ჯანმრთელი აურა მოაქვს. კიდეც რომ ჰქონდეს ურთიერთობა ავადმყოფთან, ის თავისი აურით და თავისი განწყობით დადებითად მოქმედებს. ამას ნამდვილად ვეთანხმები.

–    მეორე ციტატა ეკუთვნის კლასიკური ხანის ბერძენ ფილოსოფოსს, პლატონს (ძვ.წ. 427-347): „ბედი – ეს არის გზა უხილავიდან უხილავისკენ“.

–    დიახ, ვეთანხმები. ჯერ ერთი, ეს პლატონმა თქვა, ამხელა ფილოსოფოსმა. და მართლა ასე არ არის? მართლა უხილავიდან უხილავისკენ არის ბედი. რომ გგონია, ძალიან ბედნიერი ხარ… მე დავფრინავდი ჩემს პირველ უბედურებამდე.

მეგონა, რომ ფრთები მაქვს და დავფრინავ და ყველაფერი შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერი მომწონდა, ვცდილობდი, გამეკეთებინა. და რა… უხილავიდან უხილავისკენ… ბოლო რა არის? არავინ არ იცის…

sainteresoadamianebi.1tv.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018