ჰამასმა ისრაელს 370 ჭურვი ესროლა – ისრაელმა ჰამასის 100 ობიექტი დაბომბა

ჰამასმა ისრაელს 370 ჭურვი ესროლა - ისრაელმა ჰამასის 100 ობიექტი დაბომბაპალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ისრაელის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ღაზას სექტორიდან 370 ჭურვია გაშვებული ისრაელის მიმართულებით. დაახლოებით 100 ჭურვი მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ისრაელური გამოცემა Haaretz იუწყება, სარაკეტო შეტევების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულია 53 ადამიანი.

თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა საპასუხო შეტევისას ღაზას სექტორში იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-მდე ობიექტზე.

„ამ დროისთვის იერიში მივიტანეთ ასამდე სამხედრო ობიექტზე, მათ შორის განადგურებულია „ჰამასის“ სამი სტრატეგიული ობიექტი და სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენებოდა“, – აღნიშნეს ისრაელის არმიაში.

ინტერპრესნიუსი