ივანიშვილი – “უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ს მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული”

ივანიშვილი - "უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ს მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული"ექსცესების მცდელობები იქნება, თუმცა მეორე მხრიდანაც მობილიზება არის საკმარისზე მეტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან თავისი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა.

„მცდელობები იქნება რა თქმა უნდა ექსცესების, მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა, რომ მისი ტელევიზია იქნება ძალიან გამეცადინებული ამაში და მონაწილეც იქნება.

„თუმცა მობილიზება მეორე მხრიდანაც არის ძალიან კარგი და ნახეთ თქვენ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ისევე მოხდება დღესაც, მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ს მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10-დან 9 შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ზე არის სიცრუე, მაგრამ მობილიზება არის მოსახლეობის მაღალი. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი სამეგობროც არის კარგად მობილიზებული, არასამთავრობოებიც სწორ განწყობაზეც დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ, განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.