ჯუმბერ თავართქილაძე – “ღმერთს ჩავაბარებ სიცოცხლეს და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დავუშვებ”

ჯუმბერ თავართქილაძე - "ღმერთს ჩავაბარებ სიცოცხლეს და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დავუშვებ"რატომ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები “ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა ბათუმში? როგორი საკადრო პოლიტიკა აქვს მმართველ პარტიას აჭარაში? ვინ ჰყავს “ოცნებას” ბათუმის საარჩევნო შტაბში? ამის შესახებ “ახალ თაობას” საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე ესაუბრა.
– ბატონო ჯუმბერ, საპრეზიდენტო არჩევნებში ბათუმში ნაცმოძრაობამ გაიმარჯვა. ასეთი შედეგი რით იყო განპირობებული?
– ნაცმოძრაობამ ბათუმში კი არ გაიმარჯვა, ნაცმოძრაობამ ბათუმში მობილიზება გაუკეთა ყველა მის ამომრჩეველს და საარჩევნო ყუთთან მიიყვანა ყველა ის ამომრჩეველი, ვისი მიყვანაც შეეძლო. ბუნებრივია, ნაცმოძრაობას ეს გამარჯვებაში არ უნდა ჩავუთვალოთ.
– რატომ, ხომ გაიმარჯვა?
– არჩევნებზე ამომრჩეველთა 45% მივიდა. ბათუმში არის 140 ათასი ამომრჩეველი. 140 ათასი ამომრჩევლიდან, რაც ნაცმოძრაობას აქვს, იმ ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა.
– ანუ “ოცნების” ამომრჩევლები არ მივიდნენ?
– დიახ. ყველაფერი არასწორი მენეჯმენტისა და იმ არასწორი საკადრო პოლიტიკის ბრალია, რომელიც “ქართულ ოცნებას” არამარტო აჭარაში, არამედ ზოგადად საქართველოში აქვს.
– არასწორი მენეჯმენტის ბრალია?
– დიახ. მოდით, გადავხედოთ, ვინ არიან “ოცნების” ბათუმის საარჩევნო შტაბში. ბათუმის საარჩევნო შტაბში სხედან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ჩვენ გვებრძოდნენ.
– ვინ არიან?
– პიროვნებებს არ დავასახელებ. როცა მოვიკითხე, “ქართული ოცნების” ბათუმის შტაბში ერთი პიროვნებაც კი ვერ დავინახე, რომელიც 2012 წლამდე ნაციონალების წინააღმდეგ იბრძოდა. თუკი ასეთები იყვნენ, ყველა ნაცმოძრაობიდან ჩვენთან ჩანერგილები.
არ ვიტყვი, რომ ეს არის დამარცხება. ნაცმოძრაობის მაქსიმალური მობილიზება გამოწვეული იყო იმით, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მათ დასაყრდენი ჰქონდათ. შტაბის ის წევრები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ პორტირებულები და ახლაც ფორმალურად “ოცნებაში” არიან, დარწმუნებული ვარ, შტაბს არწმუნებდნენ იმაში, რომ მათი ამომრჩეველი ისედაც მივიდოდა.
– ანუ ბათუმის შტაბის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ?
– დიახ, “ოცნების” შტაბს მოსახლეობასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა, რადგან იმ ხალხის მოვალეობა, ვინც 2012 წელს გაერთიანებულ ოპოზიციაში აგენტებად იყვნენ შემოგზავნილები, პორტირებული იყვნენ “ოცნების” საარჩევნო შტაბებში, ცრუ ანალიზი და ცრუ რჩევების მიცემაა.
“ქართულ ოცნებას” იმის 10% სამუშაო რომ ჩაეტარებინა, რასაც ჩვენ ვატარებდით 2012 წელს, სალომე ზურაბიშვილი 80%-ს მიიღებდა. ნაცმოძრაობაზე და “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებული საზოგადოება ნაცმოძრაობას ხმას არ მისცემდა.
– ხომ შეიძლებოდა ისე გაბრაზებულიყვნენ, რომ ნაცებისთვის ხმა მიეცათ?
– არა. ამომრჩევლის დანაშაული არაფერია. 2012 წლამდე ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ვინც ვიბრძოდით, “ოცნებას” განაწყენებული ჰყავს, მაგრამ ეს არ გვაძლევდა იმის უფლებას, ნაცმოძრაობისთვის ხმა მიგვეცა.
– პირადად თქვენ კობა დავითაშვილის პარტიიდან იბრძოდით 2012 წლამდე.
– 2004 წლიდან 2012 წლამდე მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი აჭარაში. ყველა უბედურება, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაატრიალა აჭარაში, მე და ჩემმა ოჯახმა გადავიტანეთ.
– “ახალი თაობა” ამაზე წერდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილი წავიდა პოლიტიკიდან, თქვენც წახვედით. თქვენ რატომ წახვედით პოლიტიკიდან?
– მე არასამთავრობო სექტორში გადავინაცვლე. მაშინ დავინახე, რომ იმ პერიოდისთვის ქართველმა ამომრჩეველმა ვერ შეაფასა კობა დავითაშვილის პატიოსანი ცხოვრება და მისი პატიოსანი პოლიტიკური მოღვაწეობა. არ მქონდა ილუზია, რომ ჩემსას შეაფასებდა.
– ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებენ, დაივიწყონ წყენა და მივიდნენ არჩევნებზე, რომ ხელისუფლებაში ნაციონალები ვეღარ დაბრუნდნენ.
– პანიკის არანაირი საბაბი და წინაპირობა არ არის.
– როგორ?
– პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს არის დადგმული სცენარი.
– ვისი დადგმული სცენარია?
– არ გამოვრიცხავ, “ოცნებისა” და ნაცმოძრაობის ერთობლივი სცენარი იყოს, რომ გაიკრიფოს შუა პოლიტიკური წრეები. თუმცა, ამ სცენარმა უფრო მეტი შანსი მისცა საზოგადოებას, ჩამოყალიბდეს ეროვნული ძალა და ამ ეროვნულმა ძალამ ორივე ძალას პასუხი გასცეს.
– სანამ ეს ძალა ჩამოყალიბდება?
– სანამ ეს ძალა ჩამოყალიბდება, მანამდე არანაირი პანიკის ნიშნები არ არის. როგორც 2012 წელს, ისე ახლაც, ერი უნდა გაერთიანდეს. სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება ვაიძულოთ, ყველა დანაპირები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში ამ ხელისუფლებასაც ისევე მოისვრიან პოლიტიკურ სანაგვეზე, როგორც მოისროლა ქართველმა ხალხმა წინა ხელისუფლება. იმის 1% ალბათობასაც არ დავუშვებ, რომ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.
ვინც არ მივიდა არჩევნებზე, ის ნაწილია, ვინც 2012 წლამდე იბრძოდა ნაცების წინააღმდეგ და ვისი ღირსებაც შელახა “ოცნებამ” თავისი არასწორი საკადრო პოლიტიკითა და დანაპირების შეუსრულებლობით, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის საკითხში.
ხელისუფლებამ აჭარაში უნდა განახორციელოს სწორი საკადრო პოლიტიკა. “ოცნებას” სამართლიანობის აღდგენის დაპირება უნდა შეესრულებინა.
– რა გარანტიაა, რომ ახლა ის გაბრაზებული ხალხი მეორე ტურში მივა და “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს მისცემს ხმას?
– გარანტია არის. ერთ-ერთი გაბრაზებული მე ვარ და არჩევნებზე მისვლას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ნაცმოძრაობას პოლიტიკურად საბოლოოდ გავანადგურებთ.
– თუკი “ოცნების” საარჩევნო შტაბებში არიან ნაცმოძრაობიდან პორტირებულები თუ ჩანერგილები, ისინი ხომ კვლავ ისე გააგრძელებენ მუშაობას, როგორც მუშაობდნენ. ახლა ხალხთან კომუნიკაცია საჭირო აღარ არის?
– მე აჭარის შტაბის გადახალისებას ველოდები. ამას გააკეთებენ. გარდა ამისა, პირველი ტური კარგი საფუძველია იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი საკადრო პოლიტიკა შეცვალოს და შეასრულოს დანაპირები.
– ეს ერთ თვეში მოესწრება?
– წინასაარჩევნო დაპირებების ერთ თვეში შესრულება ძნელია, მაგრამ საკადრო პოლიტიკის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა, არა პანიკურად.
გარდა ამისა, საზოგადოებას უკვე აღარ სჭირდება “ქართული ოცნების” შტაბის გააქტიურება, თვითონ გააქტიურდება და ნაცმოძრაობის არსებობას წერტილს დაუსვამს აჭარაში და მთლიანად საქართველოში.
– ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკას აჭარაში უწუნებთ თუ მთლიანად საქართველოში?
– ამ შემთხვევაში მთლიანად საქართველოს მასშტაბით ვგულისხმობ, მაგრამ აჭარაში თვალშისაცემია ის, რომ ხალხი, რომელიც მე მებრძოდა, ჩემს ოჯახს ატერორებდა, დღეს უშიშროების სამსახურების უფროსები, პოლიციის სამმართველოს უფროსები არიან.
– კონკრეტული სახელები გვითხარით.
– სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგ დონეზე არ დავალ. ზოგიერთები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებია, მთავრობაში მუშაობენ და ა.შ. ეს ის ხალხია, ვინც მე და ჩემს ოჯახს გვატერორებდა და ჩვენი ოჯახი ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი.
ეს მე დღემდე არ მითქვამს, მაგრამ მოვიდა დრო, სიმართლე ვთქვათ. მე არ ვამბობ, ხალხი ამბობს, რატომ არის გამოსასწორებელი საკადრო პოლიტიკა. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ არ დავმარცხებულვართ, “ქართულმა ოცნებამ” თავისი არასწორი ქმედებით თავი თვითონ დაიმარცხა.
კაცი, რომელიც მე მებრძოდა, იმ პიროვნების დეიდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ახლა პარლამენტში გამოდის და ომით გვემუქრება.
– გვითხარით მათი გვარები, რატომ არ გვეუბნებით?
– ნუ ცდილობთ, პიროვნებები დამასახელებინოთ. ვინც არაერთხელ დამიჭირა ოპოზიციური ბრძოლის გამო, ის დღეს უმაღლეს საბჭოს დეპუტატად მოგვევლინა. ამას ხალხი ხედავს. ნუ ჰგონიათ, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. თუ ცუდი გაქვს გაკეთებული, საზოგადოებამ შეიძლება გაპატიოს, მაგრამ დავიწყება არ შეუძლია. ამან გამოხეთქა. თქვენი გაზეთით რჩევებს ვაძლევდი “ოცნებას”, დროზე მოდით გონს-მეთქი. გონს რომ მოსულიყვნენ, ეს შედეგი არ ექნებოდათ.
– რამდენადაც ვიცი, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვენს ძმას ქონება დაუყადაღა.
– ჩემს ძმებს, მამიდაშვილებს.
– მაშინ ამბობდნენ, რომ თქვენი ძმის სუპერმაკეტში დიდი ოდენობის პროდუქტი გაფუჭდა.
– ასევე ფრინველები დაიხოცნენ.
– და შენობიდან აყროლებული სუნი მოდიოდა. რამდენი მოწყვლადი ჯგუფია, მათთვის მაინც გადაეცათ.
– ჩემმა ძმამ შესთავაზა, სუპერმარკეტი გაეხსნათ და პროდუქტი უპატრონო ბავშვთა სახლისთვის გადაეცათ, მაგრამ ისიც არ გააკეთეს. ვინც ამას აკეთებდა, ის ხალხი დღეს პოლიციის სამმართველოს უფროსების მოადგილეები და გამგებლები არიან.
– 2012 წლის შემდეგ თუ აგინაზღაურდათ ის ზარალი, რაც ნაცხელისუფლებამ მოგაყენათ?
– არანაირი ანაზღაურება არ მომხდარა. უბრალოდ, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სასამართლო გადაწყვეტილებები და იმ ჯარიმების 50% მოგვიხსნა, რაც უკანონოდ გვქონდა დაკისრებული. ამისთვისაც დიდი მადლობა. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა ზარალიც მოგვადგა.
– პოლიტიკაში ბრუნდებით?
– დღეს არის დრო, როდესაც პოლიტიკაში უნდა დავბრუნდე. გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფი ვზივართ და ვფიქრობთ, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია. ჩვენ ახლა ვყალიბდებით და 1 კვირაში განაცხადს გავაკეთებთ. თუმცა, ეს განაცხადი არ იქნება ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის გუნდის სასარგებლო. ღმერთს ჩავაბარებ სიცოცხლეს და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დავუშვებ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა