კალაძე ნაციონალებს ღიად დაემუქრა – ”ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს!“

კალაძე ნაციონალებს ღიად დაემუქრა - ”ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს!“„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ინფორმირებულია და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

ამ განცხადებით კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა:

„ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა.

ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება.

ამ სცენარისთვის, ნაციონალური მოძრაობა ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას.

ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში!

კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.

ნიუპოსტი