კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!

კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!“ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად იყო გაფორმებული “ლუკოილში” და ლოგისტიკის მიმართულებას კურირებდა”. რამდენიმე კომპანია და არასამთავრობო სექტორი “საქართველოს რკინიგზას” კორუფციულ გარიგებებსა და ოლიგოპოლიის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანიების მტკიცებით, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით არსებულ დერეფანს ორი კომპანია – “პეტროკასი” და “კარგო ტრანზიტი” აკონტროლებენ, სხვა გადამზიდავებს კი რკინიგზა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს ამ სფეროში კონკურენციის შეზღუდვას. ბიზნესისა და მესამე სექტორის მტკიცებით, რკინიგზის ამგვარი ქმედებების უკან ჩრდილოვანი გავლენები იკვეთება, რითაც ამ სქემაში ჩართული კომპანიების ოფშორულ ანგარიშებზე უკანონოდ ნაშოვნი მილიონები ირიცხება…

ვასილ ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი:


“თუ “საქართველოს რკინიგზა” აქამდე გადამზიდავ კომპანიებს ეუბნებოდა, რომ სანავთობე ტვირთებს არ გადაუზიდავდა და ამისამართებდა მათ მიერვე შექმნილ კომპანიაში, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა გადამზიდავებს მაღალი სატარიფო პოლიტიკით, ახლა პოლიტიკა შეიცვალა – “საქართველოს რკინიგზა” უარს აღარ ეუბნება გადამზიდავებს ტვირთების გადაზიდვაზე, მაგრამ პროცედურულად იწყებს მათ “გაჭედვას”. მაგალითად, ერთ შემთხვევაში კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმეს, პირობა დადეს, რომ გადაზიდავდნენ მათ ტვირთს და ბოლო მომენტში, როცა სომხეთის რკინიგზაში უნდა გადაეგზავნათ შეთანხმების შესახებ დოკუმენტი, პასუხისმგებელი პირები “დაიკარგნენ”. მეორე შემთხვევაში საქმე იქამდე მიიყვანეს, როცა გადამზიდავთან უნდა გაეფორმებინათ კონტრაქტი, ისევ “დაიკარგნენ” და დოკუმენტს ხელს აღარ აწერენ.
რკინიგზის გადაზიდვების მონოპოლიური სქემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს “დალაგდა”, რომლის სათავეშიც დავით კეზერაშვილი იდგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს აწყობილი სქემა “ქართულ ოცნებას” გადაულოცეს. წინა ხელისუფლების დროს სომხეთის მიმართულებით სანავთობე ტვირთები გადაჰქონდა მხოლოდ ერთ კომპანიას – “პეტროკასს”, რომლის 49%-იან წილს რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტი” ფლობს, ხოლო 51% რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის. ახლა ამ გადაზიდვებში გაჩნდა მეორე ჯგუფიც, “კარგო ტრანზიტი”, რომელიც კომ­პანია “ლუკოილის” ტვირთების გადამზიდავია. ამ უკანასკნელს კი ზაზა ქათამაძე ხელმძღვანელობს, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი. ამ ორმა კომპანიამ, ფაქტობრივად, გაიყო სომხეთის მიმართულება და თითოეულს 150-150 ათასი ტონა შეხვდა. “საქართველოს რკინიგზასთან” ურთიერთობაში ეს ორი კომპანია საერთოდ არ ფიქსირდება, “რკინიგზის” მიერ შექმნილი “ჯიარ ტრანზიტ ლაინის” საშუალებით აფორმებენ მათთან კონტრაქტებს. ორივე კომპანია, რომელიც სომხეთში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სარკინიგზო დერეფანს დაეპატრონა, ოფშორშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, “პეტროკასის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ კოხრეიძე “ქართული ოცნების” დეპუტატი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია”.

დავით დოლიძე, “გადამზიდავი კომპანია “დავიდ ენდ კომპანის” დამფუძნებელი:

“1997 წლის შემდეგ ჩვენი კომპანია გადაზიდვების სფეროში მუშაობს, ძირითადად, სომხეთის მიმართულებით. პრობლემები “რკინიგზასთან” ურთიერთობაში ორი წლის წინ დაიწყო. მივმართეთ წერილობით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის თხოვნით, მივიღეთ თანხმობა, გაგვიფორმეს კონტრაქტი, ჩვენც დავტვირთეთ გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა და რკინიგზამ აღარ გამოგვიყო ვაგონები ტვირთის სომხეთში გადასატანად. როცა გვინდოდა გაგვერკვია, რატომ არ გვაძლევდა რკინიგზა ვაგონებს, სამივე შესასვლელი რკინიგზაში ჩარაზული იყო და ტელეფონზე არავინ გვპასუხობდა. ეს ორ თვეს გაგრძელდა. ამასობაში გემის მოცდენის საფასური – დღეში 8 ათასი დოლარი ერიცხებოდა ჩემს კომპანიას. ჩემი პარტნიორი სომხეთიდან დღეში ასჯერ მირეკავდა. იძულებული გავხდი, იმ ხალხთან დამეკავშირებინა, ვინც ჩემგან განსხვავებით მათი ტვირთის გადაზიდვას შეძლებდა, ასეთი კი “კარგო ტრანზიტი” აღმოჩნდა…

სომხეთიდან ჩემი ყოფილი პარტნიორები დამიკავშირდნენ. გვითხრეს, ვიცით, თქვენთან ბიზნესი ხელშეუხებელია და დავიწყოთ თანამშრომლობაო. “რკინიგზამ” სომხურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის წარდგენა მომთხოვა. შემდეგ ჩემი პარტნიორი მირეკავს და მეუბნება, საქართველოდან დამიკავშირდნენ, ერთ-ერთმა გადამზიდავმა თავად შემომთავაზა ტვირთის გადატანაო, ანუ “რკინიგზას” ამისთვის სჭირდებოდა ჩემი პარტნიორების კონტრაქტები. მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და გვაცნობეს, რომ ორივე უწყება გაეცნობა ჩვენს წერილებს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია”.

ლაშა ფარულავა, “კროსლაინ ლოჯისტიკის” დირექტორი:

“მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენს პარტნიორებთან სომხეთში ნავთობპროდუქტების მოწოდებაზე, განაცხადით მივმართეთ “საქართველოს რკინიგზას” და კონკრეტული რაოდენობის ტვირთის გადაზიდვა მოვითხოვეთ. გავიარეთ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, წარვადგინეთ ყველა დოკუმენტი და ამის მიუხედავად, “საქართველოს რკინიგზამ” არ მოგვცა ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა. ორი თვის განმავლობაში დავდიოდი “რკინიგზაში”, ვწერდი განაცხადს, ტელეფონით ვუკავშირდებოდი პასუხისმგებელ პირებს, მაგრამ უშედეგოდ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი დაბლოკეს. ამასობაში ჩვენი ტვირთი ბათუმშია გაჩერებული და ფინანსურად სერიოზულად ვზარალდები… ჩვენი სომეხი პარტნიორების მოთხოვნა იყო, არ გავაფორმებთ­ ხელშეკრულებას იმ კომპანიებთან, რომლებიც გადაზიდვებში ზედმეტს გვახდევინებენო, თან ეს თანხა არც ხვდება საქართველოს სახელმწიფოში, არამედ ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებზე მიდის. ანუ ჩვენი სომეხი პარტნიორების მოთხოვნით, პირდაპირ “რკინი­­გზასთან” უნდა დაგვედო ხელშეკრულება და მასთან­ გვემუშავა როგორც­ ექსპედიტორ კომპანიას. სხვათა შორის, ვაგონების შემოყვანაზეც კი ვიყავით თანახმა,­ თუ ამის საჭიროება დადგებოდა.
ინვენტარულ პარკს, რომელიც “რკინიგზას” აქვს, დღეს იყენებს მისივე შექმნილი “ჯიარ ტრანზიტ ლაინი”, რომლის პარტნიორები არიან “პეტროკასი” და “კარგო ტრანსი”. ამ უკანასკნელს “ლუკოილის” საწვავი გადააქვს, ხოლო “პეტროკასს” – “როსნეფტის”. დღეს ნავთობპროდუქტებს ეს ორი კომპანია ეზიდება. ეს პირდაპირი მონოპოლიაა. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში გადამზიდავი “საქართველოს რკინიგზაა” და სხვა ყველა კომპანია ექსპედიტორია, რომლებიც “რკინიგზის” მომსახურებას ქირაობენ, მათ შორის “ჯიარ ტრანზიტ ლაინიც”. ეს ექსპედიტორი კომპანია საქართველოს რკინიგზამ თავის თავში შექმნა (ფლობს 100%-ით) და ფაქტობრივად, თავისი ფუნქციები გადააბარა. სახელმწიფო საწარმოს მაინც სხვაგვარი ანგარიშვალდებულებები აქვს, ასეთ კომპანიებს კი ბიზნესის ენაზე “პრაკლადკას” ეძახიან. მერე ეს ფირმა ვისთან და როგორ გააფორმებს ხელშეკრულებებს, უკვე ცოტა სხვა ამბავია. თავდაპირველად ოფისიც არ ჰქონდათ, მხოლოდ ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი, არასასურველი ზარების თავიდან აცილება ასე უფრო ადვილია. უარს თითქოს არ გეუბნებიან, საქმეს კი ვერ მოაგვარებ, ხოლო რკინიგზა, სახელმწიფო საწარმო ასე ვერ მოიქცევა, მასთან შედის აუდიტი, შეიძლება გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია და სხვ. თავის ექსპედიტორ კომპანიას რკინიგზამ სომხეთის დერეფანზე მისცა პრეფერენციები, ვაგონებსაც მოთხოვნისთანავე აწვდის. თავის მხრივ, ეს კომპანია უპირატეს მდგომარეობას ანიჭებს მის ორ კონტრაქტორ ფირმას. მათი გადაზიდვის ტარიფი 1 ტონაზე 93 დოლარია, ხოლო რკინიგზის ტარიფი 34 დოლარამდეა. ანუ, ამ ორ კომპანიას მოგების სახით ერთ ტონაზე 59 დოლარი რჩება. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ფული მიდის­ ოფშორებში.
ყველამ, ვინც საწვავის ბიზნესშია, იცის, რომ ამ ორი კომპანიის უკან დგანან არაფორმალური მმართველები, რომლებიც დაკავშირებული არიან ივანიშვილის სახელთან, მისი ავტორიტეტით სარგებლობენ თუ მისი მითითებით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელიც რეალურ შედეგებს დადებს.
წინა ხელისუფლების დროს იაკობაშვილის ფირმას სახელმწოსთან ურთიერთობას კეზერაშვილი “ულაგებდა”. დღეს კი, ვინც საწვავზე მუშაობს, ყველამ იცის, რომ მამაცაშვილსა და ფარცხალაძესთან ლაგდება საქმე, ეს სომხებმაც კი იციან და ასეა 2014 წლიდან. საზოგადოდ, სომხეთის დერეფანი მაღალი პოლიტიკური დონის საკითხია, ცხადია, რომ ის ივანიშვილის დონეზე წყდება. მოკლედ, ამ ბიზნესის მფარველი უჩა მამაცაშვილი გახდა, ისიც ცნობილია, რომ ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად იყო გაფორმებული “ლუკოილში” და ლოგისტიკის მიმართულებას კურირებდა. პირდაპირი მტკიცებულება ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მამუკა ბახტაძეც, როგორც “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი, მონაწილეობდა ამაში. დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი გავა მათ კვალზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ იაკობაშვილი ცდილობდა ფაშინიანთან შეხვედრას, თუმცა ის არ შეხვდა.
ასევე ჩვენს პარტნიორებს უკავშირდებიან “ლუკოილიდან” და ეუბნებიან, ხომ იცით, საქართველოში ვისთან ლაგდება საქმე, ჩვენ მასთან დალაგებული გვაქვს საქმე და მოდი, ჩვენ გადაგიზიდავთო.
ყველამ იცის, ვინ ალაგებს საქმეებს და სამწუხაროა, ხმას რომ არ იღებენ. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, სადაც “საქართველოს რკინიგზისგან” ვითხოვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ვითხოვთ მიუღებელ სარგებელს. “საქართველოს რკინიგზას” ამ თანხის გადახდა მოუწევს და ისევ სახელმწიფო საწარმო დაზარალდება, რომელიც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია”.
P.S. “საქართველოს რკინიგზამ” ბრალდებებს წერილობით უპასუხა და სიცრუე უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს რკინიგზა” თანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს დაინტერესებულ პირებს ტვირთის მოცულობის გათვალისწინებით, რომ მის შვილობილ კომპანიებს გაფორმებული აქვთ რამდენიმე საექსპედიტორო ხელშეკრულება მსხვილ თუ წვრილ გადამზიდავ კომპანიებთან.
რადგან მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ჩვენებების გასაჯაროების პრაქტიკაც არსებობს, ალბათ, უპრიანი იქნება, “საქართველოს რკინიგზამ” ის კომპანიები გაგვაცნოს, რომლებიც სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადამზიდავია.
ყოფილი მთავარი პროკურორი რომ “ლუკოილის” დირექტორის მოადგილე იყო დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ინფორმაცია “კვირის პალიტრას” დაუდასტურა კომპანიის დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძემ, რომლის თქმით, ოთარ ფარცხალაძე “ლუკოილში” ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა.

ბიპიენი, კვირის პალიტრა