ხათუნა ხოფერია – “ნაციონალებმა ამდენი ხმა ვანო მერაბიშვილის სქემის საშუალებით მიიღეს”

ხათუნა ხოფერია - "ნაციონალებმა ამდენი ხმა ვანო მერაბიშვილის სქემის საშუალებით მიიღეს"“ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს.
– ქალბატონო ხათუნა, საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და პროცესი დიდი ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– მე ასე არ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სამად. იმიტომ, რომ აღმოჩნდა ნაწილი, ვისაც გააჩნია გარკვეული პროტესტის გრძნობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და აი ამ გრძნობის დაყვანა ბუნებრივ, ადამიანურ მოთხოვნილებებამდე, რასაც ქვია კუჭის საკითხი, მე ვფიქრობ არ იქნება სწორი და შეურაცხმყოფელიც იქნება გარკვეულწილად.
– რატომ? რა მოთხოვნა ჰქონდათ მათ?
– ამ ადამიანების დიდ ნაწილს პროტესტი აქვს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა. იმიტომ, რომ რეალურად ეს ხელისუფლება მოვიდა ამ დაპირებით! იცით, ნაციონალური რეჟიმის დროს რაც ხდებოდა. ეს უბრალოდ ადამიანის უფლებების დარღვევა არ იყო, ეს იყო დანაშაული, ჩადენილი ადამიანების წინაშე! ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ეს არის ნაციონალური მოძრაობის წარსული და ადამიანებს უბრალოდ უნდოდათ, აღდგენილიყო სამართლიანობა და ეს ადამიანები დასჯილიყვნენ.
– ხომ დაისაჯნენ?
– კი, გარკვეული ნაწილი ადამიანების არის დასჯილი, იმას ვერ ვიტყვით, რომ არ დასჯილან. მათ შორის დაისაჯნენ ლიდერები და პასუხისგებაშიც არიან მიცემულნი.
– დიდი ნაწილი არამარტო დაუსჯელია, ისინი შეუერთდნენ ”ოცნების” რიგებს და ამ ხელისუფლებასთან არიან გაიგივებული. ხომ ასეა?
– დიახ, ასეა. შევთანხმდეთ, რომ ეს ადამიანები გაბრაზებულები არიან, ისინი ითხოვდნენ სამართლიანობას, ითხოვდნენ ცვლილებებს და ეს ცვლილებები არ მოხდა. ითხოვდნენ ამ ადამიანების ჩამოცილებას ქვეყნის მართვისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ნაწილი არის სახელმწიფოს შიგნით, თანამდებობებზეც არიან. გახსნი მათ ბიოგრაფიას და ხედავ, რომ ამ ადამიანმა თავისი კარიერა გაიკეთა ნაციონალური მოძრაობის ყველაზე აღვირახსნილ პერიოდში.
– რა პერიოდს გულისხმობთ?
– 2006 წელს, 2007 წელს, 2008 წელს, როდესაც უკვე მომხდარია ჟვანიას მკვლელობა, გირგვლიანის მკვლელობა, პატარკაციშვილის მკვლელობა და ეს ადამიანები იკეთებენ კარიერას ამ პერიოდში. ისინი მუშაობენ და ემსახურებიან ვის? – რეჟიმს!
აი, ეს არის ის მესამე ფენა, რომელმაც თავისი სამართლიანობის აღდგენის სურვილი, იმის სურვილი, რომ ის დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ცხოვრობს საზოგადოებაში, სადაც მსგავსი არაფერი არ ემუქრება, ვერ დაიკმაყოფილა!
ამიტომ შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველო არ არის ორ ნაწილად გახლეჩილი. ამისი ილუზია უბრალოდ ნუ ექნება ნურავის, რომ ერთს აქვს 38%, მეორეს – 37%. არა, ჩემო კარგებო, არის კიდევ მესამე ძალა, რომელმაც თავისი ხმები ამ სიტუაციაში გამოიყენა საიმისოდ, რომ დაესაჯა ხელისუფლება! იცით, კიდევ რაშია ამ ხელისუფლების დანაშაული?!
– რაში?
– ხელისუფლებამ არასოდეს უნდა მიიყვანოს თავისი ამომრჩეველი იქამდე, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად ამ ადამიანებმა გამოიყენონ კონსტიტუციით მონიჭებული ყველაზე დიდი უფლება, რაც არის ხმის მიცემის უფლება და არჩევითობის უფლება! გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინა იმისთვის, რომ ხელისუფლება დაეყენებინა ფაქტის წინაშე, აეხილა მისთვის თვალი და ამით დაესაჯა.
– ეს გამოუვიდათ?
– ალბათ ხვდებით, ეს რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც თვლის, რომ ვაშაძისთვის ხმის მიცემით გსჯის შენ, ის თავის თავსაც ისჯის, რადგან ის არ არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. მისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ისეთი ბოროტება, რომ მას იყენებს შენ დასასჯელად, შენს ჭკუაზე მოსაყვანად.
პრაქტიკულად საზოგადოებამ გაიარა ბეწვის ხიდზე. მან გამარჯვება მაინც სალომე ზურაბიშვილს მიანიჭა, მაგრამ თავისი პოზიციის გასამყარებლად, იმისთვის რომ მოეყვანა ჭკუაზე მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლება, გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება, ხმის მიცემის უფლება!
– რამდენად გაჭრის ეს, მოეგება ხელისუფლება გონს?
– “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო, რომ ის ყოფილიყო ერთიანი, გუნდური ძალა. მოსახლეობამ “ოცნებაში” დასაჯა პორტირებულები, ვიღაცეების მიერ ჩაბმული ადამიანები და არა – მთლიანად “ქართული ოცნება”.
ის პროცენტი, რომელიც დაიდო, ეს არის ხმები იმ ადამიანების, ვინც ჯერ კიდევ ნდობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ხვდება, რომ საჭიროა გარკვეული პიროვნებების შეჯანჯღარება. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს ჭირდებოდა, რომ მის გარსემო მყოფი ძალები შეჯანჯღარებულიყო, დასუფთავებულიყო და რადიკალური ნაბიჯები ყოფილიყო გადადგმული საიმისოდ, რომ ნდობის საბოლოო დაკარგვა არ მომხდარიყო.
– ბიძინა ივანიშვილი შეცდომით დაეყრდნო იმ ძალას, ვისაც დაეყრდნო, მას უღალატეს და ასე შემდეგ?
– მე ვერ გეტყვით, რომ შეცდომით დაეყრდნო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლისას კონკრეტულად დაასახელა პოლიტიკური ძალები, ვისთანაც ითანამშრომლებდა. მისი მხრიდან ეს იყო საკმაოდ გააზრებული ნაბიჯი. ეს იყო გაკეთებული ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. თუნდაც საგარეო ფაქტორიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მხარდაჭერები ყოფილიყო შენარჩუნებული.
პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძალებზე სცადა მან დაყრდნობა და ის ადამიანები მოიყვანა თავის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. შეცდა თუ არ შეცდა, ვერ გეტყვით. 6 წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და გარკვეულ პერიოდში ამ ადამიანებმა, ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი როლი პროცესში ითამაშეს.
– კარგი თუ ცუდი როლი?
– ვთქვათ სიმართლე, რომ ბევრმა მათგანმა გადააჭარბა. როგორც წესი, ქართველებისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც საქვეყნო საქმეს აკეთებ, აუცილებლად უნდა იზრუნო საკუთარ კუჭზე, საკუთარ ოჯახზე და საკუთარ ნათესაობაზეც და ძირითადი გამაღიზიანებელი იყო ეს.
ასევე დაგროვდა ბევრი კორუფციული ფაქტი, პოლიტიკური თამაშები. იგივე ივანიშვილისთვის ხელების გადაგრეხვის ბევრი მომენტი ვნახეთ ამ 6 წლის განმავლობაში. თუმცა, “ქართული ოცნება” ძალიან ადვილად და მართებულდ თავისუფლდებოდა ამ ადამიანებისაგან. მთელი 6 წლის განმავლობაში ხდება დაწრეტა და გასუფთავება იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც არსებობს. დღესაც მათი ყველა გამოსვლა იწყება იმით, რომ მოხდება შიდაპარტიული წმენდა.
– რამდენად მოახერხებენ ამას? აქვთ სამისო დრო?
– ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ძალიან მოკლე დროა საიმისოდ, რომ ასეთი ძვრები განხორციელდეს. ჯერჯერობით მე წმენდას და შიდაპარტიულ ცვლილებებს ვერ ვხედავ.
– რა იქნება მეორე ტურში?
– დღეს იცით, როგორი განწყობაა? თუნდაც ის ნაწილი, რომელმაც თავი შეიკავა და არ მივიდა არჩევნებზე, ან მივიდა და შემოხაზა იგივე ანდრიაძე, ან შაშიაშვილი, ან თუნდაც უსუფაშვილი, ეს ნაწილი არ თვლის, რომ მეორე ტურში მიდის სალომე ზურაბიშვილის ასარჩევად.
– როგორი იქნება მათი არჩევანი?
– მეორე ტური მათთვის არის საკუთარი პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი გადაირჩენენ თავს, გადაარჩენენ თავიანთ ოჯახებს, გადაარჩენენ თავის წარსულს და გადაარჩენენ საქართველოს მომავალს იმით, რომ 48 ნომერს შემოხაზავენ.
დღეს ძალიან სერიოზული გაერთიანება მიდის ამის გარშემო. ეს ხალხი აღარ უსმენს არცერთ მხარეს და თვითონ იღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მიდის საზოგადოების გაერთიანება ამ იდეის გარშემო.
მეორე ტური იქნება სახალხო პროცესი, როდესაც ხალხი თვითონ მიიღებს საკუთარი თვითგადარჩენისთვის გადაწყვეტილებას.
– ანუ თქვენც უერთდებით იმ პათოსს, რომ ეს არის ქვეყნის, მომავლის გადარჩენა?
– დიახ და ეს არის ჩვენი მონაპოვრის გადარჩენა, რაც იყო 2012 წელს. ეს ჩვენი ერთიანობის აქტი იქნება. ჩვენ ნამდვილად ბევრნი ვართ და არ გვემეტება საქართველო არავისთვის.
ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წელს აიღო 27%, დღეს კი ეს რიცხვი გაზრდილია ძალიან სერიოზულად. ბუნებაში ეს ადამიანები არ არსებობენ ასეთი რაოდენობით, რომლებიც ასე თვალდახუჭულები მივიდოდნენ და შეემატებოდნენ. ეს არის ძალიან სერიოზული ქვედა დინებები და მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას მაინც ახდის ფარდას და საზოგადოებას ეტყვის, რეალურად ვინ არის ის 200 თუ 250 ათასი კაცი, რომელიც არჩევნების დღეს სადღაც ჰაერიდან გაჩნდა ნაციონალებთან.
– თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რა მოხდა და ვინ არიან?
– მე ვფიქრობ, რომ ესენი არიან მიძინებული პირადობის მოწმობის მატარებელი ადამიანები.
– ნაციონალებს ჰქონდათ ამის გამოყენების საშუალება?
– ამას არაფერი საშუალება არ უნდა, ეს არის ძალიან სუფთად გაკეთებული, ჯერ კიდევ დაწყებული 2008 წლიდან. პროცესი, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ, ეს არის მისამართებზე მიწერილი ხალხი, რაღაცა პირადი ნომრებით, პირადობის მოწმობებით, სიაში შეტანილი ფოტოებით და ასე შემდეგ.
დაახლოებით სიტუაცია არის ასეთი, რომ თითოს სადღაც სამი-ოთხი ხმის მიცემის უფლება გაუჩინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ ხელისუფლებაშიც ეყოლებოდათ მხარდამჭერები და ხელშემწყობები.
ეს არის ის სქემა, რომელიც პირადად ვანო მერაბიშვილს ებარა. გრიგოლ ვაშაძემ უკვე ბევრჯერ ახსენა, რომ მერაბიშვილს გამოუშვებს. როგორც ჩანს, მისცა ვანოს გათავისუფლების პირობა და ვანომაც მისცა გასაღები ამ სქემის დასამუშავებლად.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა