ხათუნა ხოფერია – “ვერც მიშა, ვერც გრიშა და ვერც იმათი კრიშა სიმშვიდეს ვერ წაგვართმევს!”

ხათუნა ხოფერია - "ვერც მიშა, ვერც გრიშა და ვერც იმათი კრიშა სიმშვიდეს ვერ წაგვართმევს!"“ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს.
– ქალბატონო ხათუნა, საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერები მეორე ტურის შემდეგ რევოლუციურ სცენარს გეგმავენ. რას იტყვით თქვენ?
– ჩემი მხრიდან არასწორი იქნება ამ ჩანაწერის ავთენტურობაზე საუბარი. თუმცა ნამდვილად არ მიკვირს, რომ ასეთი სცენარი შეიძლება შემდგარიყო. არც მათი პოზიცია არ იწვევს რაიმეს გასაკვირს. ყველაფერი რაც ხდებოდა ამ ბოლო პერიოდში, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე აწეულიყო წინასაარჩევნო ტემპერატურა, აწეულიყო აგრესიული ფონი. სახეზე გვაქვს კონკრეტული ფაქტები.
– კერძოდ?
– მაგალითად, ასეთი გახსნილი გინება პირდაპირ ეთერში გვარამიას მხრიდან. ასეთი ღია შეურაცხყოფები ჟურნალისტის მხრიდან, არნახული თავდასხმა პრეზიდენტობოს კანდიდატზე და რომელი ერთი ვთქვა. თუნდაც ეს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი.
– ეს ცრუ ინფორმაცია იყო?
– რა თქმა უნდა და ამაში აქტიურად გამოიყენეს ენჯეოები. იმისთვის, რომ რაღაც სანდოობის და დაცულობის მომენტი გაეჩინათ თავის ამომრჩევლებისთვის, რომლის გამოყვანაც უნდოდათ ქუჩაში. ახსოვს ყველას, რომ კარვებთან დაკავშირებითაც იქ პირველი ენჯეოები მივიდნენ და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იქ უნდა დამსხდარიყვნენ, თუმცა კაციშვილს ვერ ვხედავთ იქ. რომც დამსხდარიყვნენ, არც არავის დაუპირებია მათი აყრა იქიდან. ეს ყველაფერი ერთი რამისკენ არის მიმართული.
– რისკენ?
– ისინი ტესტავენ თავის ელექტორატს და გარკვეული სცენარები აქვთ. სააკაშვილის დაბინდულ გონებაში კარგი რომ არაფერი დაიბადება ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დღეს ქვეყანაში ფონი, რომელიც არის შექმნილი, ეჭვს არ იწვევს იმაში, რომ ქართველი ხალხი ასეთი აგრესიული და რევოლუციური სცენარისთვის მზად არ არის.
6 წლის მონაპოვარი, რომელიც რეალურად გვაქვს და რომელსაც ყველა პატივს მივაგებთ და ვუფასებთ ამ ხელისუფლებას, ეს არის სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა, რომელიც ერთი წლის წინ თუ წლინახევრის წინ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს. ამას ვერც მიშა, ვერც გრიშა და ვერც იმათი კრიშა ვერ წაგვართმევს! ეს არის გამორიცხული.
– არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რევოლუციურ სცენარზე საუბარი არც ნაცმოძრაობის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ეს ალბათ სხვაზე უკეთაც ესმით. რაში ჭირდებათ ამომრჩევლის დაფრთხობა?
– როდესაც იცის პოლიტიკურმა ძალამ, რომ მას აპრიორი წაგებული აქვს არჩევნები, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ გამოსავალი იპოვონ. ისინი გატესტავენ ყველაფერს. რევოლუციურ სცენარს გატესტავენ, გატესტავენ ქუჩის აქციებს. ეცდებიან, რომ წავიდნენ მოლაპარაკებაზე.
ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს ხალხში, რომ ის მათ ავანტიურაზე არ წამოეგება.
ამაში რომ ვიყოთ დარწმუნებული, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ამ ხალხის ხმა და ხელისუფლება უნდა აკეთებდეს სწორ აქცენტებს და იღებდეს სწორ გადაწყვეტილებებს. მე მგონი, ხელისუფლების მხრიდან ეს ნება არის გამჟღავნებული და ძალიან დიდმა ნაწილმა საზოგადოების, რომელიც იყო გაბრაზებული და გულნატკენი, ეს დაიჯერა.
– ანუ განწყობები შეიცვალა საზოგადოებაში პირველი ტურის შემდეგ?
– დიახ. ძალიან სერიოზულად არის შეცვლილი განწყობები. რაც მთავარია, ნებისმიერ გარემოცვაში გაიგებთ ხალხის დამოკიდებულებას, რომ მათ არ უნდათ არეულობა, უნდათ სიმშვიდე და სიწყნარე და რომ ამისი გარანტორი არის ბიძინა ივანიშვილი და ის ხალხი, ვინც ეს სიმშვიდე და სიწყნარე თავისი მხრებით მოიტანა. ამის დათმობას არავინ არავისთვის არ აპირებს.
ნაციონალურ მოძრაობას თავისი გაჭირვება აქვს, ევროპულ საქართველოს კიდევ უფრო მეტი გაჭირვება აქვს და ყველა პოლიტიკურად გაჭირვებულმა თავის თავს მიხედოს. იმ აგრესიულმა პოლიტიკამ, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდია ატარებენ, შედეგი არ მოიტანა და ეს იყო მათი შეცდომა.
– სააკაშვილი თავისი განცხადებებით საქმეს უფუჭებს ნაციონალებს?
– ამას ესენიც აღიარებენ და უპირისპირდებიან იმ საცოდავს და იმ უბედურ დღეზე გაჩენილს, ყველა გაემიჯნა. თავიდან ჯერ ევროპული საქართველო გაემიჯნა, მერე მისი მქადაგებლები გაემიჯნენ. გაემიჯნა თავად პრეზიდენტობის კანდიდატიც, რომელიც მიშას მოყვანილია და მიშას ზურგით იკეთებდა სახელს და კარიერას, ისიც კი გაემიჯნა ბოლო მომენტში.
მიშა არის არაადეკვატური, უბრალოდ მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც მასთან არიან ვალში. ვალში არიან რეალურად, ეს არის მათი პრობლემა.
– უნდა ველოდოთ არეულობას მეორე ტურის შემდეგ?
– რა მნიშვნელობა აქვს – დესტაბილიზაცია თუ რევოლუცია? არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ? ესენი ტესტავენ ამ სიტუაციებს. ყველა ვარიანტი გატესტეს. აგრესიული პოლიტიკა, საერთაშორისო მხარდაჭერები, ენჯეოების მხრიდან წამოსული აგრესია – ყველგან ქართველმა ხალხმა უთხრა უარი.
მთავარი არის ის, რომ 28-ში არჩევნები ჩატარდება, მშვიდად და წყნარად, ისე, როგორც შეეფერება ნორმალურ სახელმწიფოს, ევროპის ღირებულებებისკენ მიმავალ სახელმწიფოს. აი, ასე ჩატარდება 28-ში არჩევნები და დაიდება გამჭირვალე შედეგები.
– თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ ხალხს ნდობა გაუჩნდა და შემობრუნდა განწყობები. გაამართლებენ ხალხის ნდობას და მიცემულ შანსებს? მათაც ხომ სერიოზული შეცდომები დაუშვეს?
– მე ვერ ვიტყოდი, რომ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა შანსი. ეს არის ძალიან მძიმე გამონათქვამი. ქართველმა ხალხმა თავი შეახსენა, თავისი ბრაზი გამოხატა და ბიძინა ივანიშვილმა ბევრი დანაშაული, ხელისუფლების დაშვებული შეცდომები აიღო თავის თავზე და თქვა, რომ ამას გამოასწორება.
ეს არ არის შანსის მიცემა. ეს არის პირობა და შეთანხმება. ეს არის პასუხისმგებლობის აღება. პირველი ტურის 38% იყო უპირობო ნდობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ახლა ამ 38%-ს რაც დაემატება, ესეც იქნება მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ოღონდ იმ პირობის საპასუხოდ, რომელიც ხალხმა დაუსვა ხელისუფლებას.
ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა იმ ენჯეოებთან ერთად, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის განშტოება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა