კობა გვენეტაძე: „სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე“

კობა გვენეტაძე: „სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სებ-ი ინტერვენციებს მომავალშიც გააგრძელებს.
ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ სებ-ის სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე არაა.
„ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია; მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მსგავსი ინტერვენციები მომავალშიც იქნება.
„ისევ და ისევ რეზერვების გასაზრდელად“, – აღნიშნა მთავარმა ბანკირმა.
სებ-ის ინტერვენციასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც.
ვანო მაჭავარიანის განცხადებით, „IMF დაჟინებით ითხოვს სებ-ისგან, რომ ყოველწლიურად განახორციელოს რეზერვების შევსება“.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მოიქცა ისე, როგორც ამ შემთხევავში ევალება ეროვნულ ბანკს ანუ ის პერიოდულად ავსებს სავალუტო რეზერვებს. ჩვენი სავალუტო რეზერვი არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენი დონის ეკონომიკას შეესატყვისება. თქვენ შეგიძლიათ, ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ამასთან მიმართებაში; ისინი (IMF) დაჟინებით ითხოვენ ეროვნული ბანკისგან, რომ ყოველწლიურად განახორციელოს რეზერვების შევსება და ალბათ ამ შევსებისთვის გადადაგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ეს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბიემჯი