ლადო გრიგალაშვილი – ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის აღიარება ზეწოლის შედეგად მიმაცემინეს” – ბრალდებულმა სასამართლოზე პირველი ჩვენება გადათქვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩვენება მისცა. მან დეტალურად აღწერა ის დღე, როცა მკვლელობა მოხდა. როგორც გრიგალაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ზარებზე აღარ პასუხობდა.

„ვურეკავდი, არ მიპასუხა. 6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც ზარზე. მამაჩემის მანქანით ავედი ანას სახლთან. მე-5 სართულზე ავედი, კარი ოდნავ ღია დამხვდა. დილის 6 საათზე კარი ღია რომ იყო, დამაეჭვა. ელენე ნაცვლიშვილმა გამიღო კარი. ანა აბაზანაშია ალბათო, მითხრა. ორ წამში გამოტრიალდა, არ არისო, მითხრა. ვთხოვე, სახლში მოეძებნა. ამასობაში დედას გაეღვიძა, ვუთხარი, რომ ანას ვურეკავდი, ვწერდი და არ მპასუხობდა. მათაც დაიწყეს რეკვა”, – აცხადებს გრიგალაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მე-5 საავადმყოფოში მამასთან, ზაქარია გრიგალაშვილთან ერთად ანას მოსაძებნად მივიდა, ის პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაიყვანეს.

როგორც გრიგალაშვილი აღნიშნავს, აღიარებითი ჩვენება მას დაუწერეს და ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

„თუ არ ვცდები, მე-8 განყოფილებაში გადამიყვანეს და მოვყევი ის, რაც თქვენს წინაშე მოვყევი. დაახლოებით, საათნახევარში მოვიდა პირი, რომელმაც ყველაფერი შემიმოწმა, სავარაუდოდ, სისხლის კვალს ეძებდა. შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც 15-20 ადამიანი იყო. ანალოგიურად მოვყევი ყველაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი დამიტოვეს. როგორც მახსოვს, სამმართველოს უფროსი მოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ყველაფერი მომაყოლა, რა და როგორ იყო.

ვიდეოჩანაწერები გვაქვს ამოღებული, რომელი მხრიდან გამოხვედი და შეხვედი იქ, ვიცითო. თუ კადრი გაქვთ, მაჩვენეთ-მეთქი და არ მაქვს უფლებაო.

15 წუთში ფურცელი შემოიტანა და წაიკითხეო, მითხრა. ამობეჭდილი იყო, რაც ვითომ აღიარებით ჩვენებაში ვთქვი.

დაახლოებით, 10 წუთში მითხრა, შენი ძმაკაცები დაკავებულები არიან და თუ არ გინდა, შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, რაც წერია, იმას იტყვიო. პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდა, მამაშენი პოლიციის თანამშრომელია, შენთვის აჯობებს, ხელი მოაწერო, ამ საქმეს ვერ შეცვლი და ჯობს, მეგობრები არ გაწიროო, მითხრეს. ციხეში როცა შეხვალ და იტყვი, შენი ძმაკაცების გამო არ მოაწერე ხელი, პასუხს სხვანაირად მოგთხოვენო, მითხრა.

ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი, რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი.

გამომძიებელი შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერი უნდა ჩაგვეწერა. შევედით ოთახში, სამი მონიტორი იყო და ერთ-ერთზე კამერა ეყენა, ჩემ თვალწინ ჩართო და მოვყევი, რაც ფურცელზე ეწერა. სხვა გამომძიებელი შემოვიდა, ფურცელზე ამობეჭდილი ჩვენება შემოიტანეს და ხელი მომაწერინეს. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს, ექსპერტიზაზე უნდა გადავიტანოთო”, – განაცხადა გრიგალაშვილმა.

ბრალდებულის ჩვენებაზე კომენტარი საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა, გააკეთა.

”ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ჩვენება აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. აქ იყო მცდელობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის”, – განაცხადა პროკურორმა.

მან თქვა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირისპირო ჩვენება მისცა.

„მან უარყო როგორც ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენა, ასევე ის ეპიზოდიც, რომელიც უკავშირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას. საქმის მასალები კი რადიკალურად სხვაზე მეტყველებს.

არაერთი მოწმის ჩვენებით, მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა 2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას, ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობა. ეს დასტურდება სასამართლო-სამედიცინო, ბილოგიური, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე სასამართლო სამედიცინო კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნით.

უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 14 სასიკვდილო ჭრილობა, რომელიც ანა ნაცვლიშვილს აღენიშნებოდა ყელის არეში, მიყენებული იქნა იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო ბრალდებულის მამის ავტომანქანიდან”, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

მისი განმარტებითვე, ბრალდებულმა გამოძიებას საწყის ეტაპზე დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეცადა ის მკვლელობის ჩადენის შემდეგ ნივთმტიცებების განადგურებას.

„მან გამოძიების ეტაპზე გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი მკვლელობის გარემოებების შესახებ დეტალურად. მან მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეეცადა დანაშაულის შემდეგ დაეფარა კვალი, როგორ გარეცხა ტანსაცმელი, როგორ გადამალა დანა და ა.შ. თუმცა, დღეს განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ თქვა, რაც პოლიციის თანამშრომელმა განახორციელა ზეწოლა. თუმცა, რომელმა, ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია ვერ მიაწოდა”, – აღნიშნავს პროკურორი.

მისთვის დაცვის მხარის მიერ დღეს წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნო არ არის.

„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა ძალიან შორს არის რეალობისგან. არავითარი დასაბუთება იმ დასკვნას, რაც დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა, არ გააჩნია. შესაბამისი კვლევები, როგორც ჩანს, არ ჩაუტარებიათ, ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა, რომ რიგი ჭრილობები, რომელიც დაზარალებულს ყელის არეში ჰქონდა, შეიძლებოდა არ განხორციელებულიყო იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. ჩვენს კითხვაზე, თუ რა კვლევებით მივიდნენ ექსპერტები ამ დასკვნამდე, საფუძვლიანი პასუხი არ გააჩნდათ”, – აცხადებს ბიბილაშვილი.

დღეს დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ პროცესზე, მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგენიან.

”ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 6 ჭრილობა, რომელიც განვითარებულია გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის სხეულზე, ამ დანით არ არის განხორციელებული”, – განაცხადა ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, გამოძიებას გახსნილი საქმე სჭირდებოდა, რის გამოც გრიგალაშვილს შეურაცხეს აღნიშნული ბრალი.

„უკვე საფუძვლიან ვარაუდს მაძლევს ბრალდებულის ჩვენება, რომ ეს ვერსია, რაც მან გააჟღერა, შეთავაზებული იყო ნამდვილად გამოძიების მიერ. თუ რატომ მოაწერა ჩვენებას ხელი, მან განმარტა, რომ იყო ზეწოლები მეგობრების დაჭერით, ოჯახის განადგურებით. დანის და ჭრილობის პარამეტრები აბსოლუტურ არათანხვედრაშია. გრიგალაშვილი რას დაიბრალებდა თავის დროზე, ამაზე პასუხი არ მაქვს.

გამოძიებას ესაჭიროებოდა გახსნილად გამოეცხადებინა საქმე, გრიგალაშვილის ზარები იყო ნაცვლიშვილთან განხორციელებული, გრიგალაშვილის მიმოწერა იყო, შესაბამისად, მარტივი იქნებოდა მისთვის ბრალის შერაცხვა.

როგორც მისი უფლებადამცველი, ვალდებული ვარ გრიგალაშვილს დავეთანხმო და ვთქვა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ეს ქმედება”, – განაცხადა ადვოკატმა ოტიაშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018