ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების მუქარა. ბრალდებული, ასევე, გამტყუნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გამოყენება და გავრცელების ბრალდების საქმეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქმე ეხება 2018 წლის 22 თებერვალს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით და განსაკუთრებული სისასტიკით, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას.

ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო და მისთვის ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, დაზარალებულს 33 ჭრილობა მიაყენა.

თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო შანტაჟის გზით ა.ც.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეო მასალის გამოძალვისათვის და საჯაროდ გავრცელების მუქარისათვის. ასევე, ამ მასალების შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ მეშვეობით, უკანონოდ გავრცელებისათვის.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018