მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თემირლანის საქმე 10%-თაც რომ გაიხსნას, ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "თემირლანის საქმე 10%-თაც რომ გაიხსნას, ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია ხელისუფლებას სერიოზულად აღიაზიანებს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ათასი სიბინძურე ითქვა. “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ კი მთლად საოცრება განაცხადა. დეპუტატის მტკიცებით, შვილმოკლული მამების აქციას რუსეთი გამოიყენებს.
ვინ თამაშობს რუსეთის თამაშს საქართველოში, რას შეეწირა თემირლან მაჩალიკაშვილი, რატომ ეშინია ხელისუფლების ამ საქმის გამოძიების? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
– როგორ შეიძლება ჩვენი აქცია რუსეთმა რამენაირად გამოიყენოს. ჩვენი მთავარი მიზანი მკვლელების დასჯაა. ჩვენ საკუთარი შვილების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად არანაირად არ დავუშვებთ აქციაზე დესტაბილიზაციას.
ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ უნდა შერცხვეთ, როცა ჩვენზე ასეთ რამეებს ამბობენ. რუსეთთან კავშირს სხვას რომ აბრალებენ, მათი მთავრობა რუსეთიდან ჩამოყვანილებით არ არის სავსე? ეკონომიკის მინისტრი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს, შს მინისტრიც რუსეთიდან ჩამოვიდა.
ამ მთავრობის უფროსი, ბიძინა ივანიშვილი თავის 7 მილიარდთან ერთად რუსეთიდან არ არის ჩამოსული? რუსებს მისთვის მთელი ფული არ გამოუტანებიათ – 5 მილიარდი გაუყინეს და 2 მილიარდი მისცეს სამოძრაოდ.
თავად არიან რუსეთთან კავშირში და ხელს ჩვენსკენ იშვერენ. არეულობაც მათ ინტერესებში შედის და ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ტურის წინ აქ რაღაც დაიწყოს. მინდა ჩემმა ქართველებმა კარგად დაიმახსოვრონ, მე და ზაზა სარალიძე ყოველგვარი არეულობის წინააღმდეგები ვართ.
მთელი სახელმწიფო ორ შვილმოკლულ მამას გვებრძვის, ამასობაში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი შეჭამა.
– მხედველობაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გაქვთ?
– ეგ მაქვს მხედველობაში, მთელი საქართველო მიაქვთ და ხელისუფლება კიდევ ჩვენ წინააღმდეგ აწყობს პროვოკაციებს.
– რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას არც გია გაჩეჩილაძე და არც სხვა მეოცნებეები არ თვლიან პროვოკაციად. ამაზე რას ფიქრობთ?
– ამას პროვოკაციად რატომ ჩათვლიან, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ეს ყველაფერი “ოცნების” გეგმაში შედის. თავად არიან მათთან შეკრულები და ხელს არ უშლიან საქართველოს ტერიტორიების მითვისებაში.
– მოდით, თქვენი შვილის საქმეზეც გვითხარით რამე. ახალი ხომ არაფერია?
– არაფერი არ იცვლება. ყველაფერი ისევ ისეა.
– თქვენ ერთხელ უკვე შეგხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სხვა ორგანიზაციები თუ დაინტერესდნენ დათუნა სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებით?
– ორგანიზაციები დაინტერესდნენ თუ არა, ვერ გეტყვით, საერთაშორისო თანამეგობრობა კი საქმის კურსშია. საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიც ინფორმირებულები არიან ჩვენს საქმეებზე.
სამაგიეროდ, ხელისუფლებაა გაჩერებული და მათგან რეაგირება არც იქნება. ისინი სიმართლის დადგენით არ არიან დაინტერესებული. მე მეტსაც გეტყვით. ამათ კბილებით უჭირავთ თემირლანის საქმე.
– რას გულისხმობთ?
– ეს საქმე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას.
– რატომ არ უნდა გაიხსნას, ვის აფარებენ ხელს?
– აქ მარტო ხელის დაფარებაში არ არის საქმე. სიმართლე თუ დადგინდა, ჩათვალეთ, რომ ივანიშვილის თამადობით, მთელ ხელისუფლებას საქართველოდან გასაქცევად ექნება საქმე.
ეს ისეთი სკანდალური საქმეა, რომ მისი 10%-ის გამჟღავნებაც კი დიდ საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს.
– ეს საიდუმლო იცოდა თქვენმა შვილმა და ამიტომ მოკლეს?
– თემირლანმა არაფერი არ იცოდა და ის საქმესთან არაფერ შუაშია.
– აბა რატომ შემოვარდა თქვენს სახლში სპეცრაზმი?
– არ იქნებოდა თემირლანი, იქნებოდა სხვა. თემირლანი მოკლეს იმ სკანდალის გადასაფარად, რის დამალვასაც ასე ცდილობენ. თბილისში და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციები ძალიან დიდი საიდუმლოს გადასაფარად ჩატარდა.
– რა საიდუმლოზეა საუბარი?
– ყველა დეტალის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ბევრს საუბრობენ ერაყის და სირიის ბანკებიდან მოპარული მილიარდების შემოდინებაზე. ეს არ უნდა გამჟღავნებულიყო და ამისთვის სჭირდებოდათ არეულობა.
– რა არეულობა სჭირდებოდათ?
– გათვლა ჰქონდათ, რომ ამ სპეცოპერაციის შემდეგ, ხეობაში არეულობა დაიწყებოდა. მე რომ არ ვიყო, პანკისში ცუდი ამბები დაიწყებოდა. როგორც ამათ უჭირავთ კბილებით თემირლანის საქმე, ასევე კბილებით მიჭირავს მე ხეობა.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქ ვითარება არ დაიძაბოს. დღეს მთელი სუსი პანკისშია შემოყრილი.
– ეს არჩევნებს უკავშირდება?
– არა მარტო არჩევნებს. მათ უფრო სხვა მიზნები აქვთ. პრეზიდენტს არანაირი უფლებები არა აქვს და ხელისუფლებას არ აინტერესებს, მოიგებს თუ წააგებს მათი კანდიდატი.
ამის მიუხედავად, ხალხს მაინც აიძულებენ, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
– ეს ხეობაში დაძაბულობას ხომ არ გამოიწვევს?
– გამორიცხულია. ამას არ დავუშვებ, ისევე, როგორც არ დავუშვებ დაძაბულობას რუსთაველზე. არადა პროვოკაცია ორივეგან არის მოსალოდნელი. პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი და არ გამოვრიცხავ, რომ შიგ იარაღი ჩაგვიდონ. სახალხოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ იქ არანაირი აკრძალული ნივთების შეტანას არ ვაპირებთ. სამართალდამცავები კი წინასწარ ამბობენ ამას. რაიმე თუ არ აქვთ ჩაფიქრებული, საიდან იციან, რომ იქ აკრძალული ნივთები იქნება?!
როგორც აქამდე ვინარჩუნებდით სიმშვიდეს, ასევე გავაგრძელებთ მომავალში. ჩვენ სიმართლისთვის იმიტომ ვიბრძვით, რომ მშვიდობა გვინდა. მშვიდობა კი სამართლის გარეშე არ არსებობს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა