მამუკა გამყრელიძე – “ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ერთი პარტიის დიქტატი აღარ იქნება”

მამუკა გამყრელიძე - "ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ერთი პარტიის დიქტატი აღარ იქნება"“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, საზოგადოების ნაწილი “ოცნების” შემხედვარე ხუმრობის ხასიათზეც დადგა. ერთი წელი რომ გახანგრძლივდებოდეს მეორე ტური, ალბათ ხელისუფლება აფხაზეთსაც დაგვიბრუნებსო. რას იტყვით თქვენ, შეეშინდა “ოცნებას”?
– რა თქმა უნდა, შეშინდნენ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ გინდ ერთი წელი გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანია და გინდ ათი წელი, მათი დაპირებები აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.
ხელისუფლებას, რომელსაც ტოტალური უმრავლესობა ჰქონდა პარლამენტშიც და მთავრობაშიც და 6 წლის განმავლობაში რომ არაფერს გააკეთებს, რანაირად შეიძლება, რამდენიმე თვეზე ვენდოთ. რაც არ უნდა შეგვპირდნენ, არაფრის გამკეთებლები ეგენი არ არიან.
მე არც ერთ მათ დაპირებას არ დავუჯერებდი. მერე რომ ვუსმენ ამ ადამიანებს, ძირითადი აქცენტი არა დაპირებებია და არა რაღაც “მოფერება და ჩახუტება”, არამედ ყველაზე ცუდი და ყველაზე ბინძური რაღაც – მიშა მოვა, მიშა მოვაო.
– მეორე ტურში პირისპირ აღმოჩნდნენ გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და სალომე ზურაბიშვილი, რომელიც “ქართულ ოცნებასთანაა” გაიგივებული. გადაწონის ისევ ის 9 წელი?
– დიახ, გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრია და ამაში არაფერი ცუდი არ არის. ძალიან რთულია, რომ აუხსნა იმ ადამიანებს, ვისაც თვალები აქვს დაბნელებული იმ 9 წლის სიძულვილით. თუმცა იმ 9 წლის გუნდიდან პოლიტსაბჭოში დარჩენილია ალბათ 2-3 ადამიანი. პრაქტიკულად მთლიანად არის გადახალისებული ნაციონალური მოძრაობა.
მეორეც ერთი, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაზე ხომ არ ვლაპარაკობთ, არა?! ნაციონალური მოძრაობა ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციაზე. კოალიციაში, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, კიდევ არის 10 სუბიექტი და ახლა კიდევ გვემატებიან, მუდმივად მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ გააქტიურდება ეს პროცესი და კიდევ შემოგვემატება ხალხი.
აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა დიდი დოზით ვერ იქნება და არიქა მიშა იქნება, ამაზე ფიქრი არის საფუძველს მოკლებული. ეს გამორიცხულია.
– ჯერ გაიყარნენ და შემდეგ შეიყარნენო, ასე ამბობენ თქვენს კოალიციაზე. ამაზე რას იტყვით?
– ვერც ამაში ვხედავ ვერაფერს ცუდს.
– ბევრს ჰგონია, რომ ეს იყო თამაში თავის დროზე. ასეა?
– არა, არა. იმდენად დიდია პრინციპული განსხვავებები ამ ორ გუნდს შორის, ნაციონალურ მოძრაობს და ევროპულ საქართველოს ვგულისხმობ, რომ მათი დიდხანს ერთად ყოფნა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ისინი კვლავ ცალ-ცალკე დადგებიან. ხოლო რაც შეეხება ერთად შეტევას “ქართულ ოცნებაზე”, ეს აბსოლუტურად რეალურია და ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება კი უნდა შეიცვალოს კვალიფიციური, ძლიერი, ენერგიული და გამოცდილი ხალხით. ამ კოალიციაში ბევრი ღირსეული და გამოცდილი ადამიანია თავმოყრილი.
– თქვენთვისაც ცნობილია, რომ უუფლებო პრეზიდენტი გვეყოლება. დავუშვათ, გაიმარჯვა ვაშაძემ, როგორ აპირებთ ხელისუფლების შეცვლას?
– არ დაგეთანხმებით. უუფლებო ნამდვილად არ არის. მას აქვს უფლებები. უპირველეს ყოვლისა, მას აქვს ტრიბუნა. მოდით, ასე ვთქვათ, გააჩნია პერსონასაც, რომელი პერსონა იკავებს ამ პოსტს.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– თუ ჩვენ ვილაპარაკებთ მარგველაშვილზე, მან ეს პოსტი უბრალოდ ტყუილად გააცდინა, ხოლო როდესაც გრიგოლ ვაშაძე იქნება იმ ადგილზე, დამერწმუნეთ, სრულიად სხვა ძალის იქნება ეს ადამიანი და, რაც მთავარია, ეს ტრიბუნა არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში და მოსახლეობის წინაშეა, არამედ ტრიბუნაა უცხოეთში, უპირველეს ყოვლისა.
მოგეხსენებათ, რომ მას უცხოელებთან დიდი წარმომადგენლობითი ფუნქცია გააჩნია. როდესაც შენ ასეთი ადამიანი გეყოლება უცხოეთში, როგორც წარმომადგენელი და შენი ქვეყნის ელჩი, ეს არის დიდი ბედნიერება და ძალიან სერიოზული ძალა.
– ძალა ვისთვის, ოპოზიციისთვის?
– სერიოზული ძალაა ოპოზიციისთვისაც, რომელსაც ექნება უკვე დასაყრდენი თავად პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო სერიოზული ძვრები მოხდება მომავალში, საპარლამენტო არჩევნებამდე და თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონი, გახდეს ის მაქსიმალურად ლიბერალური და როდესაც ოპოზიცის ექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ გავლენა იქონიოს გაყალბების წინააღმდეგ, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, ჭრელ და კოალიციურ მთავრობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი, როდესაც ერთი პარტიის დიქტატი არ იქნება.
აქამდე, ყველა ხელისუფლების დროს, ჩვენ გვქონდა ერთი პარტიის, ერთი პოლიტიკური ჯგუფის დიქტატი. ეს უნდა მოისპოს. პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული და ხელისუფლება – კოალიციური.
– ვისმენთ განცხადებს, რომ ვაშაძე შეიწყალებს მერაბიშვილს, სააკაშვილს, ახალაიებს და ჩვენ წინ შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობა ისევ ძველი სახით. ასე იქნება?
– კარგით რა, რით ვერ დაიღალნენ ამდენი სისულელით. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, უნდა თუ არა ვანო მერაბიშვილს, რომ შეიწყალონ?! ბოლოს და ბოლოს, დარჩა 6 თვე! ადამიანი ევროპის სასამართლომ გაამართლა, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. ერთ ქვეყანაში არ მომხდარა შემთხვევა, რომ მე-18 მუხლით გამართლებულიყოს სასამართლოში ადამიანი და ის არ გამოეშვათ ციხიდან. მას დარჩა 6 თვე და შეიწყალებენ თუ არ შეიწყალებენ, ის უბრალოდ გამოვა. და რომ გამოვა, რა? დაერევა ხალხს?! სასაცილო არ არის ამაზე ლაპარაკი?!
– ახალაია?
– ახალაიამ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ის არავითარ შეწყალებას არ მიიღებს. ის ძალიან ხისტი ადამიანია, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ხისტი ტიპია. არა მგონია, რომ მან შეწყალება მიიღოს.
სააკაშვილს კი თავისი საქმეები და ინტერესები აქვს ჩვენი ქვეყნის გარეთ და არც ის აპირებს ჯერჯერობით აქ ჩამოსვლას.
დღეს მთავარია, რომ ახალი ლიდერები წამოვიდნენ წინა პლანზე. ეს არის გრიგოლ ვაშაძე, უპირველეს ყოვლისა, რომელიც კარგი იდეოლოგი და სერიოზული პიროვნებაა და ეს არის გიორგი ვაშაძე, რომელიც იდეების გენერატორია. მომავალში რეფორმების წამყვანი ფიგურა იქნება.
– რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის ბოლო მიმართვაზე?
– ერთი სიტყვით გეტყვით, შემებრალა.
– რატომ? მოტყუებულია?
– რას ამბობთ, მაგას ვინ მოატყუებს. შემებრალა იმიტომ, რომ თავის უჭკუობით აღმოჩნდა ისეთ დღეში, რომ ვეღარ მართავს ვერც სიტუაციას, ხედავს, რომ თავზე ენგრევა ეს ყველაფერი, მისი შექმნილი ხუხულა. მას ეგონა, რომ კორპორაცია და სახელმწიფო არის ერთი და იგივე! არა, ბატონო, ეს სულ სხვადასხვა სახით იმართება. კორპორაცია ზემოდან იმართება და სახელმწიფო – ქვემოდან!
აი, როდესაც ეს ავიწყდებათ, მერე ცუდად მიდის მათი საქმე. საბოლოოდ ყველაფერს წყვეტს საზოგაოდების აზრი. ამას ამბობდა ერთმმართველი ნაპოლეონიც. ეს რომ დაავიწყდება ადამიანს, ის არის უბრალოდ სულელი! ამიტომაც შემებრალა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა