მამუკა მდინარაძე – ”ნაციონალებს 300.000 ხმით მოვუგებთ”

მამუკა მდინარაძე - ”ნაციონალებს 300.000 ხმით მოვუგებთ”საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

„მადლობა საზოგადოებას აქტიურობისთვის. არსებული მონაცემებით, ფიქსირდება ამომრჩეველთა უპრეცენდენტო აქტივობა. თუ მოქალაქეთა აქტივობა ასევე გაგრძელდება,  ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით 300 000 ხმით გავიმარჯვოთ“ – თქვა მან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 სთ-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩეველია.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

იმედინიუსი