მეორე ტურზე 1 ადამიანიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ითვლება

მეორე ტურზე 1 ადამიანიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ითვლებაჩაითვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად თუ ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იქნება, რა ჩანაწერია ამის შესახებ კანონში, როგორია დასავლური პრაქტიკა და როდის უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური? – ამ კითხვებით „ახალმა თაობამ“ კონსტიტუციონალისტებს, ვახუშტი მენაბდესა და ლევან ალაფიშვილს, მიმართა.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ არჩევნებზე ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება.

_ ხომ არ არის ეს საკანონმდებლო ხარვეზი?

_ ეს არის ქვეყნის არჩევანი. არის ქვეყნები, რომლებიც სხვა არჩევანს აკეთებენ. არის ქვეყნები, სადაც ისეთი არჩევანია, როგორიც ჩვენ გვაქვს გაკეთებული.

_ დასავლეთის ქვეყნებში როგორ არის ხოლმე? მაგალითად, აშშ-ში როგორ არის?

_ დასავლეთის ქვეყნებში ორივე მაგალითი არსებობს. არცერთი მათგანი არ ითვლება, რომ ცუდი ან კარგია. აშშ-ში აბსოლუტურად სხვა სისტემით ტარდება არჩევნები, ამიტომ ჩვენს მაგალითთან ვერ შევადარებთ.

_ დისკუსიაა იმაზე, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური. როგორც ვიცი, ისეთი დათქმა კანონში არ არის, რომ შაბათს ან კვირას უნდა ჩატარდეს არჩევნები.

_ კი ასეთი დათქმა არ არის. არჩევნები ჩატარდება შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში. სავარაუდოდ, ეს იქნება 2 დეკემბერს. თუმცა, ვნახოთ.

ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ იმ ფაქტზე, რომ არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაცია ამომრჩევლის რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის, მსჯელობა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების მთავარი არსი არის ის, რომ პროცესი არ იყოს ხანგრძლივი და გაწელვადი.

_ ამიტომ ეს ყველაფერი დროში გაწერილი რომ იყოს, მეორე ტურს ეხსნება ბარიერი. ეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ არ გაგრძელდეს.

თუმცა, პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფოებში, ისეთში, როგორც საქართველოა, ეს პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხეს შეიცავს.

_ რატომ შეიცავს?

_ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მეთაურად შეიძლება მივიღოთ უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდა ძალიან დაბალი ელექტორალური ლეგიტიმაცია.

შესაბამისად, ეს ერთი მხრივ ინსტიტუციურად საფრთხის მატარებელია და მეორე მხრივ პოლიტიკური, საზოგადოებრივი სტაბილურობის თვალსაზრისით არ არის კარგი.

ის ამომრჩეველი, რომელიც არ უჭერდა მხარს ამა თუ იმ კანდიდატს, რომელიც გახდა სახელმწიფოს მეთაური, ბუნებრივ პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მოდის. პოლიტიკური მოთხოვნების, გემოვნების თუ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, უკვე დემოკრატიის ფარგლებში საკუთარი პრეტენზიების თუ აქტივობის წარმართვა ხდება უკვე ინსტიტუტების მიღმა.

_ დიდი დისკუსიაა, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები. რას ამბობს კანონი ამის შესახებ?

_ პირველი ტურებისგან ერთი რამეა განსხვავებული. მეორე ტურის დროს არ არის კონკრეტული ჩანაწერი, რომ ამ დღეს უნდა გაიმართოს. თუმცა, თუკი რამდენიმე ნორმას ერთობლიობაში წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ სავარაუდო მაინც შეიძლება იყოს არა კონკრეტული თარიღი, არამედ რამდენიმე სავარაუდო დროის პერიოდი – 2-3 დღის განმავლობაში.

საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ მეორე ტური იმართება ცესკოს მიერ არჩევნების შეჯამებიდან 2 კვირის თავზე. ანუ, ცესკოსაც კი არ მიანიჭა, რომელიმე კონკრეტული თარიღის არჩევის უფლებამოსილება.

ამავე დროს, სხვა ნორმა ამბობს, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს 20 დღის ვადაში. აქ ერთი შეხედვით არის შუალედი, მაგრამ ეს ე.წ. ლუფტი ივსება გასაჩივრებებით. არის გასაჩივრების რამდენიმე წესი, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება, თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში, ასევე სასამართლო წესით. მართალია შემჭიდროვებულ ვადებში, მაგრამ მაინც, მინიმუმ 2 ინსტანცია.

ამდენად, თუკი ამ შემჭიდროვებულ ვადებს განვიხილავთ, ეს მაქსიმალური ვადა არის 20 დღე. შეიძლება 2 დღით ნაკლები იყოს, თუკი არ გასაჩივრდა.

რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, სასამართლო პროცედურები დასრულებული ჯერ არ არის. გასაჩივრებულია რაღაც გადაწყვეტილებები, თუ არ ვცდები, საოლქოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სანამ ეს დავები არ დასრულდება, ცესკო შედეგებს ვერ შეაჯამებს.

თუ განვიხილავთ, 2 კვირის თავზე რას ნიშნავს, სავარაუდოდ, ეს არის 1 ან 2 დეკემბერი. ამ კვირაშიც რომ შეაჯამოს, დაახლოებით ეს ვადები უწევს.

როცა ცესკომ არჩევნების თარიღი განსაზღვრა, მიუთითა მაქსიმუმ 2 დეკემბერი, მაგრამ სავარაუდოა, რომ სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოხდება კენჭისყრის გამართვა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა