მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდა.

”მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარემ მიმართა”, – განაცხადა მორჩაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა პროცესის დასრულების შემდეგ.

ადვოკატი არ საუბრობს, თუ რა იყო მოტივი მერაბ მორჩაძის ქმედების.

„მერაბ მორჩაძე აღიარებს 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ საპროცესო შეთანხმებით მთავარ პროკურატურას. მერაბ მორჩაძე გათავისუფლდა პირობით მსჯავრით. მოტივზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ ბრალს აღიარებს მერაბ მორჩაძე და ვიტყვი, რომ ეს იყო ყოფითი საუბარი მერაბ მორჩაძესა და მოწმეს შორის. თუმცა მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია, შესაბამისად, მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას.

„დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველ ინსტანციაში. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. მერაბ მორჩაძე ცნობილია დამნაშავედ სსკ-ს 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას. აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018