მირიან მირიანაშვილი – “სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს უნდა გაემიჯნოს”

მირიან მირიანაშვილი - "სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს უნდა გაემიჯნოს"ბოლო დღეებში სხვა თემებთან ერთად მთავარმა პოლიტიკურმა სპარინგ-პარტნიორებმა კიდევ ერთხელ წამოსწიეს მოსალოდნელი რევოლუციისა და სამოქალაქო იმის საკითხი. “ქართული ოცნების” აქტივი უფრო მეტი გააფთრებით ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობა, თავის მხრივ, საზოგადოებას არწმუნებს, რომ მმართველი პარტიის მიზანია სამოქალაქო ომის გაჩაღება. ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
– ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა თავის თავდაპირველ რევოლუციურ გეგმაზე, რომელიც ნიშნავდა რევოლუციას 28 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში. სამაგიეროდ, საქმეში ჩაირთო სხვა მექანიზმები – არჩევნების გაყალბება, ლარის გაუფასურება და ნავთობის ფასი. თვენახევრის განმავლობაში მსოფლიოში ბენზინის ფასი 30%-ით დაეცა. ამის მიუხედავად, საქართველოში ბენზინის ფასი უცვლელი დარჩა. ეს უკვე სკანდალურია ფაქტია.
ზოგადად, განვითარებადი ნავთობის არაექსპორტირი ქვეყნების ეროვნული ვალუტა მყარდება მაშინ, როცა ნავთობი და ბენზინი იაფდება მსოფლიო ბაზარზე. ჩვენთან სულ სხვა პროცესებია. ეს ხდება რუსეთიდან მიღებული დირექტივით. ამაში მონაწილეობს პირადად ბიძინა ივანიშვილი.
– ამ დღეებში ყველგან ისევ სიტყვა “რევოლუცია” ისმის.
– ეს სიტყვა არ არის მოკლებული საფუძველს. ნაცმოძრაობას რევოლუციის სხვა ვარიანტი აქვს ჩაფიქრებული. ნაციონალები არ დაკმაყოფილდებიან გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებით.
– ნაციონალების მტკიცებით, ამას მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, ამას თავისი წესი და პროცედურა აქვს და ვადამდელი არჩევნები ასე მარტივად არ ინიშნება.
– ნაცმოძრაობა და მისი ინსტრუქტორები რუსეთიდან ვადამდელ არჩევნებზეც არ ამყარებენ იმედს. მით უმეტეს, ისინი არ აპირებენ მოცდას 2020 წლამდე. 2003 წელს ხომ შევარდნენ პარლამენტში? ახლაც შევარდებიან. მათი ამოცანაა აგრეთვე დედაქალაქის მმართველობის ხელში ჩაგდება.
– დედაქალაქს არჩეული მერი და საკრებულო ჰყავს. მერის კაბინეტსა და საკრებულოშიც შეცვივდებიან?
– ქუჩის აქციებით შესაძლებელია აიძულო მერი, გადადგეს.
– “ქართულ ოცნებაში” ბოლო დღეებში სხვანაირად აფუსფუსდნენ. ალბათ, ახალი ინფორმაცია მიიღეს?
– ამ ხალხს აქამდეც უნდა სცოდნოდა, რა ხდება. “ქართული ოცნების” უმწიფარი პოლიტიკოსები ძალიან გვიან ჩასწვდნენ, რა დაემართათ.
– მიხვდნენ, რომ “ოცნების” მმართველობა მთავრდება?
– აქამდე ამ ხალხს ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა ვაშაძის გამარჯვებით და მაქსიმუმ, ნაციონალებისთვის ვიცე-პრემიერის პოსტის დათმობით, მერე კი გარიგება გაგრძელდებოდა. დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი სავარძლები და პირადი კეთილდღეობა არ შეირყეოდა. ახლა მიხვდნენ, რომ მათი საქმეც წასულია.
– ე.ი. პუტინის ადმინისტრაციის გეგმა საქართველოში ხელისუფლების ახალი გადაბარების, ანუ რევოლუციის მოწყობის თაობაზე, რაზეც ადრე ისაუბრეთ, სრულდება?
– ჯერჯერობით, სრულდება. ამაში მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობა, ყოფილი ნაციონალები და “ქართული ოცნების” ნაწილი.
– მათ სალომე ზურაბიშვილი გაწირეს?
– ჯერჯერობით, ასეთი ვითარებაა. ლარის გაუფასურება და ბენზინის მაღალი ფასი უარყოფითად მოქმედებს ზურაბიშვილის რეიტინგზე. საქართველოში ხელისუფლების გადაბარების გეგმაში ჩართული პუტინის თანაშემწე. სურკოვის გამოთქმით, კურსი 1 დოლარი 3 ლარი თამარ მეფის რეიტინგსაც კი შეარყევს.
– კრემლი იმაზე მეტად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია?
– რასაკვირველია. გრიგოლ ვაშაძის რამდენიმეწუთიანი შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ორგანიზებულია.
– ნაცმოძრაობამ ეს შეხვედრა სატრაბახოდ გაიხადა. მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია?
– გამოსავალი არსებობს. ერთი გზა თვითონ სალომე ზურაბიშვილის გააქტიურებაა. დაუჯერებელია, ის ვერ ხვდებოდეს, რა პროცესები მიმდინარეობს. მან უნდა გამოაცხადოს, რომ დამოუკიდებელია, რომ ემიჯნება ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. ეს შესაძლებელია, თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. თუ პრეზიდენტობის კანდიდატს ამაზე რეაქცია არ ექნა, საზოგადოება მას სამუდამოდ ზურგს შეაქცევს და გადაბარების თანამონაწილედ აღიარებს.
– სხვა გამოსავალიც არის?
– კიდევ ერთი გამოსავალი ერის გამოხმაურებაა. თუ საზოგადოება წინ აღუდგა ახალ რევოლუციას და ხელისუფლების გადაბარების კრემლიდან ნაკარნახევ გეგმას, მაშინ დასავლეთი ლეგიტიმურად არ ცნობს არჩევნების შედეგებს. საჭირო გახდება მისი შედეგების ობიექტური გამოძიება. ოღონდ, საზოგადოების პროტესტის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს მასში პრორუსული ძალებით ჩართვით. მზადდება ისეთი გადაბარება, რომელიც ჩაძირავს ბიძინა ივანიშვილსაც. ახალი ხელისუფლება მას საქართველოში არ აცხოვრებს.
– ეს მას გაცნობიერებული აქვს?
– ალბათ. უკანასკნელ დროს ის რუსეთიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. აშშ ყველანაირად ცდილობს, არ გაურიგდეს რუსეთს და გაემიჯნოს საქართველოში დაგეგმილ ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ამის გამო საქართველოში არ ინიშნება აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამერიკელმა რესპუბლიკელებმა რომ საქართველოში ელჩი გამოგზავნონ, დემოკრატები მათ რუსეთთან გარიგებაში დაადანაშაულებენ.
– საზოგადოების ჯგუფები გულწრფელად აპროტესტებენ ნაციონალების მობრუნებას.
– საზოგადოების აქტიურობას ბევრი რამ შეუძლია. სალომე ზურაბიშვილსაც აქვს შანსი, გადადგას სწორი ნაბიჯი. “ქართული ოცნების” ქვედა რგოლები ალალად და პატიოსნად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო გარიგებაში არ მონაწილეობენ. რიგითი ადამიანები არ მალავენ თავის შეშფოთებას. ისინი ამჩნევენ, რომ “ოცნების” ბირთვი ნაციონალების მობრუნებისთვის იღწვის. საზოგადოება გადაბარებას ვერ შეეგუება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა