ნინო ლომჯარია შსს-ში დაიბარეს

ნინო ლომჯარია შსს-ში დაიბარესსოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლომჯარიასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით“, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ლომჯარია მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებსაც ასაჯაროვებს. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ინტერპრესნიუსი