ნუკრი ქანთარია – “საველე პირობებში ვართ! ჩვენ მივიღეთ გამაფრთხილებელი გზავნილი ამომრჩევლისგან!”

ნუკრი ქანთარია - "საველე პირობებში ვართ! ჩვენ მივიღეთ გამაფრთხილებელი გზავნილი ამომრჩევლისგან!"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, “ქართული ოცნების” ოფისში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრაზე რაზე იყო საუბარი, რა პოზიცია ჰქონდა ზურაბიშვილს?
– ბუნებრივია, მეორე ტურზე იყო საუბარი. მეტი აქტიურობა, მეტი მობილიზაცია, კონკრეტული გეგმები იყო დასახული, ეს იყო საერთო დიდი შეხვედრა.
– თუ იყო ანალიზი იმაზე, თუ რატომ არ მოხდა იმ შედეგის დადება, რაც “ქართული ოცნებისთვის” იქნებოდა სასურველი?
– რა თქმა უნდა, სწორედ ამაზე იყოს საუბარი.
– ძირითად მიზეზად რა დასახელდა?
– მიზეზი ხელისგულზე დევს. ბევრ პრობლემაზე თავის არიდება, თვალის დახუჭვა. ეს იყო გამაფრთხილებელი გზავნილი ამომრჩევლისგან და ეს გაფრთხილება ჩვენი მხრიდან მიღებულია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ელექტორატის ჩართულობა მეორე ტურში მაღალი იყოს. ჩვენ მოვახერხებთ, რომ მეორე ტურში ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
– დეპუტატმა წიკლაურმა თქვა, რომ კრიტიკა იყო გუნდის მუშაობის მიმართ და ივანიშვილმაც, როგორც ხელმძღვანელმა, კრიტიკა საკუთარ თავზეც აიღო.
– დიახ, რასაკვირველია, კრიტიკა ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ეს ძალიან ნორმალურია. საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ და არა – სხვაზე გაბრაზებით. ახლა მთავარია, მობილიზება დავიწყოთ და სწორი შედეგები დავდოთ.
– მოასწრებთ?
– ამის რეალური შესაძლებლობა არის, რომ მოვასწროთ. ის ცვლილებები, რომლებიც უნდა მოხდეს, ამის წინაპირობებს შექმნის.
– კონკრეტიკაზე თუ იყო საუბარი?
– რა თქმა უნდა, იყო საუბარი, მაგრამ მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. საუბარს საქმეც უნდა მოჰყვეს, თორემ თუ მხოლოდ ვისაუბრეთ, არაფერი გამოვა.
– როგორ ფიქრობთ, საქმე მოჰყვება?
– მე დარწმუნებული ვარ, რომ მოჰყვება და შედეგიც იქნება.
– თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოხდა. რატომ, რამ გაანაწყენა “ქართული ოცნების” ამომრჩეველი?
– სხვადასხვა მიზეზი იყო – არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა, ჩვენი ყოფილი მომხრეები, აქტივისტები ვერ დავაფასეთ. ამას დაემატა ეკონომიკური პრობლემები, ეს ყველაფერი ერთად არის და ამან ყველაფერმა ერთად განაპირობა ეს შედეგი.
ძალიან კარგი, რადგან ეს არის გაფრთხილება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მიღებული და გაზიარებული იქნება ჩვენი მხრიდან და ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ჩვენს კანდიდატს და არა – ნაციონალურ მოძრაობას.
– საუბარია 600 ათასზე მეტ ხმაზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ანუ მათი მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ამას რითი ხსნით?
– გასაგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამომრჩევლები რომ არ მოვიდნენ, ამანაც განაპირობა ეს ზრდა. ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, რომლებიც განაწყენებულები არიან. ასევე, დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელმაც თავი შეიკავა და არჩევნებზე არ მოვიდა. მათ მოახერხეს თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება, საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება.
ახლა მთავარია, ჩვენ ყველა პრობლემას თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ მათ აღმოფხვრაზე მუშაობა.
– საპარლამენტო არჩევნები წინ არის, აქ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნების” შედეგები?
– ძალიან გაბედულად და ძალიან კარგად წარმომიდგენია. აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ცვლილებები და ამ ცვლილებებმა ჩვენს ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ მზად ვართ, საქმე გაკეთდეს. ჩვენ მზად ვართ საქმისთვის და არა – პროპაგანდისთვის.
– ამ შეხვედრაზე საკადრო ცვლილებებზე იყო საუბარი?
– დღეს, ფაქტობრივად, საველე პირობებში ვართ. ამდენად, ამაზე არ ყოფილა საუბარი.
– იქნება?
– ეს აუცილებლობაა და ამის მოთხოვნაც არის ხალხის მხრიდან.
– ამ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის განწყობა როგორი იყო?
– საკმაოდ იმედიანი და ოპტიმისტური.
– ბატონო ნუკრი, პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემდეგი ეტაპი კოალიციური მთავრობაა, რადგან ასეთია ამომრჩევლის ნება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– რასაკვირველია, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი იმედით მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში და არა – შიშით, წარსულში დაბრუნების შიშით. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ დაუშვებს მოსახლეობა, იმ ძალას მისცეს ხმა, რომელმაც 9 წლიანი რეჟიმი შექმნა. შემდეგ, რასაკვირველია, ყველა იმ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რომელიც ხალხს აქვს. სწორედ ეს გამოჩნდა.
– გამოდის, მომავალში კოალიციურ მთავრობას არ გამორიცხავთ?
– ახლაც ფაქტობრივად კოალიციურია, რამდენიმე პარტია უკვე არის ჩვენთან.
– რეალურ კოალიციაზეა საუბარი, რეალურ ოპოზიციასთან კოალიციაზე და თანამშრომლობაზე.
– ეს მომავალმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს. ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს. გააჩნია, რა ძალთა თანაფარდობა იქნება.
– გედი ფოფხაძის განცხადება სამოქალაქო ომთან დაკავშირებით რამდენად იყო ადეკვატური? ამაზე თუ იყო გუნდში საუბარი?
– პირდაპირ ომზე არა, ეს ალბათ გადატანითი მნიშვნელობით თქვა გედიმ. ომი და მშვიდობა, ეს იგულისხმა. სტაბილიზაციასა და დესტაბილიზაციას შორის არის არჩევანი გასაკეთებელი. წარმოიდგინეთ, ამ ხალხის შეწყალება რას გამოიწვევს, მათი მსხვერპლის რეაქცია როგორი იქნება, სულ სხვა ფაზაში გადავა პროცესები.
– სააკაშვილმა თქვა, არაფერი მჭირს შესაწყალებელიო.
– აბა რას იტყვის სააკაშვილი! ეს ე.წ. შეწყალებული ხალხის მიზნები აბსოლუტურად აცდება იმ რეალობას, რომელიც გვაქვს. ამიტომ, დღეს არჩევანი არის მშვიდობასა და დესტაბილიზაციას შორის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა