“ოთახის შუაგულში ბავშვები თამაშობენ ხალიჩაზე, ჩემი შვილი კი მათ თვალწინ დგას თავიდან-ფეხებამდე სველი…” – რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღში

"ოთახის შუაგულში ბავშვები თამაშობენ ხალიჩაზე, ჩემი შვილი კი მათ თვალწინ დგას თავიდან-ფეხებამდე სველი..." - რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღშისამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე უამრავი იწერება და ითქმება პრესასა თუ ტელევიზიაში, ტარდება ტრენინგები და ა.შ., სასკოლო თუ ბაღის ასაკის ბავშვებთან მაინც კვლავაც მუშაობენ პედაგოგები, რომლებსაც გული არ შესტკივათ პატარებზე, გულგრილად ასრულებენ მოვალეობას ან უბრალოდ, არ შეუძლიათ მათთან სწორად მუშაობა-ურთიერთობა.

ჩვენს ვებგვერდზე არც ისე იშვიათად გამოგვიქვეყნებია ამ რეალობის დამადასტურებელი სხვადასხვა შემთხვევა. ერთი, სულ ახალი შემთხვევის შესახებ მოგვწერა ქალბატონმა, რომლის უმცროსი შვილიც ბაღში დადის. მის ამბავს ანონიმურად ვაქვეყნებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შემთხვევა ბაღის დირექციას უყურადღებოდ არ დარჩება და პატარაც მალე გადალახავს იმ სტრესს, რაც მიაყენეს.

“ძალიან ბევრი ვიფიქრე, მომეწერა უნდა თუ არა იმ ფაქტის შესახებ, რაც ჩემს შვილს შეემთხვა ბაღში.
13 ნოემბერს, 11.30 წთ-ზე ჩემს ტელეფონზე შემოდის ჩემი უმცროსი შვილის ბაღის მასწავლებლის ზარი. რა თქმა უნდა, ავფორიაქდი. ზარს ვუპასუხე და ვიგებ, რომ ჩემს შვილს “გაეპარა შარვალში” და გამოსაცვლელები უნდა მიმეტანა. ამ დროს მეორე შვილის სახლში წამოსაყვანად, მის სკოლაში ვიყავი. სულ სირბილით მივედით სახლში, ავიღე გამოსაცვლელები და გავიქეცი ბაღში.
ზუსტად ერთ საათში მივედი და მხვდება სურათი: ოთახის შუაგულში ბავშვები სხედან ხალიჩაზე და თამაშობენ, ჩემი შვილი კი მათ თვალწინ დგას თავიდან-ფეხებამდე სველი… თავზარი დამეცა. მასწავლებელს მოწიწებით ვუთხარი, ლოგინში ვერ ჩააწვინეთ ბავშვი, არ გაცივდება-თქო?
პასუხი ასეთი იყო, რას მეუბნები, ლოგინში როგორ ჩამეწვინაო… თან ბავშვი ისე ტიროდა,  გული მომიკვდა და იმიტომ კი არ ტიროდა, როომ გაეპარა შარვალში, არამედ იმიტომ, რომ ძიძა დაემუქრა, აი, ნახე, დედაშენი რომ მოვა, რას გიზამსო… ბავშვმა პირველი ეს მითხრა, დედიკო, ხომ არ მცემო?
გამოვუცვალე ტანისამოსი და მასწავლებელს ვეუბნები, წავიყვან-თქო. უტიფრად მეუბნება, შენ როგორც გინდაო… კარგი, განცხადებას დავწერ და მიზეზი რა ჩავწერო-თქო? რაც გინდაო…
ხელები მიკანკალებდა, ძლივს დავწერე განცხადება… წამოვიყვანე ჩემი შვილი და იმ ღამესვე სიცხემ მისცა. ისე ახველებს, ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა. სამი დღეა ბაღში არ წამიყვანია და მასწავლებელი არც კი დაინტერესებულა, რატომ არ დადის ბავშვი ბაღში…
ჩემს პატარას საერთოდ აღარ უნდა ბაღში წასვლა, იმიტომ, რომ მას დასცინეს და ვინც გაიცინა, სახელებიც კი ჩამოთვალა. ამბობს, რომ ისინი მისი მეგობრები აღარ არიან…

დიახ მე დამნაშავე ვარ, რომ ბავშვს გამოსაცვლელი ერთი ხელი ტანსაცმელი არ წავუღე, მაგრამ მასწავლებელს არ შეეძლო, ისე მოეგვარებინა ეს საკითხი, რომ ბავშვი სხვისი დაცინვის მიზეზი არ გამხდარიყო?  მითხარით, როგორ მოვიქცე, თვალებიდან არ ამომდის ის სცენა – როგორ იდგა ჩემი გოგო მობუზული და ჩაწითლებული თვალებით.

მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვარ ინტრიგანი მშობელი, სულ ვმონაწილეობ სააკოლო თუ ბაღის ღონისძიებებში… ახლა ვფიქრობ, მივიდე დირექტორთან და აღნიშნულ საკითხზე გავესაუბრო, იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

ჩვენ კომენტარისთვის ბავშვთა ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ირმა ფეიქრიშვილსმივმართეთ:

– ძნელია იცნობდე ბავშვის ფსიქოლოგიას და გულგრილად წაიკითხო ეს ამბავი… ბავშვს ახლა თანადგომა და გამხნევება სჭირდება, ეს მისთვის სერიოზული სტრესია… აუცილებლად უნდა მოიკითხოს მშობელმა, ჰყავს თუ არა ბაღს ფსიქოლოგი და შეხვდეს მას… არავის არ აქვს უფლება, ბავშვი სახალხოდ დასაჯოს იმისთვის, რომ უბრალოდ ვერ შეძლო შარდის შეკავება, სკოლამდელ ასაკში ჯერ კიდევ ეს უნარი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული…
საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის სახალხოდ გაკიცხვა და დასჯა მიუღებელი საქციელია, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და შევეცადოთ როგორმე დავეხმაროთ პატარას.

მშობლები