“პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი” – ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ

"პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი" - ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ“პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი”, – ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა უკვე მე-5 წელია დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ხათუნა კორტავა მომხდარს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ რეზონანსულ დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს და ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც პატიმარ, ლევან კორტავას მკვლელობა დაუკვეთა.

“ეს იყო პირველი რეზონანსული დანაშაულებრივი ქმედება ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს  საქმე ჯერაც ბურუსითაა მოცული და ნაწილობივ არის გამოძიებული. დაისაჯნენ მხოლოდ უშუალოდ საქმის შემსრულებლები,  დამკვეთები და საქმის ,,გამპრავებელი“ პირველი პირები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან. ესენი არიან – ყოფილი მთ. პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი- ლაშა ნაცვლიშვილი, მირზა სუბელიანი, რომელსაც ამ საქმის დაფარვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და გეგუთის ციხის რეჟიმის უფროსი თენგიზ კუჭავა. ეს ადამიანები დღემდე დაკითხულებიც კი არ არიან. ისინი თავისუფლად დასეირნობენ და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ ჩადენილის გამო. ალბათ მათთვის ეს ჩვეულებრივი მორიგი მკვლელობაა, რომელიც შერჩათ”, – განაცხადა ხორავამ.

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა ყვება, რომ მას დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარებული აქვს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ხორავა ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, თუ, რატომ არ ხდება ნამდვილი დამნაშავეების დასჯა.

“დამოუკიდებლად ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ვიცი ყველა ნიუანსი, ვიცი , თუ ვინ რა ქმედებაში იყო და არის დღემდე. ჩატარებული მაქვს საქმის დამოუკიდებელი გამოძიება ყველა დონეზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვადანაშაულებ საქმის მიკერძოებასა და  ხელოვნურად გაჭიანურებაში.

მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, რადგანაც არ მცალია პოლიტიკური თამაშებისთვის. მაგრამ  ვითხოვ სამართალს და საქმის ობიექტურად დასრულებას. პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი და რატომ არ ისჯებიან  დამნაშავეებთან?

დასრულდეს ბოლო-ბოლო ლევან კორტავას მკვლელობის საქმე და დაისაჯნონ ზემოთ ხსენებული მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დანაშაულების დაფარვას ლამისაა გადააყოლონ ქვეყანა.

მე არ დავკმაყოფილდები შერჩევითი სამართლით. მე არ მაკმაყოფილებს მარტო მკვლელები. ჩემთვის შემკვეთები და საქმის ჩამფარცხველები კიდევ უფრო მეტი დამნაშავეები არიან.

მოვუწოდებ ყველა საინფორმაციო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ვისაც შეუძლია მცირედით მაინც დამეხმაროს და  დამიდგეს გვერდით, რათა აღსრულდეს სამართალი. მე ამას ვითხოვ 5 წელია და მგონი ხვდებით, რომ არ შევეშვები ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავეს არ მიეზღვება საკადრისად .

ნუ მაიძულებთ  მეც გამოვიდე ქუჩაში და ხმამაღლა ვითხოვო ხალხის თანადგომა.

მივმართავ მთავრობას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო და ეს დრო გამოიყენეთ”, – წერს კორტავა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 მაისს გეგუთის #14 დაწესებულების #336 საკანში მსჯავრდებულ, შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე. 2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

პრაიმ ტაიმი