პროკურატურა – ”მარნეულში კახა კვარაცხელია პოლიციელებს არ უცემიათ” – ვიდეო

პროკურატურა - ”მარნეულში კახა კვარაცხელია პოლიციელებს არ უცემიათ” - ვიდეოსაქართველოს პროკურატურა მარნეულში მომხდარზე ინფორმაციას აქვეყნებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს.

„პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გივი ქველაძემ, საჯარო სივრცეში განცხადებით ბრალი დასდო მარნეულის შს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის განხორციელებაში. კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, პოლიციელებმა პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კახა კვარაცხელიას.

პროკურატურამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო გამოძიება და დაუკავშირდა გივი ქველაძეს, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოძიებამ გამოკითხა კვარაცხელიას მკურნალი ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფოში შეყვანილ კვარაცხელიას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

გამოძიებამ ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რომელთა დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გივი ქველაძის საჯარო განცხადებები არ დასტურდება და კახა კვარაცხელიას მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება უშუალოდ კახა კვარაცხელიას, მასთან დაკავშირება და შესაბამისად გასაუბრება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ხოლო თავად გივი ქველაძე აცხადებს, რომ იგი კვარაცხელიას არ იცნობს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვს ინფორმაცია“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

პირველი არხი