“ქართული ოცნების” ერთადერთი შანსი მიხეილ სააკაშვილია”

"ქართული ოცნების" ერთადერთი შანსი მიხეილ სააკაშვილია"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, “ედისონ რისერჩმა” 1-9 ნოემბრის ჩათვლით კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს 56% უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილს – 44%. ხედავთ ასეთივე განწყობებს საზოგადოებაში?
– კი, რა თქმა უნდა. უფრო მაღალიცაა განწყობა, მე თუ მკითხავთ, ვაშაძის მიმართ. ჩემ გარშემო საერთოდ არ ვიცნობ არავის, ვინც სალომეს აძლევს ხმას. ძალიან ბევრი იყო ჩემ გარშემო, ვინც 2012-ში “ოცნებას” მისცა ხმა და დღეს მათი დიდი ნაწილი სალომეს წინააღმდეგ აძლევს ხმას. ასე რომ, ამ კვლევის შედეგები სრულიად ლოგიკურია.
– ანუ თქვენთვის მისაღებია ამ კვლევის შედეგები?
– რა თქმა უნდა, მისაღებია. “ოცნება” ძალიან არასწორად იქცევა, უხერხულ სიტუაციაში იგდებს თავს, როცა არც ერთ კვლევას არ ენდობა, ეს კომიკურია. ხომ არ შეიძლება რომ სულ ასე ლაპარაკობდე, აირაის არ ვენდობი, ენდიაის არ ვენდობი და არავის არ ვენდობი. კითხვა ხომ გიჩნდება – ბოლოს და ბოლოს ვის ენდობი? და ამას ვერ ითვალისწინებენ, სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში სერიოზულად დააკლდათ ინტელექტუალური რესურსი.
– ამ კვლევას თუ დავეყრდნობით, რა შანსები აქვს “ოცნებას”?
– შანსი ექნება მაშინ, თუ სააკაშვილმა აკეთა გაუფრთხილებელი განცხადებები. აქამდე რას წარმოადგენდა “ოცნება”? “ოცნების” საზოგადოებისადმი გზავნილი იყო ყოველთვის ერთი, ჩვენ მაინცდამაინც არ ვვარგივართ, საქმესაც ვერ ვაკეთებთ, შეიძლება ფულსაც ვიპარავთ, კორუმპირებულიც ვართ, მაგრამ 9 წელი ხომ არ მოგენატრათ, ხალხო? ხომ იცით, ჩვენ თუ არა, 9 წელი იქნება!
ეს აღარ მუშაობს, გაცვდა უკვე და ამისი ხელახალი ამუშავების შანსი შეიძლება გაჩნდეს, თუკი სააკაშვილი გააკეთებს მისთვის დამაზიანებელ, გაუფრთხილებელ განცხადებებს, რომლებიც ჩვეულებრივმა ხალხმა შეიძლება აღიქვას მუქარად.
– ანუ “ოცნებას” სააკაშვილი უნდა დაეხმაროს?
– ზუსტად. სააკაშვილი არის გადამწყვეტი ფაქტორი ამ სიტუაციაში.
– თქვენ თუ ელოდებით სააკაშვილისგან ასეთ განცხადებებს?
– ველოდები, რადგან ის აშკარად ეიფორიაშია და “ოცნებასაც” ეს აძლევს ერთადერთ შანსს, მეტი არაფერი.
– მეორე ტურის წინ ორივე პრეტენდენტის მიმართ ისმის ბრალდებები, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან.
– მე არ ვეთანხმები ამ ბრალდებებს. ორივე სისულელეა. უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები. არა იმიტომ, რომ რუსეთის აგენტია, უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ქალს სააკაშვილი ეზიზღება. თავის პირად ზიზღს გადააყოლა სახელმწიფო ინტერესები, მისდა უნებურად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები.
– ევროპარლამენტშიც გაიყო აზრი ორად. გაკეთდა განცხადება, რომ ვაშაძე, რომელიც მოღვაწეობდა რუსეთში, იყო რუსი დიპლომატი, საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელი იქნება.
– ჯერ ერთი, ვაშაძე ელჩი არ ყოფილა, იქ ვიღაცას რაღაც სისულელე უთხრეს და იმანაც დაიჯერა. რომც ყოფილიყო, მერე რა მოხდა? რა, ზურაბ აბაშიძე არ იყო საბჭოთა დიპლომატი? რა, სამსახური არ გაუწია საქართველოს?! რას ჰგავს ეს, რას ჩააცივდნენ ვაშაძეს?! რა არის ცუდი იმაში, თუ იქ მიღებულ გამოცდილებას საკუთარ სამშობლოს ახმარს?! ეს უნამუსო და ბრიყვული ჭორებია, რომელთაც სერიოზულად არ ვუყურებ და არც განვიხილავ.
– გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, გაიმართება. რას იტყვით თქვენ?
– ეს სულ ცოტა ოპოზიციას მისცემს საბაბს, თქვას, რომ ცესკო ცდილობს, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას. რომ დანიშნოს კვირას, ცესკო ამ სალაპარაკოს ოპოზიციას არ მისცემს.
– ანუ ოპოზიციის წისქვილზე ასხამენ წყალს?
– რა თქმა უნდა. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამ უაზრო წინადადებებით, უაზრო მაქინაციებით თვითონვე აფუჭებენ საქმეს ხელისუფლებისთვის.
– ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა. არ გამოსდით თუ მიზანმიმართულად იქცევიან ასე?
– არ გამოსდით, საკუთარი თავისთვის უნდათ კარგი და აკეთებენ ცუდს. ჭკვიანი ადამიანი თითზე ჩამოსათვლელი აღარ დარჩათ “ოცნებაში”. ბრძოლა ამ გუნდით ძალიან სერიოზული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, როგორებიც არიან სააკაშვილი, ბოკერია, ბერძენიშვილები, არ იქნება მარტივი.
კი, მათ ფული აქვთ, შეიძლება არჩევნების წინაც დაარიგონ, მაგრამ ეს ხრიკი უკვე აღარ ჭრის. გამოგართმევს ხალხი ფულს და შენ მაინც არ მოგცემს ხმას. ეს არაერთხელ მომხდარა უკვე.
– ბევრი ფიქრობს, რომ ვაშაძე მოიგებს მეორე ტურს. თუ ეს მოხდა, რა რეალობის წინაშე დგება “ოცნება”?
– “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს უნდა დააბრალოს, იმიტომ, რომ ეს მეორე ტური რაღაც აპოკალიფსად და არმაგედონად აქცია. ასე რომ არ გაეკეთებინა, ძალიან მარტივი იქნებოდა ყველაფერი.
ვაშაძემ თუ მოიგო, კომიკური იქნება მათი რეაქციები. ყველაფერი მათ ხელშია, მედიის დიდი ნაწილი, სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ხელშია, პარლამენტი მათ ხელშია. უუფლებო პრეზიდენტის ეშინიათ იმიტომ, რომ მათ დაკარგეს ხალხის ნდობა და თუ იქნება არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არ ექნება ძალაუფლება, მაგრამ ექნება ლეგიტიმაცია მაინც, მათში ეს პანიკას იწვევს.
საქმე რომ ეკეთებინათ ამ 6 წლის განმავლობაში, ხომ არ შეეშინდებოდათ? რომ ვერაფერი გააკეთეს, ამიტომ ეშინიათ ერთი უუფლებო პრეზიდენტის.
– კვლევის მიხედვით რატომ მოიმატა ვაშაძის ხმებმა?
– მე ეჭვი მაქვს, რომ ვაშაძის ხმები კიდევ უფრო მომატებული იქნება მას მერე, რაც გასულ შაბათს მოხდა. ვგულისხმობ სარალიძის და მაჩალიკაშვილის დაუსრულებელ ეროვნულ ტრაგედიას, რასაც ხელისუფლება პასუხობს ბრიყვულად, რომ კარავს არ დაგადგმევინებ, ნაძვის ხე უნდა დავდგა.
– დიდი გამოხმაურება მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის მეპიარის, შკლიაროვის, განცხადებებს, რომ მოსალოდნელია რევოლუცია და რომ პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს ქუჩაში. ამაზე რას იტყვით?
– მე წავიკითხე ეს განცხადება, სადაც ის წერს, რომ საქართველოში მოხდება არა ვარდების რევოლუცია და გადატრიალება, არამედ ჭეშმარიტი, დემოკრატიული რევოლუცია, რომლითაც ყველა მოგებული დარჩება. აი ამას წერს ეს კაცი.
გასაგებია, რომ ეს თითზე დაიხვიეს, რუსი ეძახეს. რუსი არცაა, ბელორუსია და იგი ეხმარებოდა არჩევნებზე მერკელს და ობამას და ამის მერე რა რუსია, თავად განსაჯეთ. მაშინ ობამაც რუსეთის აგენტი ყოფილა და მერკელიც. ვინც ამის მერე კიდევ დაიწყებს კივილ-წივილს, რომ პრორუსია შკლიაროვი, იმის ჭკუას არაფერი ეშველება.
– არსებობს მოსაზრება, რომ ვინც უნდა მოიგოს ეს არჩევნები, პროცესი მაინც გადაინაცვლებს ქუჩაში. რამდენად იზიარებთ ამას?
– არა, არანაირად. თუ არ გააყალბებს მთავრობა არჩევნებს, არაფერიც არ მოხდება. თუ არ გააყალბეს და ისე მოიგებს ზურაბიშვილი, ნაცმოძრაობამ რომც მოინდომოს, ვერ გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. თუ არ გააყალბებენ, არაფერი არ მოხდება.
– აქვს “ოცნებას” გაყალბების რესურსი?
– რაღაცა ალბათ აქვთ. დიდად ვერ ვერკვევი ამ ტექნოლოგიებში, მაგრამ რაღაც საშუალება ექნებათ. ჩვენთან ეს პოლიტიკური კულტურა ძალიან ნელა მოდის და ჯერჯერობით ვერ მოვიდა ის შეგნება, რომ არჩევნების წაგება არ არის ტრაგედია.
ყველა ხელისუფლება ჩაფრენილია სკამს. როცა მოვა ის შეგნება, რომ არც მოგებაა დიდი გამარჯვება და არც წაგებაა დიდი ტრაგედია, დავისვენებთ ყველანი.
აბა, რას ჰგავს ის, რაც დღეს ხდება?! ყველა საარჩევნო კამპანია ჰგავს სამოქალაქო ომს. პოლიტიკურად უკულტურო ერი ვართ! ჩვენი პოლიტიკოსები კიდევ უფრო უკულტურო არიან ამ მხრივ, ვიდრე მოსახლეობა. ხანდახან ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ იმას, რასაც არ იტყვის წერა-კითხვის უცოდინარი უკანასკნელი ქართველი.
– როგორია თქვენი პროგნოზი, ვის რა შანსი აქვს?
– ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დამთავრდება ეს არჩევნები. ხელისუფლებამ თუ არ მიიღო გადამჭრელი ზომები და არ გამოასწორა თავისი მუშაობა, 2020-ში “ოცნება” ყველა ვარიანტში წააგებს არჩევნებს, იმის მიუხედავად, ახლა რაც არ უნდა მოხდეს. მათ ხალხი აღარ გააჩერებს ხელისუფლებაში და ამას, მე მგონი, ვერ ხვდებიან.
აი, ეს არის მათი უბედურება და ჩვენიც, რადგან ქვეყანა უკან მიდის. პირადად ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მაგალითად, კვირიკაშვილი, მაგრამ კვირიკაშვილის დროს, ფაქტია, რომ ასეთი მძიმე სიტუაცია არ გვქონდა. ახლა ეს მთავრობა რას აკეთებს, გაუგებარია ჩემთვის – ან რა კურსი აქვს, რა პოლიტიკა აქვს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
თუ სერიოზულად არ შეცვალეს კურსი და პოლიტიკა, რაშიც ეჭვი მეპარება, საქმე ძალიან ცუდად ექნებათ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა