ყოველდღიური მოხმარების ქიმიკატები ბავშვის მეტყველების უნარზე მოქმედებს

ყოველდღიური მოხმარების ქიმიკატები ბავშვის მეტყველების უნარზე მოქმედებსდედები, რომლებსაც ადრეული ორსულობის დროს შეხება აქვთ ფტალატებთან, მომავალ შვილებს შესაძლოა მეტყველების განვითარების პრობლემას უქმნიდნენ. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

ფტალატები ქიმიური ნივთიერებების ჯგუფია, რომელიც ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ, პირადი მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში, ბავშვის სათამაშოებსა და ბევრ სხვა პროდუქტში.

ის გვხვდება ფრჩხილის და თმის ლაქში, თმის საღებავებში, საპნებში, შამპუნებში. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ფტალატები გამხსნელიცაა. მას იყენებენ წებოვან მასალებში, ზეთებში, სარეცხ საშუალებებში, ავტოწარმოებაში, სარწყავ გაყვანილობებში, სამედიცინო აპარატურაში. ფტალმჟავას მარილებს და ეთერებს შეიძლება შეხვდეთ იატაკის და ავეჯის ზედაპირზეც. ასევე ხშირადაა საკვების შეფუთვაში, საღეჭ რეზინში, კანფეტებში და ტაბლეტებში. ფტალატების აღმნიშვნელ აბრევიატურებს შორის სახელდება: DBP, BBP, DBF, DEHP.

ფტალატების დამატება პლასტმასის ნივთებს მეტ პლასტიურობას, გამძლეობას, გამჭვირვალობას აძლევს. ამ ტიპის ნივთიერებები იოლად გადადის გარემოში და ასევე იოლად აღწევს ადამიანის ორგანიზმში შესუნთქვით, გადაყლაპვით, ან კანით შეხების გზით. ფტალატებს ექიმები პოულობენ შარდში, სისხლსა და დედის რძეშიც კი.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ფტალატები აღმოაჩინეს ამნიონურ სითხეშიც, ორსულის სანაყოფე წყლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსული დედა ფტალატებს პლაცენტის საშუალებით ნაყოფსაც აწვდის.

ამერიკელმა და შვედმა მეცნიერებმა პირველად შეისწავლეს ორსულობაში ქალის ორგანიზმზე ფტალატების ზემოქმედების კავშირი მცირეწლოვანი ბავშვების დაგვიანებულ მეტყველებასთან. “პრაქტიკულად, ყველა შესწავლილი ადამიანის ორგანიზმში, 100 პროცენტში დაფიქსირდა ამ ქიმიკატების გაზომვადი რაოდენობა” – აღნიშნავს პროფესორი ემილი ბარეტი, რატგერსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუტის მკვლევარი. ის კვლევის ამერიკულ ნაწილში მონაწილეობდა.

პროფესორ ბარეტის თქმით, 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დაგვიანებული მეტყველების პრობლემა გამოკვეთილად დაფიქსირდა ორი ტიპის ფტალატის ზემოქმედების შემთხვევაში. ესენია დიბუტილ-ფტალატი (DBP) და ბუტილბენზილ-ფტალატი (BBP).

ფტალატებს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სინთეტური იატაკის ზედაპირის დაგებისას, როგორც ოთახებში, ასევე ე.წ. სველი წერტილების მოსაპირკეთებლად. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დაგვიანებული მეტყველება შეიძლება მხოლოდ პირველი, ადრეული სიგნალი იყოს იმ აკადემიური პრობლემებისა, რომლებიც ბავშვებში მოგვიანებით გამოვლინდება და ეს საკითხი შემდგომი კვლევების საგანი უნდა გახდეს.

მეცნიერებმა შვედეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 300-ზე მეტი დედა-შვილი შეისწავლეს. ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაგვიანებული მეტყველების შანსი 30 პროცენტით მეტია იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც ორსულობის პერიოდში ფტალატებთან შეხება უწევდათ. მთლიანად, დაგვიანებული მეტყველება 10 პროცენტში დაფიქსირდა. ბიჭებში უფრო მეტად, ვიდრე გოგოებში.

მკვლევრების თქმით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ როცა ფტალატები იატაკის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, მასთან შეხების შანსი გაცილებით იზრდება და ათწლეულებს, 20-30 წელს აღწევს. იატაკიდან ის ხვდება ოთახის ჰაერში, მტვერში, საკვებსა და წყალში.

“ეს ემატება იმ ნაშრომთა მზარდ რაოდენობას, რომელიც ადასტურებს, რომ ფტალატები შესაძლოა ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენდეს, ჩვენ კი, ამ ქიმიკატების ყოველდღიურ პროდუქტებში მოხმარებასთან დაკავშირებით, უფრო მკაცრი რეგულაციების მიღებას გვკარნახობდეს” – ამბობს პროფესორი ბარეტი.

“ადრეული კვლევების მიხედვით, ფტალატებთან შეხება ინტელექტის დაბალ კოეფიციენტთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან და მამრებში სასქესო ორგანოების განვითარების პრობლემებთანაც კი ასოცირდებოდა.” – აღნიშნავს პროფესორი კარლ-გუსტავ ბორნაგი, კვლევის ავტორი და შვედეთის კარლსტადის უნივერსიტეტის მეცნიერი.

მისი თქმით, თითოეული ნივთის შეძენისას, საჭიროა დაკვირვება და პროდუქტის ქიმიურ შემცველობასთან დაკავშირებით, იარლიყების ყურადღებით წაკითხვა. იმ ქვეყნებში, სადაც გასაყიდი პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა რეგულირდება, მეცნიერები გვირჩევენ ისეთი პროდუქტი შევარჩიოთ, რომელსაც აწერია, რომ ის ფტალატებს არ შეიცავს (phthalate-free). თუმცა, ეს არც ისე იოლია – ამბობს პროფესორი ბორნაგი, რადგან “საჭიროა იარლიყების უკეთესი სისტემის შემოღება”.

იმედინიუსი