ყურძნის ფასის ზრდამ “უსახელაური” გააძვირა

ყურძნის ფასის ზრდამ "უსახელაური" გააძვირაკომპანია “უსახელაური“, რომელიც იშვიათი ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, პროდუქციას 5-10%-თ გააძვირებს, ამის მიზეზი კი ყურძნის ფასის ზრდაა, რაც წლევანდელ რთველზე დაფიქსირდა.

როგორც შპს ,,უსახელაურის“ დამფუძნებელმა პაატა შარაშენიძემ Bm.ge-ს განუცხადა, იმის გამო, რომ წელს უსახელაურის დაბალი მოსავლიანობა იყო, ყურძნის ფასმა კილოგრამზე 15 ლარი შეადგინა, გასულ წელს კი 10-12 ლარი ღირდა. გარდა ამისა, გაზრდილი იყო მოთხოვნა უსახელაურის ჯიშის ყურძენზე, რადგან ამ ღვინის წარმოება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.

“ცხელმა ზაფხულმა ყურძნის მოსავალი 20%-ით შეამცირა. წელს 9 ტონა ყურძენი დავწურეთ, საიდანაც 3 ტონა შევისყიდეთ, დანარჩენი კი საკუთარ ვენახებში მოვკრიფეთ. რეალურად ყურძნის ფასის ზრდამ ღვინის თვითღირებულება 15%-ით გაგვიზარდა, მაგრამ მას მხოლოდ 5-10%-ის ფარგლებში გავაძვირებთ, რათა  ჩვენი მომხმარებლისთვის ფასის მკვეთრი ზრდა არ მოხდეს, ამას საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე გავაკეთებთ“ – განაცხადა პაატა შარაშენიძემ.

კომპანია წელს ორჯერ მეტ პროდუქციას აწარმოებს, კერძოდ 10 ათას ბოთლ “უსახელაურს“ დაამზადებს, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 5 ათასს შეადგენდა. ღვინის ძირითადი წილი – 50% საქართველოში გაიყიდება, სადაც მისი ფასი 110-დან 130 ლარამდე იმერყევებს, 30% რუსეთში გავა, 20% კი – ნიდერლანდებში, გერმანიაში, კანადაში და სხვა ბაზრებზე გაიყიდება.

როგორც პაატა შარაშენიძე აცხადებს, წელს ახალი საექსპორტო ბაზარი აითვისეს და მომავლი წლის მარტიდან ,,უსახელაური“ პოლონეთშიც გადაიტვირთება, აღნიშნული კონტრაქტი კომპანიას უკვე გაფორმებული აქვს.

შპს “უსახელაური“ ლანჩხუთში, სოფელ ოყურეშში 5 ჰა ვენახს ფლობს, აქედან 2 ჰა ცოლიკაურის და 3 ჰა უსახელაურის ჯიშის ვენახია. კომპანიამ გასულ წელს ღვინის საწარმოც ააშენა, რომელსაც სეზონზე 150-200 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 3,5 მილიონი ლარია. სამომავლოდ კომპანია სასტუმრო ბიზნესის განვითარებასაც გეგმავს.

სოფელი ოყურეში ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც იშვიათი დასახელების ჯიშის ყურძენი – უსახელაური მოდის. ამ ვენახების რაოდენობა შეზღუდულია და ის სულ 10 ჰექტარზეა განლაგებული.