ყველა შეჩერებული მშენებლობა იდენტიფიცირებულია

ყველა შეჩერებული მშენებლობა იდენტიფიცირებულიათბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თემურ ბოლოთაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს კანონპროექტს, რომელიც დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობების პრობლემების გადაწყვეტას შეეხება.
როგორც ბოლოთაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, შეჩერებული ობიექტების დასასრულებლად, რიგ შემთხვევაში კომპანიებმა შესაძლოა, გარკვეული შეღავათები მიიღონ.
„ყველა ის შეჩერებული მშენებლობა დაიდენტიფიცირდა, რომელიც ქალაქში გვაქვს, შესაბამისი პრობლემური საკითხებიც დაიდენტიფიცირდა, თუ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ შენობა-ნაგებობები დასრულდეს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაში მოხდა გადაწყვეტილებების მიღება და კონკრეტული მშენებლობების დახმარება იმ კუთხით, რა კუთხითაც კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იყო“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
რაც შეეხება შეჩერებული მშენებლობების ერთ ნაწილს, არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, მათი დასრულებისთვის საჭიროა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ ეტაპზე თბილისის მერიაში განხილვის ეტაპზეა.
„რაღაც შემთხვევებში შეიძლება, გარკვეულ პრეფერენციებზე იყოს საუბარი, რაღაც შემთხვევაში – დამატებითი მოცულობების მიცემაზე, თუმცა არამხოლოდ. რამდენიმე სახის პრობლემები არის და მათი გადაწყვეტის ერთიანი გზა, ერთიანი წამალი არ არსებობს“, – აღნიშნა მან.