რამაზ საყვარელიძე – “საზოგადოება ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს”

რამაზ საყვარელიძე - "საზოგადოება ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. რას იტყვით თქვენ?
– ეს კითხვა უფრო საფუძვლიან ანალიზს ითხოვს, იმიტომ, რომ ორი დღის წინ არ მომხდარა ეს შეცდომა და შეცდომების მთელმა კასკადმა განაპირობა ის, რაც ჯამში მივიღეთ ამ არჩევნებზე.
– შეცდომებში რა იგულისხმება?
– თვითონ “ქართული ოცნება” უნდა იკვლევდეს ამას. დღეს რომ იძახიან, ყველაფერს გამოვასწორებთო, კითხვის ნიშანი აქ ჩნდება, იციან კი, რა არის გამოსასწორებელი?!
მე შევადარებდი ნაციონალური მოძრაობის და “ქართული ოცნების” მდგომარეობას ერთი პარამეტრით.
– რომელი პარამეტრით?
– ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა მართვის სადავეები, მაგრამ შეინარჩუნა გუნდი. რა თქმა უნდა, რაღაც პროცენტით. ეს არ არის ის მხარდაჭერა, რაც სააკაშვილს აქვს მიღებული 2004-ში, მაგრამ ერთგული გუნდი, რომელიც გამუდმებით ყველა არჩევნებზე თავს ავლენს, სადღაც 24-27%-ის ფარგლებშია. ასეთი გუნდი მან შეინარჩუნა.
– “ოცნებას” არ ჰყავს ასეთი ერთგული გუნდი?
– მეორეს მხრივ, “ქართულ ოცნებას” საყვედურობს ნაწილი ადამიანებისა იმას, რომ ისინი იბრძოდნენ “ქართული ოცნების” გვერდით, მისი ერთგულები იყვნენ და დაწინაურებულნი აღმოჩნდნენ სრულაიდ სხვები, ვისაც “ოცნების” გვერდით არ უბრძოლია, ძირითადად კი ნაციონალური მოძრაობის ხალხი.
ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ლიდერთა ჯგუფისთვის გუნდის შენარჩუნება ერთ-ერთი არსებითი მომენტია. გუნდის შენარჩუნებისთვის კი აუცილებელია, ამ გუნდის თითოეული წევრი გრძნობდეს ზრუნვას ლიდერისას. თუ ასეთი განცდა გუნდს არ აქვს, რომ ლიდერი მასზე ზრუნავს, გუნდი იშლება. სხვა საკითხია, თუ რა განსაზღვრავს ამ ერთიანობას.
– რა განსაზღვრავს?
– ნაციონალურ მოძრაობაში ამ ერთიანობას განსაზღვრავს ერთ დანაშაულში მონაწილეობა. ბანდა ყოველთვის ყველაზე შეკრული გუნდია, კრიმინალური ბანდა. თუმცა არის მეორე მომენტიც, ძალიან ხშირად ვაკვირდებით რომ ლიდერები უყვართ. სააკაშვილის მიმართაც ეს სიყვარულის ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. რა ტიპის ლიდერები უყვართ? ეს გვინახავს ისტორიაში, ჰიტლერიდან დაწყებული სტალინამდე უყვარდათ. ანუ სიძლიერის სიმბოლო ვინც არის, ის უყვართ.
– შიში შეიქმს სიყვარულსა? ეს მომენტია?
– არც უმაგისობაა. ჭკვიანი კაცი იყო რუსთაველი. “ქართული ოცნების” შეცდომა, შესაძლოა, სწორედ ის იყო, რომ მან არ შექმნა ძალის შთაბეჭდილება და ადვილად მიიკერა უნიათოს ეპითეტი. კი, ოპონენტმა მიაკერა ეს ეპითეტი, მაგრამ ეპითეტი არ მოგეწებება, თუ მას რაიმე საყრდენი არ აქვს.
ძალაუფლება ყოველთვის მიმზიდველია. ადამიანებს დიდი ძალა ყოველთვის იზიდავს. აი, ეს მიმზიდველობა დაკარგა “ქართულმა ოცნებამ”! მან ვერ დაადასტურა თავისი ძლიერება.
– წინ არჩევნების მეორე ტურია. ხელისუფლება კი საუბრობს შეცდომების გამოსწორებაზე, მაგრამ აქვს დრო ამისთვის? ან რამდენად მოახერხებს ტაქტიკის შეცვლას?
– უნდა გაჩნდეს განცდა, რომ “ქართული ოცნება” თავის რიგით წევრებზე ზრუნავს და არა – ნაციონალური მოძრაობის წევრებზე. თავის დროზე თქვა უსუფაშვილმა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნაციონალური მოძრაობა გადავარჩინოთო და ძალიან ცუდი რეაქცია იყო საზოგადოებაში.
– იქიდან მოყოლებული გრძელდება ნაციონალების გადარჩენა?
– დიახ, დღემდე გრძელდება ამ ფორმულაზე რეაგირება და დღემდე აქვთ ადამიანებს ის განცდა, რომ “ქართული ოცნება” ამ ფორმულით მოქმედებს. ამის შეცვლა შეიძლება ხუთიოდე დანიშვნით და ხუთიოდე ადამიანის განთავისუფლებით. ერთგული ადამიანები წინ წამოსწიონ და ვისაც ებრძოდნენ, ისინი უკან დახიონ. მათი დახვრეტა არ არის აუცილებელი.
– გუნდში საკადრო ცვლილებებს გულისხმობთ?
– დიახ, რათა განმტკიცდეს გუნდურობის განცდა გუნდში. რომ ამ გუნდში ივანიშვილიც ერთგულია გუნდის წევრების. აი, ამ განცდის დეფიციტია. სიძლიერის მომენტზე როდესაც ვსაუბრობდით, უამრავი დაუმთავრებელი საქმეა და უამრავი დაუსჯელი ადამიანი დადის ქვეყანაში. საკმარისია, “ოცნებამ” ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით და აჩვენოს, რომ მას ძალის გამოყენების უნარი აქვს, რომ ეს შთაბეჭდილება მეტნაკლებად მოიხსნება.
აი, ეს ორი ძირითადი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს.
– პატრიოტთა ალიანსი ხელმოწერებს აგროვებს და მალე ისინი პარლამენტისგან მოითხოვენ ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის, აღიარებას. რამდენად წაადგება ეს პროცესი “ქართულ ოცნებას”?
– ეგ კითხვა არის მეორე პუნქტის გაგრძელება. ის დამადასტურებელი იქნება იმისა, რომ პარტიას ძალა აქვს და მეგობრებს იცავს და მტრებს ებრძვის. ამ საკითხის დაყენება დღეს შესაძლებელია, “ოცნებისთვის” ყველაზე მეტი შანსი იყოს.
– მოსახლეობა როდესაც უყურებს, როგორ უფასურდება ლარი, როგორ გაძვირდა საწვავი, მას უჩნდება განცდა, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს შეცვლის უკეთესობისკენ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ეს ხომ არ არის საბოტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ. თქვენ რას ფიქრობთ?
– აშკარაა, რომ თავი მოიყარა “ქართული ოცნების” გარშემო ნაღმების მთელმა წყებამ. სამართლიანობის პრობლემა შვილმკვდარ მშობლებთან, იქ ბიზნესის გადანაწილების თემა ოქუაშვილთან და ასე შემდეგ. თუ შევყვებით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წერტილებში აფეთქდა ნაღმები.
როცა ხანძარი ჩნდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წერტილებში, თუ ეს ერთდროულად ხდება, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, დივერსია იყოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიზანმიმართული პროცესი იყოს.
– რას ელოდებით მეორე ტურში?
– 60/40-ზე იქნება საბოლოო მიმართება მეორე ტურში, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამას მოახერხებს “ოცნება”. ამას მოახერხებს საზოგადოება, რომელსაც არ უნდა ნაციონალების დაბრუნება!
– ანუ ნაციონალების შიშით ხმა მივცეთ “ქართულ ოცნებას”?
– შიში ქვია იმას, როცა რეალობა არ არის, როცა მე მაშინებენ მგელი, მგელიო, ისე რომ მგელი არ ჩანს, მაგაზე შიშს ვიტყვით, მაგრამ თუ მგელი გამოჩნდა, მერე უკვე შიშზე აღარაა ლაპარაკი, მერე თავის გადარჩენა ხდება საჭირო.
გამოჩნდა რეალური კონტური იმისა, რომ შეიძლება შემოტრიალდეს მთელი ეს პროცესი. თანაც ნახეთ, როგორ სასწრაფოდ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა, მაშინ როცა პრაქტიკულად არ შეიცვალა “ქართული ოცნების” რიტორიკა.
– რა მხრივ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა?
– ახლა გამოდიან და იძახიან: რა მოხდა, ჩამოვიდეს ჩვეულებრივი მოქალაქე სააკაშვილი. ის, რომ ჩამოსვლაზეა ორიენტირებული ეს არჩევნები მათი მხრიდან, მაგაში გამოჩნდა, რომ ეხლა შერბილება უნდათ იმისა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ გახდეს ბარიერი ვაშაძის არჩევისთვის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა