რომან გოცირიძე – “ოცნების” სხვა კანდიდატიც იმდენივე ხმას მიიღებდა”

რომან გოცირიძე - "ოცნების" სხვა კანდიდატიც იმდენივე ხმას მიიღებდა"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, მეორე ტურისთვის სამზადისი დაწყებულია. პირველი ტური ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვის რა შანსები აქვს?
– არაფერი მოულოდნელი არ იყო, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ჯერ ერთი, საზოგადოებრივი განწყობა ისედაც ჩანს. ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა, რასაც ჩვენ ვხედავდით, თუნდაც არაკვალიფიციური კვლევები, ყველა გამოხატავდა ერთი და იგივე სურათს.
არც ერთი კვლევის შედეგით არ ყოფილა, რომ სადმე რაიმე შანსი ჰქონოდა სალომე ზურაბიშვილს, გარდა იმ შეთითხნილი კვლევისა, რომელიც ქაღალდზე ჩამოწერა “ქართულმა ოცნებამ”, ვითომ რომ ჩაატარა. ამიტომ ყველაფერი ნათელი იყო, პროცესი თავიდანვე აქეთ მიდიოდა. უბრალოდ, ჩვენი მხრიდან საჭირო იყო ხმების დაცვა.
– დაიცავით?
– მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებაც იყო, დაშინებაც, ხალხის ძალით გამოყვანაც, სიები, მოსყიდვები და ასე შემდეგ, მაინც შევძელით ხმების იმ დონეზე დაცვა, რომ ხელისუფლების კანდიდატმა განიცადა საშინელი კრახი.
არჩევნებზე მოვიდა მილიონ 600 ათასი ადამიანი, აქედან 600 ათასი ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 მილიონი ხმა მიიღო ოპოზიციამ. ამ მილიონ ხმაში თუ ჩვენ გამოვაკლებთ 30-40 ათას, თუნდაც უსუფაშვილის 2,2%-ს და კიდევ სხვადასხვა ამომრჩეველს, ფაქტია, რომ ოპოზიცია ბევრად წინ არის.
– მთლიანად ოპოზიციას გულისხმობთ?
– მთლიანად ოპოზიციური ხმები იმდენად მნიშვნელოვნად აღემატება სახელისუფლო ხმას, რომ ამის აღმოფხვრა თეორიულად შეუძლებელია, თუ არ მოხდა დიდი გაყალბება და თუ რაღაც განსაკუთრებულ ბოროტ ხერხებს არ მიმართეს.
– ბოროტ ხერხებში რა იგულისხმება?
– თუნდაც ისეთს, როგორიც არის განცხადება, რომ ტელეკომპანია იმედი გადადის რაღაც საგანგებო რეჟიმზე. ან კიდევ ისეთი განცხადებები, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი იქნება, რაც უპასუხისმგებლო განცხადებაა და მე ვიტყოდი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ელფერის შემცველი განცხადებაა, რაც გააკეთა გედი ფოფხაძემ.
ამას არათუ არ გაემიჯნა “ქართული ოცნება”, არამედ ზოგიერთმა მხარიც კი აუბა, რომ თურმე დესტაბილიზაციას აწყობს ნაცმოძრაობა. რატომ უნდა აწყობდეს პარტიას დესტაბილიზაცია, რომელიც დიდი უპირატესობით იმარჯვებს არჩევნებში. პირიქით, ამ შემთხვევაში სტაბილურობა უფრო აწყობს ოპოზიციას, ვიდრე რაღაც ექსცესების მოწყობა. ხელისუფლებას კი ყოველთვის აქვს ბერკეტი, რომ რაღაც პროვოკაციები მოაწყოს. რაც ყველაზე სასაცილო იყო, ჩანაწერების ომიც კი ვერ წამოიწყეს.
– ხომ გაუშვეს ჩანაწერები?
– ერთი მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის საუბარი ჩაწერეს 30 წამიანი, ჩვეულებრივი საუბარი და არაფერი განსაკუთრებული არ იყო. ხოლო მეორე რაღაც დამონტაჟებული საუბარი, ხმა მიშასია და ბიძის ხმა კომპიუტერით არის დამონტაჟებული. ვითომ ამით კომპრომატი შემოაგდეს. რეალურად მათმა ძველმა მეთოდებმაც ვერ იმუშავა.
ახლა წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი თვე. ისინი შეეცდებიან, რომ სულ ბოლო დღეს დანიშნონ არჩევნები, რათა ამ შოკიდან გამოვიდნენ. ისინი ახლა ნოკაუტში არიან და უნდათ, რომ სული მოითქვან და მაქსიმალურად გაწელავენ არჩევნების დღეს. ამიტომ არის მოსალოდნელი უამრავი პროვოკაცია და ჩვენ ამაზე არ წამოვეგებით.
– მაინც რა სახის პროვოკაცია შეიძლება იყოს?
– პროვოკაცია შეიძლება ყველანაირი. თუნდაც დადგმული ჩანაწერები. რეალური ჩანაწერები რომ ჰქონოდათ, დღემდე გამოაქვეყნებდნენ. თუნდაც ის, რაც ახალქალაქში მოხდა, დაშინების მცდელობა იყო, დაარბიეს ჩვენი ოფისები. არ არის გამორიცხული, რომ დაიწყონ მოსყიდვები საარჩევნო კომისიებში ადამიანების.
ჩვენ ეს ყველაფერი ისტორიულად უკვე გავიარეთ. გაყალბების და დაშინების გზით წასვლა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს ხელისუფლებას. ამიტომ ჯობია, რომ ისინი შეეგუონ ბედს და მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად. ადრე თუ გვიან, ყველა ხელისუფლება იცვლება.
– ანუ დარწმუნებული ხართ, რომ მეორე ტურში ვაშაძე გაიმარჯვებს?
– ყველანაირი ლოგიკით, შეუძლებელია, რომ პარტიამ, რომელმაც მიიღო 600 ათასი ხმა, აჯობოს იმას, ვინც მიიღო მილიონი ხმა.
– მოვისმინეთ ასეთი შეფასებებიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ქუდზე კაცი გამოიყვანა. ბევრი ამომრჩეველი არ მისულა არჩევნებზე და არის ვარაუდი, რომ მათი ხმები მეორე ტურში “ოცნებისკენ” წავა. რა შანსები გაქვთ, რომ ეს მაჩვენებელი გააუმჯობესოთ? ითქვა, რომ ეს იყო თქვენი მაქსიმუმი.
– ამ არჩევნებში ზუსტად იმდენივე ადამიანი მოვიდა, რამდენიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში. არავითარი განსაკუთრებული მობილიზაცია ამ შემთხვევაში არც ერთ პარტიას არ მოუხდენია.
მოსულთა დიდმა უმრავლესობამ ზურგი აქცია ხელისუფლებას. დღეს “ოცნება” აცხადებს, რომ მისი ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის გამო გაბუტული იყო მათზე და ამიტომ არ მოვიდა. ეს არის ბლეფი. მოვიდა იმდენი, რამდენიც მოდის ყოველთვის.
– სახლში დიდი რაოდენობა დარჩა. ხომ შეიძლება, მათ ხელისუფლების სასარგებლო არჩევანი გააკეთონ?
– თუ ჰგონიათ, რომ სახლში დარჩენილები მათი მომხრეა, მაშინ სხვა ილუზიაში არიან ჩავარდნილები. მოსულებშიც ნახევარზე მეტი იყო ადმინისტრაციული რესურსი, ძალით, დაშინებით და მოსყიდვით მოყვანილი სახელმწიფო მოხელეები.
ნამდვილი, გულწრფელი ამომრჩეველი ხელისუფლებას არ ჰყავს. ოპოზიციის ამომრჩეველი იდეური ამომრჩეველია. ამიტომ ამომრჩევლის ხარისხიდან გამომდინარე, მათ ზრდის პერსპექტივა არ აქვთ. ოპოზიციას აქვს. ამიტომ მათი ერთადერთი შანსი დღეს არის კონფროტაცია და რაღაც დესტაბილიზაციაში ჩათრევა, მაგრამ ვერ ჩაგვითრევენ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი პროცესები. პირიქით, სიმშვიდე და ნორმალური საარჩევნო გარემო არის ჩვენი გამარჯვების გარანტი. წყლის ამღვრევა აწყობთ მათ, არ ავყვებით, წყალს არ ავამღვრევინებთ.
– ორდღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ის მზად არის ბრძოლისთვის. ოპოზიციას ეგონა, რომ ის მეორე ტურში აღარ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ვნახეთ, რომ ასე არ მოხდა.
– იყო აზრი, რომ მეორე ტურში არ მიეღოთ მონაწილეობა და წაგება გადაებრალებინათ სალომე ზურაბიშვილისთვის. სწორედ ამის ნიშანი იყო კახა კალაძის განცხადება, რომ შეცდომა იყო სალომეს კანდიდატურა.
სალომე კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, მაინც აგებდა “ქართული ოცნება”. სალომე ზურაბიშვილზე ხელის შეხოცვა ნიშნავდა სახის გადარჩენას და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა ფსიქოლოგიით შეხვედრას. ამაზე ფიქრობდნენ, თუმცა შემდეგ უარი თქვეს ამ სცენარზე.
– კალაძე სალომე ზურაბიშვილის გვერდით იდგა, როცა მეორე ტურში მონაწილეობაზე განცხადება გაკეთდა.
– დიახ, თუკი მანამდე იძახდა კალაძე, კანდიდატის ბრალიაო, გუშინ გვერდით დაუდგა და უკვე ღირსეულ კანდიდატად გამოაცხადა. მათ გადაწყვიტეს გაბრძოლება, თუმცა წაგებას კანდიდატს ვერ დააბრალებენ.
რა თქმა უნდა, კანდიდატი არასწორად იყო შერჩეული, მაგრამ “ოცნების” ნებისმიერი კანდიდატი გაიზიარებდა ამ ბედს და სხვაობა იქნებოდა 1 ან 2%. საპრეზიდენტო კანდიდატში კი არ არის პრობლემა, არამედ ამ კანდიდატის შემრჩევში. ბიძინა ივანიშვილს რაც უნდოდა, ის უნდა ყოფილიყო და რაც მას უნდა, ის ქართველ ხალხს არ უნდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა