რუსთავში სტამბოლის ბაზარი დაიწვა

რუსთავში სტამბოლის ბაზარი დაიწვაძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა.

დაზიანება არავის მიუღია, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს სავაჭრო ობიექტის დაცვის წარმომადგენელი, რომელსაც რთული ემოციური ფონი აღენიშნებოდა. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანების გამო დარაჯმა ინტოქსიკაცია მიიღო. მისი მდგომარეობა სტაბილურია.