სააკაშვილი – ”მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილია”

სააკაშვილი - ”მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილია”საქართველოს მესამე პრეზიდენტი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თანამშრომელთა ზეწოლაში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხაზარაძეს არ აქვს უფლება, ისაუბროს იმ ადამიანების სახელით, ვინც მისი ბიზნესის წარმომადგენელია.

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის.

საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვავს საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით.

როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში.

ეს არის ხალხი, ვინც საზოგადოების 67% დააკაბალა წარმოუდგენელი საურავებით და პროცენტებით, ეს არის ის ხალხი, ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად, დიდი სიღარიბის ფონზე, ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს.

ამათ ეშინიათ, რომ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად, ისინი ვერ გაძარცვავენ ძველებურად ქართველ ხალხს, მათ ეშინიათ, რომ ეს ბაირამობა თითოეული ქართველის გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე აღარ გაგრძელდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსთავი 2