“სააკაშვილი მუდმივი ლურსმანი იქნება ვაშაძის სავარძელში”

"სააკაშვილი მუდმივი ლურსმანი იქნება ვაშაძის სავარძელში"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს 28 ოქტომბერს მიღებული შედეგების შემდეგ? რას შეცვლის “ქართული ოცნება”?
– არაგადამწყვეტი არჩევნები, არჩევნები, რომელიც რეალურად ძალთა ბალანსს არ ცვლის, იქცა გადამწყვეტ არჩევნებად. ამ არჩევნებმა ასეთი სიმბოლური დატვირთვა სწორედ “ქართული ოცნების” მეცადინეობით შეიძინა და რა მიიღო – პირველი წაფორხილება.
ნებისმიერ ადამიანს გავხდით პრეზიდენტს – ეს უკვე აღარ მუშაობს. ჯოხს დავარჭობ, ჯოხი გაიმარჯვებს, ეს იყო მცდარი და გადაჭარბებული შეხედულება. ბიძინა ივანიშვილმა მეტი შორმჭვრეტელობა უნდა გამოიჩინოს. მოხდა ის, რასაც საერთოდ არ მოელოდნენ. თუ მიხვდებიან, ყველაფერი რადიკალურად უნდა შეცვალონ.
ეს არჩევნები თვითონ აქციეს სუპერარჩევნებად. გვითხრეს, მოგება ჩვენი ღირსების საქმეაო. ღირსება ღირსების გამო წინა საუკუნეებში ომები იწყებოდა. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლაც ევროპული ფასეულობების მიმდევარია და სალომე ზურაბიშვილის ევროპული ჩამოსხმის პოლიტიკოსია, მაშინ მისთვის კატასტროფის ტოლფასი არ უნდა ყოფილიყო დამარცხება, ვინაიდან ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამარცხება და გამარჯვება ტყუპებია. დღეს დამარცხდები, ხვალ გაიმარჯვებ, მაგრამ არა, თურმე არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის დამარცხება!
რატომ არ შეიძლება, ვერ გავიგე, თუ თავის დროზე ჩერჩილი, დე გოლი, ტეტჩერი დამარცხდნენ?! ამ დღეებში მერკელი დამარცხდა და საერთოდ პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. ჩერჩილი შეიძლება დამარცხდეს, ზურაბიშვილი კი არ შეიძლება დამარცხდეს?! რა არის ასეთი რადიკალიზმის მიზეზი?!
ამას ცოტა პროვინციალიზმის სუნიც ასდის და ანტიდემოკრატიულობის, ანტიევროპელობისაც.
– შეიძლება მიზეზი უფრო შორსმიმავალია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?
– მე გითხარით, რომ ეს დატვირთვა ამ არჩევნებს სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შესძინა. თუ მიზეზი ეს არის და გათვლაც ეს არის, მაშინ მათ პოლიტიკა უნდა შეცვალონ და არა – პარტიის მენეჯმენტი, როგორც გვითხრეს.
თუ გედევან ფოფხაძეს ჩაანაცვლებენ სხვა სახელითა და გვარით, ამით პოლიტიკას შეცვლიან?! თუ მათ მართლა ჰგონიათ, რომ პრობლემა კომუნიკაციაშია?!
ხელისუფლებამ დისკურსი გადაიტანა მთავარიდან მეორეხარისხოვანზე, ეს ნამდვილად შეძლო.
– რას გულისხმობთ?
– არავინ ახსენებს სოციალურ პრობლემებს, ადამიანების გაჭირვებას, უმუშევრობას, მთელი პოლიტიკა აწყობილია 9 წელზე და სააკაშვილის შეწყალებაზე. თქვენ გგონიათ, ადამიანებს ადარდებთ, პარტიის ვერტიკალი როგორი იქნება ან პარტიის მენეჯმენტი?!
– მცდარი მესიჯებია?
– მცდარის გარდა, სარისკო მსიჯებია. “ოცნება” მიეჩვია, რომ შეუსრულებელი დაპირებებისთვის მას პასუხს არ სთხოვდნენ. 2012 წლის შეუსრულებელი დაპირებებისთვის მისთვის პასუხი 2016 წელს არ მოუთხოვია ამომრჩეველს, ამიტომ ამას მიეჩვია და ახლაც ასე ეგონა, რომ იოლას გავიდოდა.
არ შეიძლება წინა ხელისუფლების შეცდომა, გნებავთ დანაშაული, შემდეგი ხელისუფლებისთვის ინდულგენცია იყოს. წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის არსებობს არჩევნები, პროკურატურა, სასამართლო. ყველა პასუხს თავის ქმედებებზე აგებს და არა – წინამორბედის.
ახლა რა არის გზავნილი – ისევ 9 წელი, რომ სისხლის გუბეები დაბრუნდება. რომ ვაშაძე შეიწყალებს სააკაშვილს. ამ დროს ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ ვაშაძე არავითარ შემთხვევაში სააკაშვილს არ შეიწყალებს.
– თქვა, რომ შეიწყალებს.
– ვაშაძე გიჟი არ არის, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და ჩამოიყვანოს. სააკაშვილი ჩამოვა და განცდა ექნება, რომ ის არის პრეზიდენტი და არა ვაშაძე. ეს ხომ იცის ვაშაძემ?!
– მერაბიშვილი და ახალაია ამბობენ, შესაწყალებელი არაფერი გვჭირსო. მათი შეწყალებით შეიცვლება რამე?
– მერაბიშვილი და ახალაია პოლიტიკური ლიდერები არასდროს ყოფილან. ვერავინ დამაჯერებს, რომ მერაბიშვილს იმხელა პირადი რესურსი გააჩნია, რომ გამოვა და რევოლუციას მოაწყობს. ეს გამორიცხულია. მე უფრო მგონია, რომ ისინი სახლში დარჩებიან, ალბათ სიმშვიდე მოენატრათ.
– მაგრამ სახლში არ დარჩება სააკაშვილი.
– სააკაშვილი სახლში ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ვაშაძემ მუდმივი ლურსმანი იგუოს სავრძელში. მე სხვა რაღაცის უფრო მეშინია – “ქართულმა ოცნებამ” უკანდასახევი გზა არ დაიტოვა.
– რას გულისხმობთ?
– მან არ თქვა – წავაგე არჩევნები, ვიღებ, როგორც რეალობას და ვემორჩილები ხალხის ნებას, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში.
სიკვდილი ან გამარჯვება – ამ რანგშია დღეს მეორე ტური აყვანილი. როგორც ჩანს, პოლიტიკურ სიკვდილს არავინ აპირებს, არც ერთი მხარე და არც – მეორე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა