სალომე ზურაბიშვილი – “ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს”

სალომე ზურაბიშვილი - "ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს"ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

“არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ქართველმა ხალხმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრები არ ვართ, უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატო-ს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს”.

მისივე თქმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ქართველ ხალხს იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირდება და არა ნაკლები.

“ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, ვინც ევროპით იმედგაცრუებულია. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დაუახლოვდებიან ევროპას”,- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერპრესნიუსი