საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში 290 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში 290 წელი მიუსაჯესსაქართველოს მოქალაქეს სალონიკის სასამართლომ 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულებები ჯამით განისაზღვრა.
კრიმინალურ დაჯგუფებას არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ქსელი ჰქონდა შექმნილი, მათი მეთაური კი საქართველოს მოქალაქე იყო, ქსელი მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ერთერთი შემთხვევისას ავარია მოხდა.

2017 წლის აპრილში პოლიციამ მათი ავტომობილის გაჩერება გადაწყვიტა, თუმცა მოლდოვის მოქალაქე, რომელიც ავტომობილს მართავდა, მოთხოვნას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა ადგილიდან გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა, ავტომობილში კი 14 ადამიანი აღმოაჩინეს, მათ შორის ერთი, ირანის მოქალაქე, ავარიის შედეგად იყო გარდაცვლილი.

ამის შემდეგ პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა შეძლო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ საქმიანობას კრიმინალური დაჯგუფება 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე ახორციელებდა დაა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდათ. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მათ მიგრანტები უკანონოდ 9-ჯერ გადაიყვანეს და თითო ჯერზე 10-15 ადამიანის გადაყვანა ხდებოდა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ცნეს.

ნიუპოსტი