საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს საკვებში ხარჯავს

საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს საკვებში ხარჯავსრამდენად ღარიბები ვართ – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქვეყნის ეკონომიკის მრავალ კრიტერიუმზე შეიძლება საუბარი. ერთერთი კრიტერიუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში საკვების წილია.
საქსტატის უკანასკნელი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის 41.4% საკვების შეძენაზე ხარჯავს, ანუ ყველაფერი დანარჩენისთვის – განათლებისთვის, ტრანსპორტისთვის, ჯანდაცვისთვის, ტანსაცმლისთვის, გართობისთვის და სხვა პროდუქტებისა და მომსახურებების შესაძენად მხოლოდ 58.6% იხარჯება.
იმის მიუხედავად მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანების რიგშია, მთლიან დანახარჯებში საკვების წილის მიხედვით, ის უფრო მეტად ღარიბ ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება.
სურსათზე პროპორციულად ყველაზე მეტს ღარიბ ქვეყნებში ხარჯავენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უღარიბესი ქვეყნების ჯგუფში, შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში საკვების წილი 53.9%-ს შეადგენს, ღარიბ ქვეყნებში 42%-ს, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 34%-ს, ხოლო მდიდარ ქვეყნებში კი 20%-ს.
უმდიდრეს ქვეყნებში სურსათზე მთლიან ხარჯებში გაცილებით ნაკლები წილი მოდის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, საკვების დანახარჯები მოსახლეობის მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6.4%-ია.
კონკრეტული ქვეყნების შემთხვევაში საკვების დანახარჯები ასე გამოიყურება: აშშ – 6.4%, სინგაპური – 6.7%, დიდი ბრიტანეთი – 8.2%, შვეიცარია – 8.7%, კანადა – 9.1%, ავსტრალია – 9.8%, ავსტრია – 9.9%.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, საკვებზე დანახარჯების მაღალი წილი პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან. აშშ-ის შემთხვევაში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20% სურსათზე ხარჯავს საკუთარი შემოსავლების 28%-ს.
საქსტატის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 21.9%-ია.
საინტერესოა, რომ მოსახლეობის მთლიან ხარჯებში საკვების წილის მაღალი ტემპით შემცირება საქართველოს მიერ სიღარიბის დაძლევის მხრივ განსაკუთრებულად აქტიურ წლებს ემთხვეოდა. 2007 წელს ის 56%-ს შეადგენდა, როდესაც 2010 წელს ის 46%-მდე შემცირა. 2013-2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ით შემცირდა.

ბიემჯი