საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა – რა გახდა მსხვილფეხა საქონლის დეფიციტის მიზეზი?

საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა - რა გახდა მსხვილფეხა საქონლის დეფიციტის მიზეზი?ადგილობრივ ბაზარზე მსხვილფეხა საქონლის დეფიციტია, რის გამოც ხორცის ფასი გაიზარდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა. როგორც სასაკლაოების მეპატრონეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ხორცზე მოთხოვნა დიდია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილფეხა საქონლის შენახვა ძვირი ჯდება, ადგილობრივმა წარმოებამ იკლო, ხორცის იმპორტი კი გაიზარდა. ამას ემატება ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანაც.
ხორცი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელთაც საქართველო ყველაზე მეტი რაოდენობით ყიდულობს. ის მეოთხე ადგილზეა.

ხორცისა და კვების სუბპროდუქტების იმპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 45 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად საქონელს, ბოლო წლებში სულადობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2016 წლის მეორე კვარტალიში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 1.114 სული საქონელი, 2017 წლის მეორე კვარტალში – 1.039, ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალში – 977.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ გაიზარდა ხორცის იმპორტი და რა პრობლემები აქვთ ადგილობრივ სასაკლაოებს?
როგორც თელავში მდებარე სასაკლაოს შპს „ქართული ხორცის პროდუქტების“ ხელმძღვანელმა სანდრო მეგუთნიშვილმა განაცხადა, მსხვილფეხა საქონლის სულადობის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ხარჯებთან. 

„თუ გასულ წლებში ვკლავდით 1.200-1.100 სულს, ახლა დაახლოებით, 600-700 სულზე ჩამოვედით. საქონელი შემცირდა, ამიტომ ხორცზე ფასი გაიზარდა. მცირე რაოდენობის გამო საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა. სასაკლაოზე ხორცი, რომელიც ერთი წლის წინ 10-12 ლარი ღირდა, ახლა 14-16 ლარი ღირს. მოგეხსენებათ, საქონლის ხორცი სხვადასხვა სახეობის არის, მინდვრის, ბაგაზე დაბმული, ხბოს ხორცი და ა.შ. აბსოლუტურად ყველაფრის ფასმა მოიმატა.
არის სოფლები, სადაც ნახირიც კი აღარ დადის, საქონელი იმდენად შემცირებულია. არც საძოვარი აღარ არის და ხალხს საქონლის ყოლა აღარ უნდა. უკეთესი მდგომარეობაა მთაში. ჩემი ყასბები დედოფლისწყაროდან დაწყებული, ზემო და ქვემო ქედით დამთავრებული დადიან, რომ საქონელი ნახონ და იყიდონ. ძალიან გაჭირდა ყიდვა. ამას ემატება ისიც, რომ ეს ხორცი თბილისში რომ მოდის, კიდევ უმატებენ გასაყიდ ფასს. იმპორტირებული გაყინული ხორცის ფასი კი 7,5 ლარია“, – აცხადებს სანდრო მეგუთნიშვილი.
მისი თქმით, თუ მსხვილფეხა საქონლის გაყვანა არ შეიზღუდა, კიდევ უფრო გაჭირდება მოთხოვნის დაკმაყოფიელება და შესაბამისად, ფასიც გაიზრდება.
„მიუხედავად სიძვირისა, ახალ ხორცზე მოთხოვნა სულ არის. თელავის მაგალითზე შემიძლია გითხრათ მაღაზიებში, რესტორნებში სულ ითხოვენ. თუ მსხვილფეხა საქონლის გაყვანა არ შეიზღუდა, ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში უფრო გაჭირდება წარმოება და ხორცის ფასი კიდევ გაძვირდება. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში გადიოდა და სულ მაგას ვამბობდით, რომ პრობლემა შეიქმნებოდა. ახლა როგორც ვიცი, გარკვეული შეზღუდვები არის, მაგრამ რაღაც ოდენობა მაინც გადის“,-  აცხადებს სანდრო მეგუთნიშვილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ ხაშურის სასაკლაოსაც დაუკავშირდა, რომელიც აღმოჩნდა, რომ 5 თვის წინ დაიხურა. როგორც მისი მეპატრონე გიორგი ბლიაძე აცხადებს, მიზეზი ის პობლემებია, რომელზეც წინა რესპონდენტი საუბრობდა. კერძოდ, საქონლის დეფიციტი და სიძვირე, რასაც ხაშურში კონკურენტი სასაკლაოს გახსნაც დაემატა.
„ხაშურში 2 სასაკლაო ვერ იმუშავებდა, ამიტომ 5 თვის წინ მუშაობა შევაჩერეთ. გარდა ამისა, იყო მთელი რიგი პრობლემები, ფასის მომატება, საქონლის დეფიციტი და. აშ. ამიტომ იძულებული გავხდით, ამ გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით“, – განაცხადა გიორგი ბლიაძემ.
მსხვილფეხა საქონლის დეფიციტზე საუბრობს კიდევ ერთი სასაკლაო შპს „ახალი ხორცის“ წარმომადგენელი კახა ქობალიაც. მისი თქმით, მსხვილფეხა საქონელი დიდი რაოდენობით გადის, რაც ხორცის ფასზე პირდაპირ ისახება.
„ფასი სულ უფრო იზრდება, რადგან მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა ყოველ წელს მცირდება. ახალ თაობასაც ნაკლებად აინტერესებს ეს საქმიანობა და სულ უფრო ჭირს საქონლის შეძენა. ამას ემატება ისიც, რომ მუსულმანულ ქვეყნებში მსხვილფეხა პატარა ასაკის საქონელი გაჰყავთ და ეს ძალიან მოქმედებს ჩვენს ბაზარზე, რადგან ის რაოდენობა რაც გაჰყავთ, ჩვენთვის ძალიან დიდია. მსხვილფეხა საქონელი თითქმის, ამოწურვადი გახდა.
თუ ასე გაგრძელდა, დავეწევით მათ ფასებს და ალბათ, ისინიც მერე სხვა ქვეყნებზე გადაერთვებიან, ჩვენგან აღარ იყიდიან. ახლა უღირთ ყიდვა, როცა 10 -12 ლარი ღირს, მაგრამ თუ კიდევ შემცირდა რაოდენობა და აქ 25 ლარი გახდა, ისინიც მოძებნიან ისეთ ქვეყნებს, სადაც უფრო იაფია“,-აცხადებს კახა ქობალია.