სარალიძე: დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელს მოვკლავდი

სარალიძე: დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელს მოვკლავდი“დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელებს საფლავზე დავაკლავდი”, – ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შს მინისტრს გიორგი გახარიას, რომელმაც 10 ნოემბერს პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

ზაზა სარალიძის თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობაზე ხელისუფლება ფიქრობს.

„რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველა საბუთი და დოკუმენტი მათ დასაკავებლად? რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ მესვრიან ტალახს? ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას. დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებით, ამ ყინვაში, ვიცი სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ,

მისი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ. სანამ სამართალი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია“, – თქვა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსთაველზე კარვების აკრძალვა პოლიციისთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების დაცვაა.

აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.

სარალიძის შვილი, დავით სარალიძე ერთ-ერთი იყო 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნიდან. ამ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.