სასტიკი მკვლელობა ბოლნისში – აჰმედ ასკეროვის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - აჰმედ ასკეროვის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს67 წლის აჰმედ ასკეროვის ცხედარი, ბოლნისში, სოფელ ქვეშის ტყეში იპოვეს. ასკეროვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და წამების კვალიც ეტყობოდა.

მოკლული ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მწყემსმა ნახა. აჰმედ ასკეროვის ძმა სასტიკად ჩადენილი დანაშაულის მოტივებზე ვერ საუბრობს, თუმცა ეჭვობს, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა.

ოჯახის ვერსიით, 67 წლის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. ასკეროვს ნათესავები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ამ მიზნით პოლიციასაც მიმართეს.

მოკლულის ნათესავები ყვებიან, რომ აჰმედ ასკეროვს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ მწყემსი, რომელმაც მოკლული მოხუცი ტყეში იპოვა.

რა გახდა 67 წლის აჰმედ ასკეროვის მკვლელობის მოტივი და ვინ არის დამნაშავე, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.