სოსო გიორგაძე – ”ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”

სოსო გიორგაძე - ”ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან.

„მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუებით. იმედი მაქვს ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით,  სწორედ სერვისების განვითარების სააგენტოა ის ორგანიზაცია, რომელმაც უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი – „უსაფრთხო დოკუმენტების“ ბლოკი, წარმატებით, 100 პროცენტით შეასრულა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არის სანდო, მაღალი სტანდარტის დოკუმენტი, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

პირველი არხი