სოსო ჯაჭვლიანი – „კი, ცოცხები აღარ არის, მაგრამ პროგრესიც ხომ გვინდა?!”“

სოსო ჯაჭვლიანი - „კი, ცოცხები აღარ არის, მაგრამ პროგრესიც ხომ გვინდა?!”“„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაუდგნენ ქვეყანას გვერდით და წყენა გვერდით გადადონ. იღებს თუ არა მოწოდებას და რას ფიქრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ წინა მოწვევის პარლამენტარს სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:

_ ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ ძველ გვარდიელებს მოგიწოდათ გუნდში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა. თუ გქონდათ პირადად თქვენ შემოთავაზება, ან თუ აპირებთ შემოთავაზების მიღებას?

_ ახლა რაც ხდება ქვეყანაში, ხომ უყურებთ? ახლა როგორი რაღაცაა, იცით? რომ მესმის „ძველ გვარდიელებს“ მოუწოდა სულ მგონია, რომ იქით ზვიადაური, 300 არაგველი, აბჯრები და შუბები და რაღაცაა. ჩვენ იცით, რაზე უნდა გავერთიანდეთ?

_ რაზე?

_ გახსოვთ ცნობილი ტელეკადრები, როცა 2012 წლამდე ჟურნალისტები ადამიანებს ეკითხებოდნენ, რომ სააკაშვილის და მთავრობის ერთი ნაკლი გვითხარითო. ეს ადამიანები კი შეშინებულები და თავდახრილები იყვნენ და პასუხს ვერავინ იღებდა. ახლა რომ გავიდეთ ქუჩაში და ადამიანებს რომ ჰკითხო, ამ მთავრობის ნაკლი გვითხარიო, ივანიშვილის გინებით იწყებენ და ალბათ ჯაჭვლიანით ამთავრებენ. ეს უკვე კარგია.

ჩვენ უნდა ავარჩიოთ, რომელი გზა გვინდა. გახსოვთ, ჯაჭვებით, რომ წამოვედით მე, ლუკა კურტანიძე… მაშინ ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს იყო სიმბოლური აქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, 5-10 კაცი ვერ ვნახეთ, ყველა ისე შეშინებული იყო. ხმას ვერავინ იღებდა.

ახლა მეორე ტურში ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ, დღევანდელი დღე, 7 ნოემბრის მოვლენები, 26 მაისი, ახალგაზრდები რომ ჩახოცეს და ყველა ეს დღეები უნდა გავიხსენოთ, რომელი ერთი გავიხსენო. ეს უნდა გავაკეთოთ საღად, ყოველგვარი დაძალების გარეშე. უნდა ავუხსნათ. ეს ღირებულებები უნდა დავიცვათ, მაგრამ რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააშავა, კოაბიტაცია იქნება თუ ის, რომ სამართლიანობა არ აღდგა. ქონება არ დაბრუნდა… უამრავი გაჭირვებული და გაუბედურებულია. ძველი 2012-იანელები ყველა ერთად მოვთხოვთ ამის შესრულებას „ქართულ ოცნებას“. თუ ისე არ მოიქცევიან და ისე არ მოვიქცევით, რასაც ხალხი ითხოვს, გაათმაგებული უკურეაქცია მოყვება.

_იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას?

_ ჩემს წილ პასუხისმგებლობას მე ჩემს თავზე ავიღებ.

გახსოვთ, პარლამენტში როცა ვიყავი, საკმაოდ აქტიური ვიყავი და პირველივე დღეებიდანვე დაიწყო კოაბიტაცია, როცა ბარამიძე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერად. მაშინ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მერე მოჰყვა დაპირისპირებები და რაღაცები. ამათთან კოაბიტაციაში არასოდეს არ შევსულვარ და არც შევალ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. 2 არჩევანი გვაქვს. როგორი ნაგლი უნდა იყო, სალომე ზურაბიშვილს რუსული პროექტი ეძახოს ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება რუსეთში მუშაობდა და კაგებეს ნომენკლატურა იყო.

_ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ხომ არ იყავით?

_ განაწყენებული კი არა, გაბრაზებული ვარ, რომ პროცესები ასე წავიდა. სულ ვიძახდი ამას. ერთი შეხვედრა არ ჩატარებულა ისე, რომ ეს არ მეთქვა. ამ შეხვედრებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა ხოლმე. ირგვლივ ვინც მყავდა თანამებრძოლები, რომლებმაც თავი გაწირეს. მცოდნეებიც იყვნენ, ავტორიტეტიც ჰქონდათ ხალხში და იმიტომ მოვიდნენ, ისინი ყველა მიივიწყეს. იმიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ ის გააგდე და ისინი მოიყვანეთ-მეთქი.

თან კონკურსები ტარდებოდა. 100 ბალიან სისტემაში ადამიანი 98 და 99 ქულას რომ აიღებს და მერე შენ 90 ქულიანს დანიშნავ რაღაც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, ამ შედეგს მოიტანს. გაბრაზებული ვარ და სულ ამ საკითხებზე მქონდა საუბარი.

ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ დამისაქმებია. ღმერთმა დამიფაროს. ჩემი შვილები ერთი არქიტექტორია, მეორე პრაღის უნივერსიტეტში სწავლობს. ერთი მიმტანად მუშაობს და მეორე მუშად მუშაობდა ვალერი გელაშვილთან. ამაზე არ მილაპარაკია. რატომ არ უნდა ვილაპარაკო, როცა ლაფს მასხამენ?! ყველა ჟურნალისტს ვეპატიჟები ჩემთან სახლში. სად ვცხოვრობ, რა მქონდა, როგორ მქონდა და ახლა რა მაქვს.

_ ვინ გასხამთ ლაფს?

_ ტელევიზიები, რომლებიც ანტირეკლამას მიკეთებენ, მაგრამ ის პირიქით მუშაობს. ადამიანებმა ყველაფერი იციან. ყველამ იცის, მე ვინ ვარ.

_ ახსენეთ წინა ხელისუფლების მმართველობა. ყველამ იცის, რაც ხდებოდა მართლმსაჯულების სისტემაში. როცა მურუსიძის და ჩინჩალაძის დაწინაურება ხდება, ვხედავთ, რაც ხდება იუსტიციის საბჭოში, ეს კითხვებს არ გიჩენთ?

_ როგორ არ მიჩნდება. კითხვები ძალიან ბევრია. ეს ბატონმა ბიძინამაც თქვა ახლა. მე რომ ტყუილს ვიძახდე, ხომ იტყვიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რომ ამაზე არ ვლაპარაკობდი. მე სულ ვეუბნებოდი, რომ ხალხო ეს არ შეიძლება-მეთქი.

გახსოვთ, საგარეჯოში არჩევნები ტარდებოდა, თამარ ხიდაშელი იყრიდა კენჭს, გვახსოვს რესპუბლიკელები რომ იყვნენ ჩასულები და ხმებს ითვლიდნენ, მინისტრი იყო ჩასული და მე ამას არ გავაკეთებდი-მეთქი.

_ რას გეუბნებოდნენ მაშინ თანაგუნდელები?

_ არ შეიძლება ყველაფერი რევანშისტული რაღაცებიო.

_ ანუ სამართლიანობის აღდგენას რევანშად მოიხსენიებდნენ?

_ არა. ერთ მაგალითს გეტყვით. 2012 წელს, როცა მოვედით, ერთი ადამიანი მოვიდა პარლამენტში და მითხრა, რომ მე დამჩაგრეს და ამხელა რაღაცა წამართვეს. მე უცებ გამახსენდა ეს ამბავი და ვეუბნები, რომ შენ ხომ გაყიდე ეს-მეთქი. კი, გავყიდე, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ წამართვესო. ალბათ ასეთებიც ბევრნი იყვნენ და აირია მონასტერი.

მორჩეს არჩევნები და მერე ვიტყვი, რაც ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრებს იმ მთავრობისგან, რაზეც მე არ ვლაპარაკობდი. რატომ იცით? მე რომ ამაზე ლაპარაკი დეპუტატობისას დამეწყო, იტყოდნენ, რომ თავისიანებზე „ჩალიჩობს“ და სხვებზე არ ფიქრობსო. ამიტომ, დაველოდოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკებთ.

ნაციონალებმა ისევ იმდენი ხმები აიღეს, რაც 2012 წელს აიღეს, ჩვენ კი ნაკლები ავიღეთ. ეს იმიტომ, რომ ადამიანები არ ცდებიან და ადამიანები უყურებენ შედეგს. კი, ცოცხები აღარ არის, აღარ აწამებ, მაგრამ პროგრესი ხომ გვინდა?!

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა