სოსო ცინცაძე – ”დამარცხებას არც ერთი მხარე არ შეეგუება და ამას რა მოჰყვება, პროგნოზის გაკეთებისაც კი მეშინია”

სოსო ცინცაძე - ”დამარცხებას არც ერთი მხარე არ შეეგუება და ამას რა მოჰყვება, პროგნოზის გაკეთებისაც კი მეშინია”პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, არჩევნების მეორე ტურიდან თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– ეს არის არჩევნების მეორე ტური, სადაც პროგნოზი არათუ უმადური საქმეა, არამედ შეიძლება სახიფათოც კი იყოს.
გამსახურდიას არჩევნების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, მე ასეთი დაძაბული არჩევნები არც კი მახსოვს. ასეთი დაძაბული არ ყოფილა 2012 წლის არჩევნებიც კი, როდესაც ერთი ხელისუფლება მიდიოდა და ახალი მოდიოდა. ეს კიდევ სხვა რაღაცაა. მე მეორე ტურს დრამატულ და რისკიან არჩევანს ვუწოდებ.
– რატომ?
– ბევრი ფაქტორის გამო. ამ არჩევნების დრამატულობას და რისკიანობას ის კი არ განსაზღვრავს თუ რამდენი არჩევანი აქვს ადამიანს, არამედ ის, როგორი არჩევანი აქვს ქვეყანას. ამ ყველაფერს ის ამძაფრებს, რომ ორივე გუნდი დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში.
ასეთი თავდაჯერებულობა ყოველთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ მე ვშიშობ, რომ არც ერთი მხარე არ შეეგუება დამარცხებას. თან ხომ ვიცით, რომ ეს არჩევნები არჩევნებზე მეტია. თითქოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ასე უყურებს ორივე გუნდი, “ქართული ოცნებაც” და ნაციონალური მოძრაობაც 28 ნოემბრის არჩევნებს. მე მეშინია, რომ ეს არ იყოს წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნისთვის.
– ასე დრამატულად არის საქმე?
– ღმერთმა ქნას, რომ ასე არ იყოს და მე ვცდებოდე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პროგნოზის გაკეთებისაც კი მეშინია. “ქართული ოცნება” თვლის, რომ წაგების უფლება არ აქვს. მან უკვე ყველაფერი დადო ფსონზე, როდესაც თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა მოიგოს – მოთამაშე კაზინოში რომ შევა და ყველაფერს რომ ჩამოვა და არა მხოლოდ ქონებას, არამედ ოჯახის წევრებსაც კი. ასეთი დრამატული ვითარებაა.
ოპოზიციამ, კონკრეტულად კი ნაციონალურმა მოძრაობამ, კარგად იცის, რომ თუ ახლა ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, მეორე შანსი აღარ მიეცემა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მთელი მათი რესურსის მობილიზება მოეხდინათ და თუ ახლა თავიანთ ამომრჩეველს იმედებს გაუცრუებენ, მერე უკვე ძალიან გაუჭირდებათ.
ეს კარგად იციან და ამიტომ მზად არიან, ყველა ხმა კბილებით დაიცვან.
თუ მეორე ტურიც მხოლოდ ერთპროცენტიანი სხვაობით დასრულდება, როგორც პირველი ტურის შემთხვევაში და ასე გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი, მაშინ ოპოზიცია ამ ერთ პროცენტს თითზე დაიხვევს და იტყვის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მე ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.
– საერთაშორისო დამკვირვებლები ხომ იქნებიან და მათი დასკვნები ოპოზიციისთვის არ იქნება საკმარისი?
– თუ ასე განვითარდება მოვლენები, მერე უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ დასკვნებს არავინ დაელოდება. სამწუხაროდ, ასე იქნება. თან ამ საპროტესტო ტალღას დაემატება სოციალური ვითარება, ის მძიმე ფონი, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში და მეტი სხვა რა არის საჭირო?!
– შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს?
– რა თქმა უნდა. მერე უკვე ასეთი ქუჩაში გადმოღვრილი პროტესტის მართვა, არათუ შეჩერება ამ ხელისუფლებას კი არა, ბევრ ჭკვიან ხელისუფლებას უჭირს ხოლმე და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასეა ეს ყველა ქვეყანაში. ერთხელ აგორებული პროტესტი, რომელსაც უსამართლობის საფუძველი დაედება, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს არჩევნების თემის მანიპულირებით იყოს, მერე უკვე ძალიან რთულია.
ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსებისთვის მოგება და წაგება ძმები არიან, სადაც არჩევნებს დღეს თუ წააგებ, ხვალ მოიგებ. თუ რომელიმე მხარე შეეგუება წაგებას, მაშინ შეიძლება უპრობლემოდ ან ნაკლებ დამაზიანებლად გავიაროთ ეს ეტაპიც და არაფერი არ დაგვემუქროს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები მაღალ მატერიებზე რომ არ ფიქრობენ, ქვეყნის მომავლის ბედი, სამშობლო, ქვეყნის ინტერესები, ამ ყველაფრის გააცნობიერება რომ არ ხდება, ამიტომაც ვართ ამ დღეში.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა