თამარ ჩხეიძე – “ოპოზიციას ამ არჩევნებში მოგების შანსი აქვს”

თამარ ჩხეიძე - "ოპოზიციას ამ არჩევნებში მოგების შანსი აქვს"რატომ არის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მისასალმებელი? ესმით თუ არა დემოკრატიის საფუძვლები “ქართულ ოცნებაში? როგორ შეუწყო ხელი მმართველი გუნდის ლიდერების გამონათქვამებმა ხელი ოპოზიციის კანდიდატს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.
თამარ ჩხეიძე:
– “ქართული ოცნება” პირველ ტურში და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდს იყენებდა – პროპაგანდით დაწყებული, მოსყიდვითა და დაშინებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლებლობებზე. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე დაიხარჯა კოლოსალური თანხები. მიუხედავად ამისა, მან ხელისუფლებისათვის სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური წააგო.
– აცხადებდით, რომ 2008 წლის ომის შესახებ გაკეთებული მისი განცხადებები მომავალში უფრო სახიფათო იქნებოდა ქვეყნისთვის.
– მისი განცხადებები დამაზიანებელია. ეს განსაკუთრებით საშიში იქნებოდა ქვეყნისთვის მაშინ, თუ პრეზიდენტი გახდებოდა. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი გაპრეზიდენტება საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ბევრი იმუშავეს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ასეთ წარმატებას მაინც არ მოველოდი.
– როგორც ჩანს, ოპოზიციამ შეძლებისდაგვარად თავისი ხმებიც დაიცვა.
– ოპოზიციამ ხმების დასაცავადაც მედგრად იბრძოლა. ბუნებრივია, მმართველი პარტია ხმების გარკვეულ რაოდენობას მაინც გააყალბებდა. მასობრივი გაყალბება არ გამოუვიდა. “ოცნებამ” ვერც თავისი ეგზიტპოლის შედეგის რეალობად ქცევა მოახერხა. ამ ციფრებით, ზურაბიშვილს 52% ჰქონდა.
– ამის გაფორმება ვერ გაბედეს?
– “ქართულმა ოცნებამ” ეს ვერ შეასრულა. ამაზე იმოქმედა ორმა ფაქტორმა – ოპოზიციის აქტიურობამ და დასავლეთის რეკომენდაციებმა. ამან იქონია შემაკავებელი ეფექტი.
– მმართველი პარტია დასავლეთმა გააფრთხილა?
– დასავლეთი არ ჩარეულა პროცესებში, თუმცა, იყო მინიშნებები და გაფრთხილებები. მმართველი პარტია ბევრ რამეში არ ითვალისწინებს დასავლეთის რეკომენდაციებს და ნორმებს, მაგრამ ივანიშვილი ზრუნავს თავის ანგარიშებზე, საკუთარ ქონებაზე. ამის გამო ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ზოგიერთ ფაქტორს. დიდმასშტაბიანი გაყალბება არ გამოვიდოდა და დაინიშნა მეორე ტური.
– “ქართული ოცნების” წარმომადგენლები წარუმატებლობის მიზეზებს ასახელებენ. ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაისმა “მენეჯმენტის პრობლემები”. პარტიაში მენეჯმენტის პრობლემები აქვთ და სხვა ყველაფერი დალაგებული ჰგონიათ ქვეყანაში?
– რაღაც მიზეზი ხომ უნდა დაასახელონ, ამიტომ ლაპარაკობენ მენეჯმენტზე. შეცდომები მმართველ პარტიას ძალიან ბევრი აქვს. ყველაზე სასიხარულო, რაც პირველ ტურში მოხდა, ისაა, რომ საზოგადოებამ არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ამომრჩეველმა ის აღიქვა მტრის მიზნების განმახორციელებელ ადამიანად.
პრეზიდენტის რანგში უფრო საშიში იქნებოდა მისი განცხადებები 2008 წლის ომზე. ამ ეტაპზე ეს საფრთხე ავიცილეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მოიხსნა რისკები რუსეთიდან. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო. მეორე ტურამდე კი დროა დარჩენილი.
– ამასობაში “ქართული ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატის გამარჯვება გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს შემაშფოთებელი განცხადებებია?
– ეს ძალიან აღმაშფოთებელი განცხადებებია. თანაც, აბსურდული. თუ პოლიტიკური ძალა და მისი კანდიდატი იგებენ არჩევნებს, რისთვის სჭირდებათ არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება? თვითონ ხომ არა აქვთ რაიმე ჩაფიქრებული? ახალქალაქში ძალადობა მოხდა. ხომ არ უნდა ვინმეს ამგვარი შემთხვევის გადაზრდა დიდ დესტაბილიზაციაში?
– ოპოზიციას აქვს მოგების შანსი?
– ოპოზიციას ამ არჩევნებში დიდი პოტენციალი აქვს. ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა, როგორიც “ევროპული საქართველოა”, თავის რესურსს მოახმარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. არ შეიძლება იმ პიროვნების პრეზიდენტობა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად იქცევა. ზურაბიშვილის მოქმედებები ანტისახელმწიფოებრივია. ამიტომ, მხარი უნდა დავუჭიროთ მის მეტოქეს. სულ ერთია, პიროვნულად ვართ თუ არა მისი მომხრე.
– როგორ ფიქრობთ, მეორე ტურზე უფრო მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებში?
– ეს დამოკიდებულია განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. შესაძლოა, იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც 28 ოქტომბერს სახლში დარჩა, მივიდეს უბნებზე.
– “ქართული ოცნება” უსუსურად გამოიყურება.
– უსუსურადაც გამოიყურება. ამ პარტიის ლიდერების წინასაარჩევნო განცხადებები უცნაური და თავხედური იყო. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მაგალითად, ოპოზიციას მიმართავდა, 28-ში დამთავრდებითო. დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებდა, რომ არ დაუშვებენ პოლიტიკურ სისტემაში ნაციონალების აღდგენას და მობრუნებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” დემოკრატიაზე წარმოდგენა არა აქვთ. არჩევნები იმიტომ არსებობს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება პოლიტიკურ სისტემაში და ხელისუფლებაში. არჩევნების წინ ასეთი მუქარები არასერიოზული და უტიფარია. პოლიტიკური ორგანიზაცია ხან წააგებს არჩევნებს და ხან მოიგებს. ამით პარტია არ მთავრდება.
ასეთი თავხედური გამოხდომები ოპოზიციას წაადგა, ისევე, როგორც ივანიშვილის წინასაარჩევნო ინტერვიუები. ამან საზოგადოება უფრო მეტად განაწყო “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. არჩევნების შემდეგ მისი ნირწამხდარი ლიდერების გამოსვლები თავშეკავებული იყო. რაც მთავარია, ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, რომელიც მტრის საქმეს აკეთებს.
პრეზიდენტს ნაკლები უფლებამოსილებები აქვს, მაგრამ მისი პოლიტიკური პოტენციალი, პოლიტიკური ძალა იურიდიულად და ფაქტობრივად დიდია. პრეზიდენტი არის ფიგურა, რომელსაც სათქმელის ხალხამდე მიტანა შეუძლია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა