თბილისში სუნთქვა ჭირს – სად არის გამოსავალი, რას ფიქრობენ სპეციალისტები

თბილისში სუნთქვა ჭირს – სად არის გამოსავალი, რას ფიქრობენ სპეციალისტებიგამწვანების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი და ავტოტრანსპორტის სიჭარბე – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში,  ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება. როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მითითებული, 2017 წელს თბილისში ოზონის წილმა ჰაერში ნორმას 167%-ით გადააჭარბა, გოგირდის დიოქსიდმა — 155%-ით, ნახშიროჟანგმა — 122%-ით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სამშენებლო მტვერს.
როგორც ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს,  ყველა სამშენებლო ობიექტზე, რომელიც „ეკოხედვის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა, მტვრის რაოდენობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. მისივე თქმით, მშენებლობების დიდი ნაწილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მტვრის მთელს ქალაქში გაფრქვევას.
გარდა ამისა, ნუგზარ ბუაჩიძე განმარტავს, რომ მშენებლობა ქალაქს არა მხოლოდ მტვრით აბინძურებს, არამედ ხელს უშლის  ჰაერის განიავებას.
შექმნილი სიტუაციაში გამოსავალს სპეციალისტები მკაცრ რეგულაციებში და მწვანე საფარის გაზრდაში ხედავენ. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ სამშენებლო მტვერთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგად აპრობირებული და გამოცდილი საშუალება მწვანე ნარგავებია. ჩხობაძის მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ შემოვიღებთ მშენებლობის ახალ კოეფიციენტს, რომელსაც დაერქმევა k4 და იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სახურავებზე გაშენდეს ბაღები, ასევე ვერტიკალური ბაღები. ჩხობაძის შეფასებით, ეს  ქალაქს სუნთქვის საშუალებას მისცემს.

ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, თბილისში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს პულმონოლოგი, ვანო წულეისკირი. მისი თქმით, ბოლო დროს გახშირებული ფილტვების დაავადებების მთავარი მიზეზი სამშენებლო მტვერი და გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვია.
როგორც ცნობილია, მერიას უკვე მზად ააქვს კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სპეციალისტების დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციები აუცილებელია და  ქალაქის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომები უფრო ადრე უნდა მიეღო.
პრობლემას აღიარებენ სამშენებლო სექტორშიც. „მენაშენეთა ასოციაციის“  ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ფიქრობს, რომ სამშენებლო სექტორს ერთდროულად ბევრი რეგულაცია არ უნდა ავკიდოთ.

როგორც უკვე ითქვა, პრობლემის ერთ – ერთ  მათავარ მიზეზად სპეციალისტები თბილისში მწვანე საფარის ნაკლებობას ასახელებენ. როგორც ირკვევა, გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.  თბილისში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4-5 კვ.მეტრი მწვანე საფარი მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მაგალითად, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ.მ-ია.

როგორც ცნობილია, ახლო მომავალში, თბილისს ორი ახალი, საკმაოდი დიდი ფართობის რეკრეაციული ზონა შეემატება. საუბარია ზღვის უბნის ტერიტორიზე, სადაც რეკრეაციული ზონა 4 ჰექტარზე მოეწყობა და დიღმის ჭალებზე, სადაც საქალაქო პარკის პროექტზე უკვე მუშაობს ერთ-ერთი კომპანია.

სპეციალისტების და ეკოლოგების მოსაზრებით, ის რომ ქალაქს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება კარგია, თუმცა იმისათვის, რომ თბილისის ჰაერი უსაფრთხო გახდეს და მავნე მინარევებისაგან გაიწმინდოს გაცილებით მეტი მწვანე საფარია საჭირო.

city.kvira.ge